დღეს უკვე გარდატეხაა და მოსახლეობა ძალიან ადეკვატურია - ქვემო ქართლის გუბერნატორი
დღეს უკვე გარდატეხაა და მოსახლეობა ძალიან ადეკვატურია - ქვემო ქართლის გუბერნატორი

A+ A-

13:10 24/03/2020

ქვემო ქართლში, კორონავირუსთან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების ინფრმირებისთვის, სპეციალური მოძრავი ჯგუფები შეიქმნა. ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს მოსახლეობას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე დაბეჭდილი მასალაც დაურიგდება, რათა უფრო თვალსაჩინო იყოს, რა საფრთხის წინაშე დგანან.

რწმუნებული აცხადებს, რომ საინფორმაციო კამპანიამ თავის შედეგი უკვე გამოიღო და დღეს, საკარანტინო ტერიტორიაზე მოსახლეობის გაცილებით ნაკლები გადაადგილება შეინიშნება.

"ვადასტურებ, რომ ყველა რგოლი ჩართულია მოსახლეობის ინფორმირებაში. გვყავს მოძრავი ჯგუფები, რომლებიც ეთნიკურ ენაზე, მათთვის გასაგებად სწორ მესიჯებს აძლევს მოსახლეობას. ამანაც თავის შედეგი გამოიღო და დღეს გაცილებით მცირეა ხალხის გადაადგილება.

დღის პირველ ნახევარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან ველოდებით ბეჭდურ მასალას აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. მოძრავი ჯგუფები გაავრცელებენ ამ თვალსაჩინო მასალას, რათა კიდევ მეტმა გაიგოს ამ გამოწვევის შესახებ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ გარდატეხაა და მოსახლეობა ძალიან ადეკვატურია,“ - განაცხადა რეხვიაშვილმა.

როგორც მედიასთან საუბრისას რეხვიაშვილმა განაცხადა, მედიკოსები ადგილობრივ მოსახლეობას კარდაკარ ამოწმებენ.

„დღეს გასულია ეს ხალხი, თუ რამე დაფიქსირდება და საჭიროება იქნება, გადავლენ საველე ჰოსპიტალში, სადაც კვლევა ჩატარდება. თუ დადასტურებული დიაგნოზი გვექნება, ამას უკვე თბილისში ექნება გაგრძელება, მაგრამ დღეს ასეთი შემთხვევები არ გვაქვს,“ - აღნიშნა რეხვიაშვილმა.