მარნეულისა და ბოლნისის პროდუქტები უვნებელი და უსაფრთხოა - სოფლის მეურნეობის მინისტრი
მარნეულისა და ბოლნისის პროდუქტები უვნებელი და უსაფრთხოა - სოფლის მეურნეობის მინისტრი

A+ A-

17:18 25/03/2020

მარნეულისა და ბოლნისის პროდუქტები უვნებელი და უსაფრთხოა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„რა თქმა უნდა, პროდუქტი უნდა მოდიოდეს, ხდება კიდეც ამ პროდუქტის გამოტანა. ის აბსოლუტურად უვნებელი და უსაფრთხოა. ეს პროდუქტი ბაზარს უნდა მიეწოდებოდეს. მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ის ადამიანები, რომლებიც საკარანტინო ზონაში იმყოფებიან, ისინი არ გადაადგილდებიან კარანტინის გარეთ. შესაბამისად, ჩვენ გვექნება ორგანიზებულ სავაჭრო სივრცეზე საუბარი იმისთვის, რომ ერთის მხრივ ადვილად მოხდეს პროდუქტის შიგნით შეტანა და მეორეს მხრივ, ადგილზე წარმოებული პროდუქტის გარეთ გამოტანა“,- განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად უკვე შეთანხმებულია ის მარშრუტი, სადაც სადეზინფექციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

„ძირითადად, ეს ეხება მარნეულის იმ ადგილებს, სადაც ინფიცირებული ადამიანები სახლობდნენ ან მოღვაწეობდნენ. ასევე იმ სოფლებს, სადაც მათ კონტაქტი უწევდათ. ამიტომ, სადეზინფექციოდ პირველი პრიორიტეტი არის ზუსტად ის მიმართულებები, რომელიც უფრო მეტად სარისკოა, თუმცა ჩვენ საკმაოდ მძლავრი სპეციალური ტექნიკა გვყავს შეყვანილი რეგიონში იმისთვის, რომ მასიურად მოხდეს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, რომ რისკები დავწიოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.