მადლობა თავისუფლებისთვის!!! - წერილი მომავლიდან 9 აპრილის გმირებს
მადლობა თავისუფლებისთვის!!! - წერილი მომავლიდან 9 აპრილის გმირებს

A+ A-

10:50 09/04/2020

31 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. 1989 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე, საბჭოთა კავშირის ჯარმა მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. 

მადლობა თავისუფლებისთვის-ს ფოტო.

საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაარბევას 21 ადამიანი შეეწირა. აქედან - 16 ადამიანი, ძირითადად ქალები, ადგილზე დაიღუპა, 4 მათგანი კი მოგვიანებით - საავადმყოფოში.  

ეს ადამიანები გმირები არიან. მათი სახელები საქართველოს ისტორიაში ოქრის ასოებით ჩაიწერა. 9 აპრილის გმირები არიან: ადამია აზა, 22 წლის; ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის; ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის; გიორგაძე ნატო, 23 წლის; დოლიძე თამუნა, 28 წლის; ენუქიძე თინა, 70 წლის; თოიძე ნინო, 25 წლის; კიკვიძე ზაირა, 61 წლის; ლოლაძე მანანა, 33 წლის; მამულიშვილი თამარი, 50 წლის; მეტრეველი ვენერა; ნოზაძე მამუკა, 22 წლის; სამარგულიანი ნანა, 41 წლის; ქვასროლიაშვილი შალვა; ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის; ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის; ჭოველიძე თამარი, 16 წლის; ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის; ჯინჭარაძე მზია, 43 წლის; მელქაძე მანანა 23 წლის; ქარსელაძე გია, 25 წლის;

ახალქალაქში 9 აპრილის მემორიალის ...

ეს უკანასკნელი, გია ქარსელაძე თბილისში კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, კაპიტანმა ლოხინმა მოკლა.

გარდა ამისა, ასობით ადამიანი დაიჭრა, ათასობით კი მოიწამლა დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით.

როგორც 9 აპრილის თვითმხილველები იხსენებენ, რუსი ჯარისკაცები ქალებსა და ბავშვებს გამეტებით ურტყამდნენ ნიჩბებს თავში. შესაბამისად, 9 აპრილის მსხვერპლთა შორის 16 სწორედ ქალია.

მიუხედავად მისა, რომ 1989 წლის 9 აპრილის დილას საქართველო დახოცილი შვილებით, დარბეული რუსთაველით და უზარმაზარი ტკივილით შეხვდა, დარბეული მანიფესტაცია არა მხოლოდ იმპერიული სისასტიკის სიმბოლოდ, არამედ თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის ლეგიტიმურობის უპირველეს წყაროდ იქცა. 1989 წლის 9 აპრილს საბოლოდ მოეღო ბოლო მითს რუსეთთან თანაცხოვრების უპირატესობის შესახებ. 

კვირის მიმოხილვა: 9 აპრილი - მხსნელი ...

სწორედ 9 აპრილის შედეგია  ქვეყანაში შექმნილი ახალი პოლიტიკური მოცემულობა, რომელმაც შესაძლებელი გახადა სუვერენიტეტის აღდგენის პროცესის იურიდიულ სიბრტყეში გადაყვანა.

დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ ეროვნული კონსენსუსი მიღწეული ჩანდა. საჭირო იყო ამ ისტორიული პროცესის ლეგიტიმიზაცია. ასეთად კი უდავოდ უნდა განვიხილოთ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, დამოუკიდებლობის აღდგენამ შეუქცევადი პროცესის სახე მიიღო.

1991 წლის 9 აპრილს, 2 წლის შემდეგ, რუსეთის არმიის მიერ მოკლულთა პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

პარლამენტის პლენარულ სხდომათა ...

რატომ მოხდა 1989 წლის 9 აპრილი?

9 აპრილის ტრაგედიამდე 3 კვირით ადრე აფხაზეთში ე.წ. ლიხნის ასამბლეა ჩატარდა, რომელზეც საქართველოს აფხაზი მოსახლეობის ნაწილმა საქართველოსგან გამოყოფა და რესპუბლიკის სტატუსი მოითხოვა.

ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო დოკუმენტებში, რომლებიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოითხოვა, წერია, რომ 1989 წლის 15 მარტს აფხაზეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარემ ბორის ადლეიბამ ხელი მოაწერა პეტიციას საბჭოთა კავშირისა და საქართველოს უმაღლესი საბჭოს სახელზე, რომელიც აფხაზეთისთვის საკავშირო რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებას, ან მოსკოვის პირდაპირ დაქვემდებარებაში გადასვლას მოითხოვდა.

აფხაზეთში სეპარატისტული განწყობების გაძლიერების პარალელურად, სეპარატიზმისა და მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციები დაიწყო. 4 აპრილს, მთავრობის სახლის წინ ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, მათ დაიწყეს შიმშილობა. მეორე დღეს მათი რაოდენობა უფრო გაიზარდა.

5 აპრილს თბილისი პარალიზებული იყო. გაიფიცნენ მუშები, დაიხურა სასწავლო დაწესებულებები. ქართულ მედიას იმ დღეს მიმდინარე აქციები არ გაუშუქებია. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა.

მადლობა თავისუფლებისთვის-ს ფოტო.

