20-21 ივნისის მოვლენებში გიორგი გახარია დამნაშავეა, რადგან უმოქმედობაც დანაშაულია - კახა კოჟორიძე
20-21 ივნისის მოვლენებში გიორგი გახარია დამნაშავეა, რადგან უმოქმედობაც დანაშაულია - კახა კოჟორიძე

A+ A-

12:10 03/04/2020

პარტია “ლელო - საქართველოსთვის“  პოლიტსაბჭოს წევრი, ადვოკატი კახა კოჟორიძე “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ 20-21 ივნისის სისხლიან მოვლენებში პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დანაშაულის ჩადენის ნიშნები ცალსახად იკვეთება, რასაც სახალხო დამცველის გამოქვეყნებული დასკვნა ადასტურებს.

კოჟორიძე სააგენტოსთან ასევე აცხადებს, რომ გახარიას აქციის დაშლის ბრძანება რომც არ გაეცა, ის მაინც დამნაშავეა და პასუხისმგებელი ათობით ადამიანის დასახიჩრებაზე, რადგან სისხლის სამართლის  საქმეში “უმოქმედობაც დანაშაულია“.

“ის, რაც სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის. კერძოდ, 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს, სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა გამოიყენა. საუბარი მაქვს მაღალი თანამდებობის პირებზე, მათ შორის, გიორგი გახარიაზეც.

გახარიას მხრიდან  დანაშაულის ჩადენის ნიშნები ცალსახად იკვეთება. ყველას შევახსენებ, კონკრეტულ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაული არის არა მხოლოდ ქმედება, არამედ უმოქმედობაც.  სახალხო დაცველის ანგარიში ცხადყოფს, რომ სახელმწიფო 20-21 ივნისის ფაქტებს არასათანადოდ იძიებდა. თავიდანვე ჩანდა, რომ  დღევანდელ ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიების არანაირი ინეტერსი გააჩნდა“,- განაცხადა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 20-21 ივნისის ღამის დარბევასთან დაკავშირებით, ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც დასკვნის ერთ ნაწილშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრი  გახარია და მისი მოადგილეები უარყოფენ, რომ 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება მათ გასცეს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე