რა ისტორიას ინახავს კალოუბანი?
რა ისტორიას ინახავს კალოუბანი?

A+ A-

15:55 21/03/2020

თავისუფლების მოედნიდან ქაშვეთის მიმართულებით, ხელმარცხნივ, პირველივე ჩასახვევი ნატო ვაჩნაძის ქუჩაა, რომელიც მე-19 საუკუნეში წარმოიქმნა და 1884 წლის გეგმაზე ნიკოლოზის შესახვევის სახელით არის დატანილი. მოგვიანებით კი მას მუზეუმის ქუჩა ეწოდა.

ქუჩის სახელწოდება ამ ტერიტორიაზე კავკასიის მუზეუმის გახსნას უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ კავკასიის მუზეუმის სამართალმემკვიდრეა ვაჩნაძისა და ფურცელაძის ქუჩებს შორის მოქცეული ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმი. სივრცეს, რომელიც გარს ერტყმის ეროვნულ მუზეუმს და მოიცავს სამების ეკლესიას, კალოუბანი ერქვა.

უბნის დასახელება, პლატონ იოსელიანის თანახმად, უკავშირდება ადგილს, სადაც იყო სამეფო კალო; ამასთან, პლატონ იოსელიანი იმ ლეგენდის შესახებაც გვიამბობს, რომლის მიხედვითაც, თემურ ლენგის შემოსევისას, ამ კალოზე ბავშვები ცხენებით გადაუთელავს მტერს. შესაძლოა, სწორედ ამ ტრაგიკულ ამბავს უკავშირდება აქ წმიდა გიორგის ეკლესიის აგება; ეკლესია მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე იქ იდგა, სადაც დღეს კინოთეატრი „რუსთაველი“ მდებარეობს.

წმიდა გიორგის ეკლესიის აგების პერიოდი სხვადასხვა წყაროების თანახმად, თბილისის ქალაქობის ადრეულ ხანას უკავშირდება. ეკლესიასთან არსებული სამრევლო სკოლა და კერამიკული ჭურჭლის გამოსაწვავი სახელოსნო საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ფუნქციონირებდა. ტაძარს ანტონ ფურცელაძის ( მე-19 საუკუნის საზოგადო მოღვაწე, მწერალი - „მაცი ხვიტიას“, „დიდი მოურავის“ ავტორი) ქუჩის მხრიდან ჰქონია შესასვლელი.

პროსპექტის მხრიდან კი გასული საუკუნის 30 წლებამდე სამხედრო საპატიმრო - ჰაუპტვახტი იდგა. ლავრენტი ბერიას განკარგულებით, ორივე ნაგებობა პროსპექტის გაფართოების მიზნით აიღეს და 1938 წელს გაიხსნა საგანგებოდ კინოთეატრ „რუსთაველისათვის“ აშენებული შენობა. რომლის გამორჩეული დეკორი ცნობილ მოქანდაქეს თამარ აბაკელიას ეკუთვნის. კინო „რუსთაველი“ იყო მეორე, რომლისთვისაც საგანგებოდ აშენდა შენობა (პირველი გახლდათ „აპოლოსთვის“ 1906 წელს აშენებული შენობა). კალოუბნის წმიდა გიორგის და ქაშვეთის წმიდა გიორგის ეკლესიებს შორის მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ოტო სიმონსონის პროექტით აშენდა შენობა, რომელიც საოლქო სასამართლოსა და სასამართლოს ეკავა.

საუკუნის მიწირულს მოხდა გამოთავისუფლებული შენობის რეკონსტრუქცია ზალცმანის პროექტით და 1895 წელს გაიხსნა რუსეთის იმპერიაში ერთერთი გამორჩეული, პრესტიჟული სასტუმრო „ორიანტი“ , რომელმაც საბჭოთა პერიოდშიც შეინარჩუნა ფუნქცია და პრესტიჟულობა, თუმცა შეიცვალა სახელი - გადაკეთდა ინტურისტად. და კიდევ - სასტუმროში ნიჭიერი მხატვრების გამოფენების მოწყობის ტრადიციაც უცვლელი დარჩა; აქ სხვად სხვა დროს მოეწყო მალევიჩის, ზდანევიჩის, გონჩაროვის, გუდიაშვილის, კაკაბაძის გამოფენები. 1929 წელს სასტუმროს ფოიე გუდიაშვილს მოუხატავს , თუმცა ძალიან მალე ჩამოუფხეკავთ და გადაუღებავთ.

