ინფექციური საავადმყოფოს 19 პაციენტის პირველადი ტესტირების შედეგი კორონავირუსზე ნეგატიურია
ინფექციური საავადმყოფოს 19 პაციენტის პირველადი ტესტირების შედეგი კორონავირუსზე ნეგატიურია

A+ A-

10:41 01/04/2020

ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 32 პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კლინიკიდან კიდევ ერთი პაციენტი გაეწერა, მძიმე პაციენტების მდგომარეობა კი უცვლელია.

„დაგვემატა კიდევ 1 ახალი მძიმე პაციენტი, რომელიც როცა შემოვიდა იყო საშუალოზე მძიმე, მაგრამ დაავადებამ განიცადა პროგრესირება, მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული. დანარჩენი 4 პაციენტის მდგომარეობა უცვლელია. ამ ოთხიდან ორი გვყავს კრიტიკული, სტაბილიზირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, კლინიკის 19 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, რომლის შედეგიც ნეგატიური აღმოჩნდა. თუ ეს შედეგი განმეორებითი ტესტირების დროსაც განმეორდება, მათ კლინიკიდან გაწერენ.

საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 22 ადამიანი განიკურნა.

ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმშია 5106 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 294 მოქალაქე რჩება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.