კორონავირუსით ინფიცირებული 4-ვე ადამიანი მარნეულელი ქალის ოჯახის წევრია - პაატა იმნაძე
კორონავირუსით ინფიცირებული 4-ვე ადამიანი მარნეულელი ქალის ოჯახის წევრია - პაატა იმნაძე

A+ A-

15:27 24/03/2020

"კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები ახალი კლასტერი არ არის და 4 ადამიანი მარნეულელი ქალის ოჯახის წევრია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძის თქმით, საავადმყოფოდან გასაწერად რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტი ემზადება.

„განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ისევ და ისევ ერთი ქალბატონი, რომელიც მარნეულიდანაა გადმოყვანილი. კიდევ არის რამდენიმე საყურადღებო ავადმყოფი, დანარჩენების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ემზადება კიდევ რამდენიმე პაციენტი გაწერისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არცერთი დამატებული შემთხვევა, რაც დღეს ქვეყანაში გამოვლინდა, ახალი კლასტერები არ არის.

ეს არის 4 ადამიანი მარნეულიდან, იმ ქალბატონის ოჯახის წევრები, რომელიც ამჟამად თბილისშია ჰოსპიტალიზირებული, ანუ ეს გახლავთ ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტები. გამოკვლეული იქნა ასევე მარნეულში სხვა პაციეტებიც, რომლებიც იმ საავადმყოფოში - „ჯეოჰოსპიტალში“ იყვნენ, სადაც ეს ქალბატონი იწვა. ასევე გამოკვლეულია „ჯეოსპიტალსის“ პერსონალი. ტესტირების შედეგად, ამ ეტაპზე ისინი ყველანი უარყოფითები არიან. ტესტირება ბევრ ადამიანს ჩაუტარდა და ყველა უარყოფითია“, - განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც 22 მარტს მარნეულელ, 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული გახდა, საქართველოს მთავრობამ გადაწვიტა ბოლნისისა და მარნეულის მინიციპალიტეტები მკაცრი საკარანტინე ზონად გამოეცხადებინა. ამ დროისთვის სააქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 67 ლაბორატორიული შემთხვევაა დადასტურებული აქედან 9 უკვე გამოჯანმრთელდა.