ოთხი ახალი ინფიცირებული ამერიკიდან არის ჩამოსული, ისინი ახალი კლასტერია, თვითიზოლაციაში იყვნენ - მარინა ენდელაძე
ოთხი ახალი ინფიცირებული ამერიკიდან არის ჩამოსული, ისინი ახალი კლასტერია, თვითიზოლაციაში იყვნენ - მარინა ენდელაძე

A+ A-

19:59 23/03/2020

შვიდი ახალი ინფიცირებულიდან, რომელთაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, ოთხი თბილისის ინფექციურ კლინიკაში არის მოთავსებული. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ინფიცირებულები სხვა კლასტერია და მათ ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ასევე, მარინა ენდელაძე აღნიშნავს, რომ ოთხივე თვითიზოლირებული იყო.

„გამოვლინდა ჩვენთან ოთხი ახალი ინფიცირებული და ვიცი, ასევე, რომ აჭარაში გამოვლინდა სამი ახალი. აჭარაში მყოფების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ოთხს რაც შეეხება, არ არის ეს შიდა გადაცემა. ეს გახლავთ ამერიკიდან ჩამოსული პირები, ახალი კლასტერია, მაგრამ არ არის შიდა გადაცემა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისი თქმით, ოთხი ახალი ინფიცრებულის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არ არის მძიმე, ჩატარდება შემდგომი გამოკვლევები.

„ორი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. ახალი შემთხვევების კავშირები გამოკვლეული იქნება, ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ. გუშინ მოთავსდნენ სხვა განყოფილებაში, დადასტურდა და გადმოყვანილი იქნენ ჩვენს განყოფილებაში. ამ შემთხვევას მარნეულთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისი თქმით, თბილისის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული ახალი ინფიცირებულები საშუალო ასაკის არიან, მათ შორის ერთი 15 წლის არის.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა. მათგან რვა გამოჯანმრთელებულია.