1977 წლიდან ამ შენობაში მხატვრის სახლი განთავსდა, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების მოვლენებმა შეიწირეს. დღეს აქ ახალი შენობა დგას უცვლელი ფუნქციით - აქ ხელოვნების სახლია სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვრების ნამუშევრების მუდმივი ექსპოზიცია. ამ ბოჰემური უბნიდან უქეიფოდ, ულექსოდ და უსიმღეროდ წასვლა მკრეხელობა იქნებოდა და ამიტომაც, თაბუკაშვილისა და ანტონ ფურცელაძის ქუჩების, გარეთუბანში მდებარე ორი მიკროუბნის კვეთაზე (ნანგრევები შემოღობილია), გეპატიჟებით კოლაუ ნადირაძესთან ერთად. 1923 წელს ქუთაისიდან თბილისში ჩამოსულ კოლაუ ნადირაძეს მეგობრებმა (ტიციან ტაბიძე, გიორგი ქუჩიშვილი, პაოლო იაშვილი, სანდრო შანშიაშვილი, ალი არსენიშვილი, გოგლა ლეონიძე) სურვილი აუსრულეს და იეთიმ გურჯის გასაცნობად წაიყვანეს: „გადავწყვიტეთ წასვლა „დენიკინთან“ ;

კაცმა არ იცის თუ რატომ, რისთვის ან ვინ შეარქვა ახლანდელ კოლმეურნეობის მოედანზე იმ დროს არსებულ ღვინის სარდაფის პატრონს, რომელსაც გარეგნობით სრულებით არაფერი საერთო არ ჰქონდა გენერალ დენიკინთან. „დენიკინი“ საკმაოდ ტანადი და ჯანიერი კაცი გახლდათ. სტუმრების კარგი, თავაზიანი მიმღები.

მეტად მოსაწონი კახური ღვინით მოვაჭრე. მისი სარდაფი იყო მეზობლად იმ სარდაფისა, რომელიც ვაჟას, ვალერიან გუნიას, ილია აგლაძის, პავლე საყვარელიძის, შიო მღვიმელის საყვარელ ადგილად ითვლებოდა (ამ სახელგანთქმულ სარდაფს „ქოსების“ სარდაფი ეწოდებოდა).

ცნობისათვის, თაბუკაშვილის ქუჩაზე ჯერ ისევ დგას შენობა, რომლის სარდაფზეც მიმანიშნეს, ამას გულიხმობდა კოლაუ ნადირაძეო) კოლაუ ნადირაძე წერს:

„ჩვენ რომ ვესტუმრეთ დაახლოებით 4 საათი იქნებოდა; - მობრძანდით, პოეტებო, თქვენი ჭირიმე. კარდენახის წარაფებიდან ახლახან მიღებულ დედის რძესავით ღვინოს შეგასმევთ, მობრძანდით!

- ჩვენ, კიდევ ხრამული, დოში და გუდის ყველი მოვიტანეთ, ძვირფასო დენიკინ, შოთის პური გვაკლია!- უპასუხა ტიციანმა.

- შოთი პურიო! ჩემზედ იყოს, ამაზე ნუ გაირჯებით!

- ეგ ყველაფერი ჩინებულია- ეუბნება გიორგი ქუჩიშვილი

- მაგრამ, მთავარი ის არის, რომ იეთიმის ნახვა მოგვინდა!

- იეთიმისა? ჩვენი ძმის? ღმერთო ჩემო, განა აქ არ არის?! მობრძანდით! სარდაფში მართლაც იეთიმი დაგვხვდა..... - ლიხთიქითურთ მხარიდან ჩამოსულ სტუმარს, პოეტს, ჩემი სალამი და ჩემი ალალი გული - თქვა მან.

ჩვენ გადავეხვიეთ და გადავკოცნეთ ერთმანეთი ... „გაუმარჯოს საქართველოს მთა-ველსა მშობელ ქვეყნის, ჩვენი დედის არესა ლიხთიქეთურ, ლიხთაქეთურ მხარესა!“ -თქვა მაშინ იეთიმ გურჯმა.

მასალა მოამაზადა ნინო გედენიძემ