მართლმსაჯულება მაქსიმალურად დისტანციურ სამართალწარმოების რეჟიმზე გადადის
მართლმსაჯულება მაქსიმალურად დისტანციურ სამართალწარმოების რეჟიმზე გადადის

A+ A-

19:20 20/03/2020

უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გენერალურ პროკურორს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს, იუსტიციის მინისტრის მოადგილესა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის მოადგილეს შორის შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და ამ თვალსაზრისით მართლმსაჯულების სრულყოფილად და შეუფერხებლად განხორციელების გზებზე იმსჯელეს. შეხვედრის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ მართლმსაჯულება მაქსიმალურად დისტანციურ სამართალწარმოების რეჟიმზე გადავა.

იმ საქმეებთან მიმართებით, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ/შემჭიდროვებულ ვადებთან, იმისთვის, რომ ერთის მხრივ, არ შეფერხდეს მართლმსაჯულების განხორციელება და მეორეს მხრივ, მაქსიმალურად იქნას დაცული ვირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები, დაინერგა სასამართლო სხდომების დისტანციურად ჩატარების პლატფორმა. აღნიშნული პლატფორმის გამოყენების შესახებ ინსტრუქციებს ასოციაცია ადვოკატებს უახლოეს საათებში მიაწვდის.