კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი ქალბატონის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - ის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი
კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი ქალბატონის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - ის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი

A+ A-

18:14 03/04/2020

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტს გულის უკმარისობა აღენიშნება და კლინიკაში შეყვანის მომენტიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც რატიანმა განაცხადა, ამ დროისთვის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სულ  ოთხი კრიტიკული პაციენტი იმყოფება, მათი მონიტორინგი და მკურნალობა გრძელდება.

„კლინიკაში გადმოყვანილი ერთ-ერთი ქალბატონის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შემოყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკურად სახეზეა კორონავირუსის შემთხვევა, მწვავე პნევმონია. ანამნეზი ამ ქალბატონთან არის გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტს ჩაუტარდა სათანადო კვლევები და მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აგრძელებს“, - განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, სულ ამ ეტაპზე საუნივერსიტეტო კლინიკაში 64 პაციენტი იმყოფება, მათგან 34 კორონავირუსით არის ინფიცირებული. დანარჩენ შემთხვევაში ტესტების პასუხებს ელოდებიან.

კორონავირუსით ინფიცირებული 14 ახალი პაციენტი სხვადასხვა კლინიკებიდან არიან გადმოყვანილი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ხორციელდება კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა. კარანტინის რეჟიმში - 5392 ადამიანი იმყოფრბა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 319 ადამიანი იმყოფება.