იტალიის პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის წევრი COVID-19-ით გარდაიცვალა
იტალიის პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის წევრი COVID-19-ით გარდაიცვალა

A+ A-

23:02 04/04/2020

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს პირადი დაცვის სამსახურის კომისრის მოადგილე რომში კორონავირუსისგან გარდაიცვალა. იგი 51 წლის იყო. ჯორჯო გუასტამაკია (Giorgio Guastamacchia) რომში რამდენიმე დღის წინ მოთავსეს საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი თავის ფეისბუქის გვერდზე წერს და დიდ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო.

 

გასულ 24 საათში იტალიაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 681 ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში მსხვერპლთა რიცხვმა 15 ათასს გადააჭარბა (15 362); ახალი ინფიცირებულების რიცხვი ბოლო დღეების მაჩვენებლების ფარგლებშია – 2886. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კი იტალიაში 124 632 ადამიანი დაინფიცირდა (გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით).

მიღებული ზომების შედეგად ინფიცირების ინდექსმა კლება დაიწყო, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. „R ინდექსი ნულოვანია – განმარტა რობერტო სპერანცამ, – თებერვალში და მარტის დასაწყისში  ამ ინდექსმა 3-ს მიაღწია, ყოველმა ინფიცირებულმა ადამიანმა 3 სხვა დააინფიცირა [საშუალოდ], რამაც [ინფიცირებულთა] ძალიან მნიშვნელოვანი გამრავლება გამოიწვია. მკაცრი ზომების შედეგად, რომლებიც 10 მარტიდან მივიღეთ, კლება დაიწყო. მაგრამ ბრძოლა ისევ სრული მასშტაბით გრძელდება“.

„დღეს ჩვენ გაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი: რეანიმაციაში მოთავსებულ პაციენტთა რაოდენობა 74-ით შემცირდა, რაც ჩვენს საავადმყოფოებს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს“, – განაცხადა დღეს ტრადიციულ პრესკონფერენციაზე სამოქალაქო დაცვის სამსახურის უფროსმა ანჯელო ბორელიმ. ამის შესახებ „ანსა“ წერს.

მთლიანობაში ამ დროისთვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 3 994 პაციენტია მოთავსებული, 74-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ, აქედან 1326 – ლომბარდიაში.

„თუ შევხედავთ ციფრებს 27 მარტიდან დღემდე, 9 დღეში 120 პაციენტი მოათავსეს ინტენსიური თერაპიის  განყოფილებებში, მაგრამ დღეს გვაქვს უარყოფითი ბალანსი – რეანიმაციაში 74 პაციენტით ნაკლებია. გარდაცვლილთა რაოდენობა 970-იდან 680-მდე შემცირდა… მაგრამ ჩვენ არ გაგვივლია კრიტიკული ფაზა. საფრთხე ჯერ არ აგვიცილებია თავიდან და, საერთოდ, ჯერ არაფერი აგვიცილებია თავიდან“, – განაცხადა ჯანდაცვის უმაღლესი საბჭოს (Css) პრეზიდენტმა ფრანკო ლოკატელიმ პრესკონფერენციაზე.