რა ხდება ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნსაცავებში და როგორ "ცხოვრობენ" იქ წიგნები?
რა ხდება ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნსაცავებში და როგორ "ცხოვრობენ" იქ წიგნები?

A+ A-

12:43 13/03/2020

ეროვნული ბიბლიოთეკიდან ამბების თხრობა ისე დავიწყეთ, რომ არაფერი გვითქვამს ბიბლიოთეკის განუყოფელ ნაწილზე - საცავზე, წიგნსაცავზე - ადგილზე, სადაც ეს ამბები გროვდება. ჩვეულებრივ, მკითხველი, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიდის და სასურველ წიგნს ელოდება, არასოდეს ფიქრობს იმაზე, როგორ მდგომარეობაში არიან წიგნები.

არადა, თურმე მათაც სცივათ, ან ცხელათ, და არასასურველი ტემპერატურა სერიოზულ ზიანს აყენებს.

როგორ უნდა ინახებოდეს წიგნი, როგორი უნდა იყოს წიგნსაცავი და როგორია დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნსაცავები - ამ საკითხზე “2020NEWS”-ს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილ- ესაუბრება:

ლევან თაქთაქიშვილი: ბიბლიოთეკა წარმოუდგენელია წიგნსაცავის გარეშე. 21-საუკუნის პირმშოს, ელექტრონულ ბიბლიოთეკასაც აქვს თავის საცავი. ტრადიციული ბიბლიოთეკების შემთხვევაში, ბიბლიოთეკასთან ერთად იქმნება წიგნსაცავი; თავდაპირველად იქმნება ერთ ოთახში, შემდეგ ფართოვდება, შეიძლება დარბაზს მოწყდეს და ცალკე იყოს;

საცავები ალექსანდრიის ბიბლიოთეკასაც ჰქონდა - თიხის ფირფიტები ერთმანეთზე ელაგა და გამოჰქონდათ ხოლმე დარბაზში, თუმცა დარბაზს წარმოადგენდა მინდორი, სადაც სხდებოდნენ და ხმამაღლა კითხულობდნენ. ვინაიდან სიტყვები იწერებოდა შემოკლებით და ტექსტის გასაგებად და აღსაქმელად ხმამაღლა კითხვა იყო საჭირო. ძველ ბიბლიოთეკებში ტემპერატურული რეჟიმის დაცვა რთული იყო. თუმცა, ქაღალდის შემოსვლასთან ერთად, დაიწყეს ფიქრი სივრცეზე, რომელიც უნდა ყოფილიყო მშრალი.

ეკლესიებშიც სპეციალური ადგილი იყო წიგნსაცავისათვის გამოყოფილი. სვეტიცხოველში არის შემაღლებული ადგილი, სადაც ინახებოდა წიგნები, ხელნაწერიც და ნაბეჭდიც. ჩვენი ბიბლიოთეკაც ორგანულად არის საცავთან დაკავშირებული და მიუხედავად ამ განუყოფლობისა, ბიბლიოთეკას ყოველთვის ჰქონდა საცავის პრობლემა. იმთავითვე, როდესაც ბიბლიოთეკა მეფისნაცვლის კანცელარიაში გაიხსნა, არ იყო საცავის ადგილი. შემდეგ გადავიდა ცალკე შენობაში და შეუერთდა კავკასიის მუზეუმს. ამასობაში, საცავში განსათავსებელი მასალის რაოდენობა კვლავ გაიზარდა. კვლავ სივრცის სიმცირის პრობლემადადგა.

დაიწყეს ბიბლიოთეკისათვის ახალი შენობის მშენებლობა, რაც პირველმა მსოფლიო ომმა გააჩერა. შემდეგ 1921 წელი და საბჭოთა პერიოდი. თავიდან ფურცელზე შეიქმნა საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკა, მაგრამ საცავზე ასევე არავის უზრუნვია და 1923 წლიდან 1929 წლამდე ფიქრობდნენ, რა ექნათ. 1929 წელს მიიღეს უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, საცავისათვის ბიბლიოთეკას გადასცეს „სობოროს“ შენობა, დიდების ტაძარი (პარლამენტის შენობის ტერიტორია) რომელიც შემდეგ დაანგრიეს.

