რა შესთავაზა ვანო მერაბიშვილმა ეროსი კიწმარიშვილს და რატომ ერჩოდა გიგა ბოკერია "ვარდების რევოლუციის" თანაავტორს?!
რა შესთავაზა ვანო მერაბიშვილმა ეროსი კიწმარიშვილს და რატომ ერჩოდა გიგა ბოკერია "ვარდების რევოლუციის" თანაავტორს?!

A+ A-

12:32 06/04/2020

“2020NEWS” „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის და ყოფილი გენერალური დირექტორის, ბურუსით მოცული გარდაცვალებით გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას განაგრძობს: 

„რამდენიმე ხანში საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, თამარ კინწურაშვილის მრჩევლად დამნიშნეს. პირველად ტელევიზიაში რომ მივედი, რეინკარნირებული ბუდასავით მიყურებდნენ. ყველა ინტერვიუს მთხოვდა და კამერებით კუდში დამსდევდნენ. ერთ-ერთი ვრცელი ინტერვიუ ჟურნალ “ცხელ შოკოლადს” მივეცი. 4-5 საათი ყველაფერზე გულწრფელად ვისაუბრე. ეს ჟურნალი თვეში ერთხელ გამოდის და სანამ ინტერვიუ დაიბეჭდებოდა, ტელევიზიის პროგრამების რედაქტორი კანში სატელევიზიო გადაცემების გამოფენაზე წავიყვანე. ამის შემდეგ, თავად კინწურაშვილი ამერიკაში ტელე-პარატურის შესარჩევად და საყიდლად ჩავიყვანე.

ვცდილობდი სწრაფად გადამეცა მისთვის ჩემი ცოდნა, ვინაიდან ამ ტელევიზიაში დიდხანს დარჩენას არ ვაპირებდი. კინწურაშვილი დღისით საქმეზე დამყავდა, საღამოს რესტორანში. თუმცა, ერთი ორჯერ მაწყენინა: მას ძალიან სურდა “რუსთავი2”-დან ოპერატორ თემურ გოგოლაძის საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაყვანა და ამერიკაში მას ჩემს თვალწინ იბირებდა. მან სუბორდინაცია დაარღვია, ჩემს კომპეტენციაში ისე შემოიჭრა, სულ არ უგრძვნია უხერხულობა. ჩავთვალე, რომ გამოუცდელი მენეჯერია და წყენა არც შემიმჩნევია.

მე ნათქვამი მქონდა, რომ “რუსთავი 2”-დან კადრებს არ წამოვიყვანდი, ვინაიდან ამაზე სააკაშვილი განაწყენდებოდა დ იმ კოლექტივსაც ნდობას ვუცხადებდი, რომელიც ყოფილ “1 არხზე” დამხვდა. თუმცა ასეთი დათრგუნული კოლექტივი მანამადე არსად მენახა. ერთ ჯგუფს საერთოდ არაფრის კეთება უნდოდა, მეორე ჯგუფს იმის საშუალებას არ აძლევდნენ, ის გაეკეთებინათ, რაც უნდოდათ, მესამე კარიერისტების ჯგუფი სულ კინწურაშვილს დაყვებოდა. საინფორმაციო პოლიტიკას კი ბოკერია და რამიშვილი გეგმავდნენ და საინფორმაციო გადაცემის უფროსი მას უბრალოდ ახორციელებდა. ფრანგი კონსულტანტი ოლივიე მიშელი გაგიჟებული ჰყავდათ. კაცი საფრანგეთიდან მოიწვიეს და თავისუფალი ტელევიზიის ნაცვლად, ჰუსეინის თუ ფიდელ კასტროს ტელევიზიის გაკეთებას აიძულებდნენ.

კინწურაშვილს ტელევიზიის საერთოდ არაფერი გაეგებოდა. ჟურნალისტები ანეგდოტად მიყვებოდნენ, რომ მან ერთხელ ოპერატორს ღამით ქუჩის გადაღება დაავალა. ოპერატორმა ღამის განათება მოსთხოვა, რაც ფარანივით ანათებს და ვიდეო კამერას ზემოდან ამაგრებენ. ამან კიდევ ღამის განათება რომ გაიგონა, პრობლემას მარტივად, ერთი სატელეფონო ზარით წყვეტდა, ქალაქის მერს უგულავას ურეკავდა და თხოვდა ღამით ქუჩას ვიღებთ და დამატებით ლამპიონი ჩამოგვიკიდეო.

სასაცილო იქნებოდა, რომ არა ის უზარმაზარი დაფინანსება, რომელსაც ეს ტელევიზია იღებს და ეს ფული რას ხმარდება, ძნელი მისახვედრი სულაც არ არის.

