დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა - რა წესები უნდა დავიცვათ კარანტინის დროს
დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა - რა წესები უნდა დავიცვათ კარანტინის დროს

A+ A-

10:52 31/03/2020

საქართველოში დღეიდან კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება დღეს, დილის 08:00 საათიდან შევიდა ძალაში.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ, მთავრობის გაფართოებული სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის ვადით, ფაქტობრივად, საყოველთაო, სრული კარანტინი ცხადდება.

მისივე თქმით, საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქვეყანაში ე.წ. საკომენდანტო საათი ამოქმედდება. ამ პერიოდში იკრძალება მოქალაქეების ფეხითა და ტრანსპორტით გადაადგილება .

ასევე აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და მეტროთი მგზავრობა. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანითა და ტაქსით. ავტომანქანაში სამ მგზავრზე მეტის ჩაჯდომა იკრძალება.

ამასთანავე, მოქალაქეებს, დღის გამავლობაში გადაადგილების დროს, თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა ჰქონდეთ.

სახლიდან გარეთ გასვლა და გადაადგილება შეეზღუდათ 70 წელს ზემოთ, ასაკოვან ადამიანებს. მათ მხოლოდ აფთიაქებსა და მაღაზიებში გასვლა შეეძლებათ.

ქვეყანაში წესრიგის დაცვას შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები გააკონტროლებენ.

ყველა რეგიონში ასევე შეიქმნა ოპერატიული შტაბები, რომლებიც უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების პროცესს აკონტროლებენ. ოპერატიული შტაბების ხელმძღვანელის ვინაობა მოგვიანებით გასაჯაროვდება. გარდა ამისა, 5 ქალაქის - თბილისის, ქუთაისის, გორის, ბათუმის, ფოთის - შესასვლელებთან მოეწყო საგუშაგოები, სადაც გადაადგილებული მოქალაქეების თერმოსკრინინგი ჩატარდება.

პრემიერის თქმით, შეიქმნა მთავრობის ცხელი ხაზი - 144, რომელიც უფასო იქნება და ყველა მოქალაქეს შეეძლება დარეკვა, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„ამ მოთხოვნების შესრულების ხაზი გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეზე. ეს ყველას უნდა გვესმოდეს, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა. ჩვენ ყოველთვის ვიპოვით საერთო ენას ეკლესიასთან. მე ვერ წარმომიდგენია უფრო მაღალი ღირებულება, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, როგორც სახელმწიფოსთვის, ისე ეკლესიისთვის“, - განაცხადა გახარიამ და ყველა მოქალაქეს მოუწოდა, დაემორჩილოს საგანგებო მდგომარეობის წესებს.

შეგახსენებთ, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, დღეს კი, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.