1928-1929 წლებში სობოროში იყო საჯარო ბიბლიოთეკის წიგნსაცვი. 1929 წელს საჯარო ბიბლიოთეკას გადასცეს პირველი კორპუსი, სათავადაზნაურო ბანკის ყოფილი შენობა. აქვე იყო წიგნის პალატა და, როგორც ჩანს, კიდევ სხვა დაწესებულებები; 1931 წლის ანგარიშში წერია, რომ ვერა და ვერ ვერ მოხერხდა ბიბლიოთეკისათვის ამ შენობის მთლიანად გადმოცემა. როგორც ჩანს, რაღაც დაწესებულებები დარჩნენ.

ამასობაში მოახლოვდა 1931 წელი და დაიწყო მზადება საქართველოს გასაბჭოების 10 წლისთავის ზარზეიმით აღნიშვნისათვის. ამ საიუბილეო თარიღს რესპუბლიკა პროპაგანდის ცენტრის, საჯარო ბიბლიოთეკის გახსნით უნდა შეხვედროდა და მთავრობა იმჟამინდელი დირექტორის, გიორგი გეხტმანისაგან ითხოვდა ბიბლიოთეკის გახსნისათვის ჩასატარებელი სამუშაოების დაჩქარებას. გეხტმანი არ ჩქარობდა, უფრო მეტიც ის წინააღმდეგი იყო, რომ გახსნილიყო 25 თებერვალს და ამის რამდენიმე მიზეზიც ჰქონდა. გიორგი გეხტმანის შვილი, გაბრიელ გეხტმანი დაიღუპა 1921 წელს კოჯორთან წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მეორე მიზეზი ის იყო, რომ გეხტმანის აზრით, ბიბლიოთეკას, 25 თებერვალს გახსნა მაინცდამაინც სასახელოდ არ წაადგებოდა და მესამე, მან იცოდა რომ, ბიბლიოთეკის გახსნა საცავის გარეშე, ნიშნავდა საცავთან დაკავშირებული პრობლემების არ გათვალისწინებას და პირობა წაუყენა, გავხსნი იმ შემთხვევაში, თუ საცავს მოვაწყობთო და რაც მთავარია, საცავი სარდაფში არ უნდა ყოფილიყო განთავსებული და უნდა დასრულებულიყო საბიბლიოთეკო პროგრამა. ამ საკითხების განსახილვევალად გრიგოლ გეხტმანი და მისი მოადგილე, სომხური წარმოშობის ქალბატონი დაბარებულნი იყვნენ განათლების მინისტრის მოადგილესთან. საუბრისას მინისტრის მოადგილემ, კანდელაკმა უდიერად მიმართა ქალბატონს, რაც გახდა მიზეზი გეხტმანის აღშფოთების, სიტყვიერი შელაპარაკების და გეხტმანის მხრიდან „შემოლაწუნების“. ეს მოხდა დეკემბერში.

1931 წლის იანვრის ბრძანებით, გეხტმანი გადაყვანილი იქნა დირექტორის მოადგილედ და დირექტორად დაინიშნა პროლეტარი პოეტი სანდრო ეული. საინტერესო ის არის, რომ იმ დღის შემდეგ გეხტმანი არავის უნახავს ბიბლიოთეკაში. რამდენიმე ხნის შემდეგ საერთოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, გამოუცხადებლობის გამო. ის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს; აღსანიშნავია, რომ თავის ბიოგრაფიაში არსად ჩაუწერია, რომ იყო ბიბლიოთეკის დირექტორი და შემდეგ მოადგილე. ეს თემა საერთოდ ამოაგდო; სახლში ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელიც შემდეგ მისი მეუღლის შთამომავლებმა ბიბლიოთეკას გადმოსცეს. საქმე იმაშია, რომ გეხტმანის თავგანწირვას შედეგი არ მოჰყოლია-ბიბლიოთკა გახსნეს. საცავის დიდი ნაწილი სარდაფში კი თითქმის საუკუნის მანძილზე დარჩა - ორი წლის წინ გამოვიტანეთ სარდაფიდან ეს წიგნები.

