გემუდარებით, არ დამალოთ თუ ავად ხართ, მერე შეიძლება გვიან იყოს - ინა ასანიძე ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს მიმართავს
გემუდარებით, არ დამალოთ თუ ავად ხართ, მერე შეიძლება გვიან იყოს - ინა ასანიძე ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს მიმართავს

A+ A-

15:30 06/04/2020

დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი ეპიცენტრია, სადაც კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს. დაუზუსტებელი, მაგრამ საკმაოდ რეალური მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 300 ათასამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. მათ, როგორც არასდროს, ახლა ისე სჭირდებათ დახმარება და გვერდით დგომა, რადგან ვერაგი და მკვლელი ვირუსი მსოფლიოს დიდი მსხვერპლით ემუქრება.

ამერიკის შეერთებული შტატებიდან საკმაოდ შემაშფოთებელი სიგნალები მოდის ჩვენი მოქალაქეების დაინფიცირების შესახებ. ისინი ხშირ შემთხვევაში, დამოუკიდებლად, სახლის პირობებში ებრძვიან დაავადებას და ასევე ხშირ შემთხვევაში - უშედეგოდ.

სწორედ ამიტომ და სწორედ მათთვის, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ქართული დიასპორის მიერ შექმნილია კრიზის ცენტრი, რომელიც სრული დატვირთვის მუშაობს. 24 საათის განმავლობაში მუშაობს ცხელი ხაზი: 8882328855 და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი დახმარებისთვის შექმნილი მობილური ჯგუფები, რომელშიც შედიან ვალანტიორები, მედიკოსები და მოხაალისეები.

“2020NEWS”-ს კრიზის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ამერიკაში მცხოვრები  ქართველი ემიგრანტი, ინა ასანიძე დაუკავშირდა:

ეს საშინელი ვირუსი რომ მოედო მთელ მსოფლიოს და გავიაზრეთ, რომ ამ მძიმე ვითარებაში სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ჩვენს მრავალ თანამოქალაქეს დახმარება და გვერდით დგომა დასჭირდებოდა, ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციამ, რომლის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეიძეა და რომელსაც რამდენიმე დამფუძნებელი ჰყავს, მათ შორის მეც, შევქმენით კრიზის ცენტრი, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დავხმარებოდით ჩვენს თანამოქალაქეებს. საწყის ეტაპზე ყველაზე მეტი დახმარება სჭირდებოდათ იტალიაში მყოფ ქართველებს და მთელი რესურსის მობილიზება იტალიისთვის მოხდა. ახლა განსაკუთრებულად რთული ვითარებაა ამერიკაში, სადაც მე ვიმყოფები ამჟამად და ბუნებრივია, ახლა მთელი ძალისხმევა მომართულია ამერიკაში მცხოვრები ქართველებისაკენ, რომ მათი დროული დახმარება შევძლოთ და არ დავაგვიანოთ.

ვიდრე კრიზის ცენტრის საქმიანობის შესახებ დეტალურად ვისაუბრებდეთ, ყველა ემიგრანტს მინდა ვთხოვო:  - გემუდარებით, არ დამალოთ რომ ინფიცირებულები ხართ, ავადმყოფობა არ არის დანაშაული. ძალიან ბევრმა დამალა და ახლა მდგომარეობა გართულდა. ზარებს ვეღარ ავუდივართ, გვირეკავენ და სასწრაფო დახმარებას ითხოვენ - ვიღრჩობით, ვეღარ ვსუნთქავთ დაგვეხმარეთო. არ მეგონა ამდენი ქართველი თუ ცხოვრობდა ამერიკაში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ბევრნი ვყოფილვართ.

კრიზის ცენტრი რა დატვირთვით მუშაობს?

კიდევ კარგი, რომ ეს ცენტრი შევქმენით. ახლა სრულიად გამართულად ვმუშაობთ, სისტემურად. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ გვაქვს ცხელი ხაზი, სადაც ყველას შეუძლია დარეკვა და ჩვენ მზად ვართ, მათ დახმარება აღმოვუჩინოთ. კრიზის ცენტრი 4 ჯგუფად არის დაყოფილი. პირველი ჯგუფი არის ნავიგატორების. 3 ნავიგატორი გვყავდა და ახლა 5 გვყავს,  რადგან ზარებს ვეღარ ავუდივართ. ისინი პასუხობენ ზარებს და ახარისხებენ ინფორმაციას, ვის რა სჭირდება. მეორე ჯგუფი არის ექიმების ჯგუფი. 4 ექიმი გვყავდა და ახლა 10 გვყავს, რომლებიც შესაბამის კონსულტაციებს უწევენ მოქალაქეებს და იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ უნდა მოხდეს მათი მკურნალობა დაავადებული ადამიანების სიმძიმიდან გამომდინარე. მესამე ჯგუფი არის მობილური ჯგუფები, რომელსაც გოგა მამფორია ხელმძღვანელობს. თითოეულ ჯგუფში 3 წევრია. ასეთი 3 ჯგუფი ოპერირებს ნიუ იორკის შტატში, 3 ნიუ ჯერსის შტატში და 2 კონექტიკუტის შტატში. მათ ფუნქციებში შედის მოქალაქეების მომარაგება მედიკამენტებით, საკვებით, საჭირო ნივთებით. ვანაწილებთ და ვიწერთ, ვის რა სჭირდება და მიგვაქვს მათთან სახლში. მეოთხე ჯგუფია საინფორმაციო ჯგუფი, სადაც თავს იყრის ყველანაირი ინფორმაცია - რა გაკეთდა, რა დარჩა გასაკეთებელი და სად, რა, როგორ უნდა გაკეთდეს ოპერატიულად, რომ არ დავაგვიანოთ.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ოპერატიულად ვიმოქმედოთ. ძალიან ოპერატიულად მივიღოთ ინფორმაცია. აქ არიან 70 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქეები, 80 წლის ქალბატონმა დარეკა გუშინ,  მოხუცს უვლის და დახმარება ითხოვა. ეს ადამიანები ამ დრომდე მალავდნენ, რომ ვირუსი ჰქონდათ. როგორ შეიძლება ამის დამალვა. ყოველ წუთში მძიმდება ვითარება. ერთ საათში როგორი მონაცემები გვექნება არ ვიცი, ისე სწრაფად იცვლება ყველაფერი. 25 მძიმე პაციენტი გვყავს, მათგან 7-ის გადაყვანა მოვახერხეთ სტაციონარში, დანარჩენებისთვის ამ წუთებშიც ვეძებთ ადგილებს. აღარ არის ჰოსპიტლებში ადგილები, იმდენი დაავადებულია. არ ვიცი რა ვქნათ, ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია.