ამერიკაში დედაჩემს ოპერაცია გავუკეთე და ამის გამო თბილისში კინწურაშვილზე ორი კვირით გვიან დავბრუნდი. ჩამოვედი და შეცვლილი დამხვდა. მას “ცხელ შოკოლადში” ჩემი ინტერვიუ წაუკითხავს. ყდაზე ჩემი სურათი და დიდი სათაური -“ის დაბრუნდა” დაუბეჭდავთ. რა ჩემი ბრალი იყო თუ ეს ჩემს ზედმეტ ამბიციად ჩათვალეს? ეს ჩემგან არ მომდინარეობდა, ჟურნალის პოზიცია გახლდათ.

ინტერვიუში ვამბობდი, რომ გოგი გვახარიას სიამოვნებით მივიღებდი სამსახურში. კინწურაშვილმა თავის კაბინეტში პრეტენზიულად მითხრა, რომ გვახარიას მე კი არა, თავად მოიყვანდა და მე არავინ არაფერს მეკითხებოდა. მერე შენიშვნა მომცა, ინტერვიუს დროს სახელმწიფოს მაღალჩინოსნებზე ფამილარულად არ უნდა ისაუბრო. უბრალოდ ბოკერია კი არა, არამედ - პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი გიგა ბოკერია, - ასე უნდა მომეხსენიებინა.

ამან ისე იმოქმედა, ხარს წითელ ნაჭერს რომ აუფრიალებენ და ძალიან გახელდება. ასეთ შენიშნვას მაძლევდა თამარ კინწურაშვილი, რომელიც როცა “თავისუფლების ინსტიტუტში” მივდიოდი, შეშინებული თვალებით შემომცქეროდა ხოლმე. ძალიან გავბრაზდი და ვუთხარი შენს ადგილზე ახლა კარგი იქნებოდა შენი ქმარი ყოფილიყო, თავ-პირს დავალეწავდი-მეთქი. შეშინებული სადღაც გაიქცა და დაიმალა.

ამ ინციდენტის შემდეგ, მე ბოკერიას და ლევან რამიშვილს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მე გავაკეთებდი მხოლოდ დილის გადაცემას, რის დასაფინასებლადაც კინწურაშვილს მინიმალურ ბიუჯეტს წარვუდგენდი. დამთანხმდნენ.

სანამ კინწურაშვილი თანხას გამოყოფდა, ჩემი ფულით გავარემონტე დილის გადაცემის ძველი სტუდია. თუმცა მერე სხვა ვითომდა პრობლემის მომიზეზებით, დროს მიწელავდნენ და გადაცემის მომზადებას აჯანჯლებდნენ.
ამასობაში ირაკლი ოქრუაშვილმა თავისი ცნობილი და სკანდალური ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია “იმედს”. ამ მომენტშიც დავურეკე ბოკერიას და ვუთხარი, “იმედის” საპირწონედ საზოგადოებრივი არხიც უნდა გაეძლიერებინათ და მე ჩემს დილის გადაცემას დავიწყებ-მეთქი. მან ეს თხოვნაც უპასუხოდ დატოვა.

ჩემი აზრით, ის გუნდი, რომელიც ღამ-ღამობით სააკაშვილთან შავნაბადაზე იკრიბებოდა, ჩემს ნებისყოფას ცდიდა და მაიძულებდნენ, რომ ოქრუაშვილის მსგავსად, სკანდალური ინტერვიუ მიმეცა და ხელისუფლებას დავპირისპირებოდი. მერე მეც ციხეში ჩამსვამდნენ. მათ არ მოსწონდათ, რომ მე მათსავით მლიქვნელურად არ ვესაუბრებოდი სააკაშვილს და ეჭვიც გაუჩნდათ, რომ მოკლე ხანში შესაძლოა, ისევ გავმხდარიყავი სერიოზული გადაწყვეტილებების ერთ-ერთი მონაწილე, რაზეც ეს ბოკერია ნიუ იორკში შფოთავდა.

თავიდანვე ვთქვი, რომ ჩემი დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ბადრი პატარკაციშვილის რევანშისტული მოძრაობის გამარჯვების შიში იყო. ბუნებრივია, ამის გამო, იმ მოვლენებს, რომელიც ნოემბერში ოქრუაშვილის გამოსვლას მოჰყვა, თვალს შორიდან ვადევნებდი.

2 ნოემბერს, დილით ვანო მერაბიშვილმა დამირეკა და მთხოვა შევხვედროდი. მან რუსეთში ელჩად წასვლა შემომთავაზა. მე გამიკვირდა - ძლივს საქართველოში დავბრუნდი და სად უნდა წავიდე, რისთვის მიშვებთ იქ? - “კაი, კაი, ეს ამბები რომ ჩაივლის, მერე ვილაპარაკოთ ამაზეო”.