ამდენი წლის მანძილზე სარდაფის საცავად გამოყენებას თავისი ახსნა აქვს - დაცლის შემდეგ წიგნები სადღაც უნდა განთავსებულიყო. ასეთი საცავის ადგილი ბიბლიოთეკაში არასდროს ყოფილა; დიდი ძალისხმევა დაჭირდა იმას, რომ გამოეყოთ ქუთაისის დეპოზიტარიუმი, სადაც გავიტანეთ ნაკლებად მოთხოვნადი წიგნები. გარემონტდა ვაჩნაძის მხრიდან პირველი კორპუსის სარდაფი და პირველი სართული და წიგნები სარდაფში აღარ ჩავიტანეთ. ის გეგმა, რომელიც ჰქონდა გეხტმანს, რომ წიგნსაცავი აუცილებლად პირველ სართულზე უნდა ყოფილიყო, განხორციელდა. დღესდღეისობით ეროვნულ ბიბლიოთეკას სამი დიდი საცავი აქვს. ქუთაისზე უკვე მოგახსენეთ - 1975 წელს აშენებული მეოთხე კორპუსი, რომელიც პირველ და მეორე კორპუსებს შორის მდებარეობს და ყოფილი წიგნის პალატის, ვახტანგ VI სახელობის კორპუსში მდებარე საცავი.

და მაინც ბიბლიოთეკა განიცდის საცავის ფართის ნაკლებობას. საცავების გაფართოება მისი დანაწილების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ჩემი აზრით უნდა აშენდეს დაახლოებით მილიონიანი წიგნსაცავი 50-100 წლის გათვლით. ჩვენი ფონდი ხუთმილიონს მოიცავს. გვაქვს ეს მილიონნახევრის ტევადობის ქუთაისის შენობა, პალატის საცავი მილიონზეა გათვლილი. ასე რომ, ახლა გვჭირდება ერთი დიდი წიგნსაცავი, სადაც დაბინავდება მიმდინარე საარქივო მასალები და ფონდები და რაც მთავარია, გათვალისწინებული იქნება ტემპერატურული რეჟიმი.

მართალია, გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენებულ საცავში იდგა იმ პერიოდისათვის ყველაზე თანამედროვე დანადგარი კლიმატრეჟიმისათვის, მაგრამ სართულებს შორის ტემპერატურის განაწილება-შენარჩუნება თანაბრად არ ხდებოდა. ცინცაძის ქუჩაზე მდებარე მე-6 კორპუსში უკვე მუშაობს უახლესი აპარატურა. ის რაც ყოფილი წიგნის პალატის შენობაშია, ნამდვილი განძია 1924 წლიდან 1996 მოყოლებული ყველა გამოცემის თითო ცალი. ეს არის უნიკალური კოლეცია, აქვე უნდა დავამატო, რომ უახლესი აპარატურა აკონტროლებს ტემპერატურულ რეჟიმს მესამე კორპუსში მდებარე ქართველოლოგიის საცავში.

უნდა ითქვას, რომ თითქმის შვიდი ათული წლის მანძილზე, საბჭოთა ხელისუფლების დროს საცავებში შესაბამისი პირობები არ იყო, თუმცა ვერც იმას დავუკარგავ, რომ საჯარო ბიბლიოთეკა ნამდვილად იყო ყურადღების ცენტრში. იყო კარგი დაფინანსება, მუშაობდა სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ კანონი და რაც მთავარია, სწორედ მაშინ გადმოეცა საჯარო ბიბლიოთეკას ეს სამი, უნიკალური შენობა. ყოფილი სათავადაზნაურო ბანკის შენობაში, დიდი სამკითხველო დარბაზის მიმდებარე საცავის რემონტის დროს აღმოჩნდა ჰრინევსკის მოხატულობა, თუმცა ამაზე რემონტის დასრულების შემდეგ მოგახსენებთ.

ავტორი: ნინო გედენიძე