ინფექციიური საავადმყოფოს 7 პაციენტს მძიმე პნევმონია აღენიშნება, 2 პაციენტში დაავადება პროგრესირებს - ეზუგბაია
ინფექციიური საავადმყოფოს 7 პაციენტს მძიმე პნევმონია აღენიშნება, 2 პაციენტში დაავადება პროგრესირებს - ეზუგბაია

A+ A-

11:55 09/04/2020

თბილისის ცენტრალური ინფექციიური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით,ამჟამად კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, საიდანაც 7 მათგანს მძიმე პნევმონია აღენიშნება.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმე 2 პაციენტის მდგომარეობა, რომლებთანაც მიუხედვად მკურნალობისა დაავადება პროგრესირებს.

„იცით, რომ 37 ჩვენგან განკურნებულია და ამ წუთში 33 პაციენტი გვყავს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. მინდა გითხრათ, რომ მძიმე პნევმონიით გვყავს 7 პაციენტი, მათგან 2 არის უფრო მძიმე, რომლებთანაც მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა, დაავადება პროგრესირებს, მაგრამ ძალიან აგრესიულად არა და იმედი გვაქვს, რომ მათი მდგომარეობაც დასტაბილურდება და გამოჯანმრთელდებიან. დანარჩენი 5 პაციენტი ჯერჯერობით როგორც მძიმე პნევმონია და მძიმე დაავადების ფორმა, ასე ფასდება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ ღამე და დღეს 6 ახალ პაციენტს დაუდასტურდა კოვიდინფექცია და აქედან სამი პაციენტი ქუთაისშია, სამი კი თბილისში.

„არც ერთი არ არის შიდა გავრცელება, როგორც ჩემთვის ცნობილია, არის ყველა შემოტანილი შემთხვევა. წყარო არის ცნობილი, ანუ ეს ნიშნავს, რომ ეს არ არის მეორეული, მესამეული ან მეოთხეული გადაცემა.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უცვლელია. ჯერჯერობით გრძელდება მონიტორინგი პაციენტებთან მიმართებით.

დღეს განმეორებითი ტესტი, დაახლოებით, 10 პაციენტზე ტარდება. 6 ახალი პაციენტია, რომლებსაც ტესტი პირველად ჩაუტარდებათ, ისეთი ისტორიები აქვთ დადასტურებას თითქოს არ ველით, მაგრამ შესაძლებელია, რომ მაინც დადასტურდეს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.