გადაიწევს თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღი?!
გადაიწევს თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღი?!

A+ A-

17:16 24/03/2020

კორონავირუსის გავრცელების გამო, გადაიწევს თუ არა საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების  ჩატარების  თარიღი?  - ამ კითხვით “2020NEWS”-მა  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართა.  ცენტრში განაცხადეს, რომ ამაზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევია.

საქართველოში არსებული ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. დღეს  კი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ  შესაძლოა, სასწავლო პროცესი პირველი აპრილის ბოლოსაც ვერ განახლდეს. ახლა საინტერესოა, რა ბედი ელის ერთიან ეროვნული გამოცდების ჩატარებას.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სააგენტოსთვის მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯერჯერობით, გამოცდების თარიღის გადავადებასთან დაკავშირებით საუბარი ნაადრევია.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს ონლაინ რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის. ვინაიდან გამოცდები დაგეგმილია ივლისის თვეში, მათ გადადებაზე, ან რაიმე სახის ცვლილებაზე საუბარი ნაადრევია.

ცენტრი იმოქმედებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

გარდა ამისა, საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებულია გეგმა, რომელიც გულისხმობს როგორც ონლაინ, ასევე სატელევიზიო გაკვეთილებით სწავლებას, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს დაასრულონ მიმდინარე სასწავლო წელი და შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა მომდევნო სასწავლო წლიდან ისე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწეული“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, კითხვების ქონის შემთხვევაში, გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართონ.

“შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ონლაინრეჟიმში გამართვას აგრძელებს და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუ გვერდზე  ყოველ  ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუძლიათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე აბიტურიენტებისათვის წინასაგამოცდო პერიოდში მოსამზადებელი ყველა საჭირო მასალაა განთავსებული (საგამოცდო კრებულები, პროგრამები, ტესტების ნიმუშები და სხვ.).

ცენტრი ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, პერიოდულად აქვეყნებს სარეკომენდაციო ვიდეორგოლებსაც, საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებისგან.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი მუშაობს ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა) უწყვეტ რეჟიმში (09:00 სთ - 18:00 სთ) აბიტურიენტებისათვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე ამომწურავი ინფორმაციის მისაწოდებლად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.