დეპუტატ ენზელ მკოიანის 19 წლის ძმისშვილს პატიმრობა შეეფარდა
დეპუტატ ენზელ მკოიანის 19 წლის ძმისშვილს პატიმრობა შეეფარდა

A+ A-

18:43 31/03/2020

დეპუტატ ენზელ მკოიანის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის სროლის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პატიმრობაში არიან ინციდენტის მონაწილე სამველ პეტროსიანი და ასევე ენზელ მკოიანის 19 წლის ძმისშვილი არმენ მკოიანი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, სამველ პეტროსიანისა და არმენ მკოიანის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„2020 წლის 31 მარტს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ქ. ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე ბრალდებულებს ს.პ.-ს და ა.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარ „გოლდთან“ ს.პ.-მ და ა.მ.-მ ძალადობრივი ქმედებებითა და ასეთი ქმედების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხმოვანი პისტოლეტიდან არაერთი გასროლით გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი.

სამართალდამცველებმა ს.პ. და ა.მ. 28 მარტს დააკავეს. ს.პ.-ს და ა.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა. ს.პ.-ს და ა.მ. -ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები, სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა მასსა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ სამველ პეტროსიანს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადება გაავრცელა. როგორც მკოიანი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, 26 მარტს სამველ პეტროსიანმა მისი მოკვლა ცეცხლსასროლი იარაღით სცადა და დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა. როგორც მკოიანი აცხადებს, პეტროსიანი გასროლისას ყვიროდა, რომ მის მოკვლას აპირებს.