ექიმები მუშაობენ თავდაუზოგავად, თავგანწირვით. არც მინახავს ასეთი თავგანწირვა, მართლა ისე გადადეს ყველაფერი და ეხმარებიან ამ ადამიანებს. ახლა აღჭურვილობა მაინც გვაქვს, რამდენიმე დღის წინ სასწრაფოდ იყო წასასვლელი ექიმი ერთ-ერთ პაციენტთან, მძიმე მდგომარეობაში იყო, კიდევ კარგი რომ ჰოსპიტალში გადაყვანა მოვახერხეთ და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკვაყოფილებელია. აღჭურვილობა რომ არ გვქონდა ნათია ფოფხაძე  ნაგვის დიდი პარკებით შევფუთეთ და ისე გავუშვით პაციენტთან. აბა რა უნდა გვექნა, სხვა გზა არ იყო. ახლა ყველაფერი გვაქვს. კობა ბოგდანოვია აქ, წლებია ცხოვრობს, ბიზნესი აქვს. მან გადმოგვირიცხა თანხა და ყველაფერი შევიძინეთ - წნევის აპარატები, ჟანგბადის საზომი, საჭირო ანტიბიოტიკიები, მოკლედ ყველაფერი. შემოწირულობები შემოდის, ფულს გვირიცხავენ ჩვენი ემიგრაციის წარმომადგენლები და ვისაც რა სჭირდება - ვაწვდით. 2 დღის წინ 7-სულიან ოჯახში ვიყავით, ყველას ვირუსი აქვს, მაღალი სიცხეებით. ჯერჯერობით სახლის პირობებში აგრძელებენ მკურნალობას.

მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორია?

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ფსიქოლოგების მუშაობის შესახებ. ისინი რომ არ გვყავდნენ, არც ვიცი რა გვეშველებოდა. ისინი უსმენენ დაავადებულებს, რა სიმპტომატიკა და მდგომარებაც აქვთ, ანუ რამდენად მძიმეა პაციენტი ისინი ადგენენ და ასე ხდება დახარისხება, ვის რა სჭირდება. ახლა 25 უმძიმესი პაციენტი გვყავს და ამ წუთებში, როდესაც მე თქვენ გესაუბრებით, ექიმები ჰოსპიტლებში ადგილებს ეძებენ, რომ დაავადებულები გადავიყვანოთ. მათი გადარჩენის შანსების შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. აი ახლა, ერთ-ერთ ჰოსპიტალში წევს ნუგზარ კაჭახიძე, რომელიც რომ გადარჩა, ქართველი ექიმების დამსახურებაა.

იგი ქეთი შავლიაშვილის და ნინო ჩეხოშვილის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა რომ დამძიმდა,  ჯგუფის ხემძღვანელმა ნიკა ჩხეიძემ, ნინო ქავთარაძის დახმარებით მოიძია ადგილი პენსილვანიის შტატის ერთ-ერთ ჰოსპიტალში, სადაც შუაღამისას გადავიყვანეთ. არც დაფიქრებულა ეკა იაშვილი - კრიზის ცენტრის ერთ-ერთი ექიმი, ისე აიღო თავის თავზე მისი გადაყვანა და შუაღამისას, 3 საათის გზის სავალზე გადაიყვანა ბატონი ნუგზარი ჰოსპიტალში, ახლა ნუგზარ კაჭახიძის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორ აკონტროლებთ დაავადებულების მდგომარეობას?

საათში ერთხელ ვრეკავთ და ვამოწმებთ მათ მდგომარეობას, ყოველ დილით გვაქვს თავმოყრილი, განახლებული მონაცემები. მე ვამაყობ, რომ ვარ კრიზის ცენტრის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი ნიკოლოზ ჩხეიძესთან, ელიზა აბელაშვილთან და თეა კანდელაკთან ერთად. ვამაყობ, რომ შევქმენით უძლიერესი მედიკთა ჯგუფი, რომლებიც 24 საათის განმამავლობაში უწევენ სამედიცინო დახმარებას ჩვენს თანამემამულეებს. ვამაყობ, რომ ვარ ქართველი. ასეთი გაერთიანებული ქართული ემიგრაცია ჯერ არ მახსოვს. სადაც არავინ ახსენებს პოზიცია-ოპოზიციას. აქ ახლა მიდის ბრძოლა ერთმანეთის გადარჩენისთვის. ახლა ეს არის ყველაზე მთავარი. იმედი მაქვს, რომ გადავლახავთ ამ განსაცდელს.