6 აპრილს საოლქო კომიტეტმა თანამდებობიდან გადააყენა აფხაზეთის პირველი მდივანი ადლეიბა, აფხაზეთისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების მოთხოვნის გამო, რასაც 7 აპრილს აფხაზეთში მისი მხარდამჭერი აქცია მოჰყვა.

7 აპრილს საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა მოსკოვში, საბჭოთა ხელმძღვანელობას წესრიგის აღსადგენად დამხმარე ძალების გამოგზავნა სთხოვა. იმავე დღეს პერმიდან და ვორონეჟიდან თბილისში შემოვიდნენ საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები.

8 აპრილს, აშშ-ს საიდუმლო სამსახურების სახელზე გაგზავნილ დაშიფრულ ცნობაში წერია, რომ საქართველოში არსებობს ეთნიკური კონფლიქტის საფრთხე. დოკუმენტში პარალელია გავლებული მთიანი ყარაბაღის გარშემო დაწყებულ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან.

9 აპრილს, 11 საათზე, თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ ცნობა მოსახლეობამ 22 საათსა და 15 წუთზე მიიღო. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა საბჭოთა არმიის გენერალი იგორ როდიონოვი. სწორედ ის იყო 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელი.

რა მოხდა შემდეგ ?

ეჭვგარეშეა, რომ თბილისის 9 აპრილის მოვლენებმა, ბაქოს „შავ იანვართან" (1990 წლის 20 იანვრის ღამე) და ვილნიუსის „ტელეანძის შტურმის" მოვლენებთან (1991 წლის 11-13 იანვარი) ერთად, დასაბამი დაუდეს საბჭოთა ხელისუფლების მორალურ, იდეურ და პოლიტიკურ დისკრედიტაციას. ამ ქალაქებში მოსკოვის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა ცხადყვეს, რომ რაგინდ ლიბერალის მანტიით ყოფილიყო შემოსილი კრემლის ბინადარი, რეპრესიები და თავისუფლებისკენ ლტოლვის სასტიკი ჩახშობა საბჭოთა მმართველთა ბუნებრივი ხელწერა გახლდათ. ამ ყოველივემ, დიდი ალბათობით, დააჩქარა კიდეც საბჭოთა კავშირის აღსასრული.

ბოროტების იმპერია: საბჭოთა კავშირის ...

და, რაც ყველაზე მთავარია, 9 აპრილის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში მყარად დაისადგურა სახელმწიფოებრივმა აზროვნებამ.

იქნებოდა თუ არა სხვაგვარად, რომ არა 9 აპრილის ტრაგედია - განსჯა ძნელია. თუმცა ცხადია, რომ 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა.

1989 წლის 9 აპრილის მთავარი მოქმედი პირებიდან უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარ არის. ტრაგედიიდან ექვს თვეში ავტოკატასროფაში დაიღუპა აპრილის აქციების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა, მასთან ერთად მძიმედ დაშავებული ზურაბ ჭავჭავაძე მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ზვიად გამსახურდია 1990 წლის ოქტომბერში უზენაესი საბჭოს თავჯდომარე გახდა, შემდეგ პრეზიდენტი. 1991 წლის 9 აპრილს სწორედ მისი ხელმძღვანელობით, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. აქედან 10 თვეში, წითელი პუტჩის შედეგად, გამსახურდია ქვეყნიდან გააძევეს, კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მიზნით უკან დაბრუნებულმა გამსახურდიამ 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ძველ ხიბულაში თავი მოიკლა.

1994 წლის 3 დეკემბერს თბილისში, საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს გიორგი ჭანტურია, რომელიც 9 აპრილის ტრადეგიის შემდეგ, მცირე ხნით პატიმრობაში იყო.

საქართველო კომპარტიის მაშინდელმა პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი დღემდე აკისრებს პასუხისმგებლობას 9 აპრილს დაღვრილი სისხლის გამო, 1995 და 2000 წლებში ორჯერ სცადა საქართველოს პრეზიდენტად გახდომა, თუმცა ორჯერვე დამარცხდა ედუარდ შევარდნაძესთან, რომელსაც ტრაგედიის დროს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეჭირა.

საბჭოთა საქართველოს ესტრადის ვარსკვლავების მიერ შესრულებული სიმღერა სახელწოდებით ”ტიტები” ქართველების ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. 1989 წლის 9 პრილის ტრაგედიიდან საქართველო ერთ მუშტად ისე შეიკრა, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე რომ სულ რაღაც ორიოდ წელში რუსთაველის პროსპეტზე ქართველების სისხლი ქართველებისვე ხელით დაიღვრებოდა.

ქვეყნის სიძლიერე მამაკაცია ...

და ბოლოს,  წერილი მომავლიდან მათ, ვინც ჩვენი თავისუფლებისთვის თავი შესწირა რუს ჯალათებს - მადლობა დამოუკიდებლობისთვის, მადლობა იმ 21 ადამიანს და მადლობა თქვენ, ვინც იქ, ჩვენთვის იდექით, რომლებმაც საკუთარი თავი გასწირეთ და თქვენი სიცოცხლის ფასად  გადაიტანეთ  საშინელი სისასტიკე და იმპერიის ალესილი ნიჩბებით აჩეხვა.

თქვენ რომ არა, ჩვენ ეს სანუკვარი ოცნება არ აგვიხდებოდა. მადლობა, დიდი მადლობა ამ თავისუფლებისათვის!!!

ნეტგაზეთი | 9 აპრილი თბილისში დღეს და ...