ამ რთულ პირობებში საქართველოს 3 000 მოქალაქე დავაბრუნეთ სამშობლოში - დავით ზალკალიანი
ამ რთულ პირობებში საქართველოს 3 000 მოქალაქე დავაბრუნეთ სამშობლოში - დავით ზალკალიანი

A+ A-

21:43 23/03/2020

ჩვენ ძალიან რთული გამოწვევის წინაშე ვდგავართ. მთელი რიგი ავიაკომპანიები წყვეტენ საჰაერო მიმოსვლას. ბევრი ქვეყნის საჰაერო სივრცე დაკეტილია. ამ რთულ პირობებში საქართველოს 3000 მოქალაქე დავაბრუნეთ სამშობლოში. ეს ეკონომიკურად ძლიერმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ზალკალიანის განცხადებით, მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესი უცხოეთიდან გრძელდება. „თვენახევრის წინ როცა ჩინეთში შეიქმნა ჩარტერული რეისით თურქული და ფრანგული კომპანიის დახმარებით გამოვიყვანეთ. ასევე მოქალაქეები გამოვიყვანეთ იტალიიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან. ეგვიპტიდან რამდენიმე სტუდენტი და ეს პროცესი გრძელდება“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 61 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ხუთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. სულ გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.