გამოვდივართ ინიციატივით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის შეიქმნას სოფლის მეურნეობის ვაუჩერი - გიორგი ბოტკოველი
გამოვდივართ ინიციატივით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის შეიქმნას სოფლის მეურნეობის ვაუჩერი - გიორგი ბოტკოველი

A+ A-

15:11 04/04/2020
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის სოფლის მეურნეობის ვაუჩერის შექმნის ინიციატივით გამოდის, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბოტკოველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
მისივე თქმით, ეს ეხება 2 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მფლობელ მოსახლეობას და ასეთი დღეს საქართველოში 440 ათასი ოჯახია.
 
"დღეს ჩვენი ქვეყანა და მთლიანად მსოფლიო იმყოფება მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, ჩვენ ვებრძვით პანდემიას, აღნიშნულმა გამოწვევამ შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა როგორც სოფლად მაცხოვრებელი ადამიანებისთვის, ისე ქალაქში მცხოვრებთათვის.
 
ადამიანებმა დაკარგეს ყოველდღიური შემოსავალი, დანაზოგი თუ ვინმეს ჰქონდა, მიმართულია ამ პრობლემებთან გასამკლავებლად მოსახლეობის მხრიდან. სწორედ ამიტომ, ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის შეიქმნას სოფლის მეურნეობის ვაუჩერი და ეს ეხება კონკრეტულად მიზნობრივ ვაუჩერს, რომლითაც მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს როგორც ხვნა-თესვისთვის, ასევე შხამ-ქიმიკატების, საწვავის და სასუქის შესაძენად.
 
ასეთი ადამიანები ძალიან ბევრია დღეს საქართველოში და ეს ეხება 2 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მფლობელებს. ასეთი ოჯახი დღეს საქართველოში არის 440 ათასი, სწორედ ამიტომ ვთავაზობთ ხელისუფლებას, დაუყონებლივ შეიქმნას სოფლის მეურნეობის ვაუჩერი, რომელის ბიუჯეტს შეიძლება დაუჯდეს 132 მილიონი ლარი, მაგრამ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი მოსახლეობისთვის, ასეთი მხარდაჭერის გამოცდილება აქვს ჩვენ ქვეყანას.
 
ამ ყველაფერს ემატებიან ადამიანები, რომლებიც დღეს ბრუნდებიან საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ სწორედ სოფლებიან არიან წასული ლუკმაპურის საშოვნელად და ამიტომ მათ დაბრუნების შემდეგ ჭირდებათ მხარდაჭერა. დღეს ყველა სოფელში მცხოვრებ ადამიანებს სჭირდება მხარდაჭერა იმისთვის, რომ როგორმე თავი გაიტანოს, ეს არ არის ისეთი თანხა, რომლის შესაძლებლობაც არ შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას, მაგრამ ეს არის აუცილებელი ღონისძიება, რომელიც დღეს სჭირდება მოსახლეობას", - განაცხადა ბოტკოველმა.