მონასტერში მყოფ პირებს ტესტირება ჩაუტარდებათ - ჯანდაცვის სამინისტომ დაადგინა იმ პირთა სია, რომლებსაც აგრესიული ტესტირება შეეხებათ
მონასტერში მყოფ პირებს ტესტირება ჩაუტარდებათ - ჯანდაცვის სამინისტომ დაადგინა იმ პირთა სია, რომლებსაც აგრესიული ტესტირება შეეხებათ

A+ A-

17:03 09/04/2020

პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირებს, თავდაცვის ძალებსა და საეკლესიო პირებს, მათ შორის მონასტრებში მყოფ ადამიანებს  აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა.

დოკუმენტის თანახმად, ორგანიზებულ ჯგუფებს, ასევე თავშეყრის ადგილებში მყოფ უსიმპტომო პირებს ჩაუტარდებათ სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით, პარალელურად, შესაძლებელია, ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებაც.

„თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდება ინფექცია, ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი. ასევე უნდა აიღონ ცხვირ-ხახის ნაცხი ანტიგენის ან პჯრ კვლევისთვის; შეტყობინება ეგზავნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. გროვდება დეტალური ეპიდანამნეზი კონტაქტების მიდევნებისათვის. თუ ტესტის პასუხი უარყოფითია, სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში ტარდება განმეორებითი ტესტირება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

სწრაფი ტესტირება  ჩაუტარდება მაღალი რისკის კონტიგენტს სპეციფიური სიმპტომებით.

„ამ კატეგორიაში განიხილება შემდეგი პრიორიტეტული ჯგუფები: თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები; სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის (კარანტინი) განკუთვნილ 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ COVID-19-თვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები; სიმპტომური პაციენტები მაღალი რისკის ზონებიდან; პირები სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან (კლასტერი = 2 ან მეტი ადამიანი სპეციფიკური სიმპტომებით). უსიმპტომო პირები მაღალი რისკის ჯგუფებიდან სტრატეგიულ ობიექტებში - უსიმპტომო მედპერსონალს ადგილზე უტარდება სწრაფი ტესტი ანტისხეულებზე IgM/IgG (Ag-ზე ტესტირება, ან პჯრ არ ესაჭიროებათ).

თუ შედეგი  ანტისხეულებზე დადებითია: პირს უტარდება თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი; შეტყობინება ეგზავნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს; გროვდება დეტალური ეპიდანამნეზი კონტაქტების მიდევნებისათვის.

თუ მხოლოდ IgG არის დადებითი, შესაძლებელია მუშაობის გაგრძელება ჩვეულ რეჟიმში. ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, განმეორებით ტარდება სწრაფი ტესტირება 2 კვირაში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

რაც შეეხება ჰოსპიტალიზებულ და ამბულატორიულ პაციენტებს, დოკუმენტის თანახმად, ამ ჯგუფში ერთიანდებიან ის პირები, რომლებიც შემთხვევის განმარტების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს; პოსპიტალიზებული პაციენტები უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიის დიაგნოზით; ამბულატორიული პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები და ცხელება, დისტანციურად გადიან ოჯახის ექიმის კონსულტაციას (სატელეფონო/ან სხვა) და დანიშნულების შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის კლინიკას, სადაც ჩაუტადებათ ტესტირება.

„ამ ჯგუფში გაერთიანებულ პირებს ტესტირება უტარდებათ ე.წ. „ცხელების კლინიკებში“ შესაბამისი რესურსის არსებობის შემთხვევაში პჯრ მეთოდით, სხვა შემთხვევაში, სწრაფი მარტივი მეთოდით ერთდროულად ანტისხეულებისა და ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტებით და საჭიროების შემთხვევაში, იგზავნება რეფერენს ლაბორატორიაში პჯრ მეთოდით კვლევისათვის.

თუ შედეგი ქმედება დადებითია შეტყობინება ეგზავნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს სავარაუდო შემთხვევის შესახებ; თუ პაციენტის მართვა შესაძლებელია სახლში, მას უტარდება თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი; გროვდება დეტალური ეპიდანამნეზი კონტაქტების მიდევნებისათვის. თუ პასუხი უარყოფითია განმეორებით უტარდება ტესტირება ანტისხეულებზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.