სახლში რომ დავბრუნდი, დავფიქრდი და ეს წინადადება ჭკუაში დამიჯდა. სააკაშვილისგან განსხვავებით, მერაბიშვილი ომის მოწინააღმდეგე გახლდათ და ვიფიქრე, ჩემი რუსეთში გამწესებით შესაძლოა ამ ქვეყანასთან ახალი, ნორმალური ურთიერთობის დაწყებას აპირებენ-მეთქი. მე ამ მიზნისთვის მზად ვიყავი კვლავ გავცლოდი აქაურობას. მაღელვებდა ყოფილი ელჩი ირაკლი ჩუბინიშვილი, მერე რომ არ დაეწყო საუბარი, ეროსიმ ჩემი ადგილი დაიკავაო. ამაზე მიპასუხეს, არ იდარდო, ჩუბინიშვილი ფორმალურად არის ელჩი, რეალურად კი მოსკოვში თავისი ბიზნესით არის დაკავებულიო“, - წერს ეროსი კიწმარიშვილი.

გაგრძელება იქნება.

1. ჟვანიამ და სააკაშვილმა პატარკაციშვილთან “ქაჯეთის ციხეში“ ძალით წამათრიეს, მე მათთვის ძალიან საშიში ვიყავი - ეროსი კიწმარიშვილი

2. "ჩვენ თანახმა ვართ, 5 მილიონი ახლავე გადაგიხადოთ, თუ მიტინგებს აღარ გააშუქებთ...

3. "არჩევნების შედეგები იცი? - მგონი ვმარცხდებით"

4. ასე დაიწყო ვარდების რევოლუცია, იქ იყო ბიძინა ივანიშვილიც - რა წერია ეროსი კიწმარიშვილის მოგონებებში?

5.  რა მოხდა 2003 წლის 24 ოქტომბერს, "ვარდების რევოლუციამდე" ერთი თვით ადრე და რა ულტიმატუმი მოქმედებდა 2 ნოემბრამდე?

6. იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა...

7. იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა...

8. რატომ მიდიოდა ზურაბ ჟვანია ემიგრაციაში და რა აკავშირებდათ ერთმანეთთან ასლან აბაშიძეს, მიხეილ სააკაშვილს და შალვა ნათელაშვილს?

9. როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს ბადრი პატარკაციშვილი, ნუგზარ საჯაია და ზურაბ ჟვანია და სად იყო "რკინის კაცი" კახა თარგამაძე?

10. "შევიკრიბეთ მამუკა ხაზარაძესთან მე, დათო გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე, მამუკამ თქვა - დროა, მოვიპოვოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი პოლიტიკაში“

11.  ბერეზოვსკი, პატარკაციშვილი, პომპადური, "ტიტანიკი" და "რუსთავი 2" - რას ნანობდა რუპერტ მერდოკი?

12. როგორ და რატომ მიიყვანა ეროსი კიწმარიშვილი ედუარდ შევარდნაძემ ბადრი პატარკაციშვილამდე?

13.  რა ურჩია ასლან აბაშიძემ ეროსი კიწმარიშვილს?

14.  რატომ უგზავნიდა გია დვალი "რუსთავი 2“-ს ამერიკიდან ყოველთვიურად ასეულობით დოლარს?

15. ვინ არის "კურიერის" ნათლია და რატომ ქვია ყველაზე პოპულარულ არხს "რუსთავი 2" ?

16. "ჩაბნელებულ ტრასაზე წინ მოიწევდა სინათლის გველეშაპი... ასე მოდიოდა "ვარდების რევოლუცია"

17. "რუსთავი 2"-ის შენობას ე.წ "მუხა" ესროლე, მსხვერპლს სასწაულებრივად გადავურჩით..."- ეროსი კიწმარიშვილი

18. რატომ მიატოვა გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ ნიკა ტაბატაძემ "რუსთავი 2" და ვის მიყიდა არხის წილი?

19. როგორ გეგმავდა ბადრი პატარკაციშვილი ზურაბ ჟვანიას პრემიერობიდან გადაყენებას და რაში იხდიდა 220 მილიონ დოლარს?

20. ასე იწყებოდა "ვარდების რევოლუცია" აჭარაში - რაზე თქვა უარი ასლან აბაშიძემ?

21."ჩემს წინააღმდეგ ზურაბ ჟვანის თანაშემწეს რედაქციებში ცილისმწამებლური წერილები და 500 დოლარი ერთად დაჰქონდა"