კორონავირუსის "კულტურულ კარანტინში" მოქცეული მსოფლიო - ლუვრი, კოლიზეუმი, ლა სკალა დროებით დახურეს
კორონავირუსის "კულტურულ კარანტინში" მოქცეული მსოფლიო - ლუვრი, კოლიზეუმი, ლა სკალა დროებით დახურეს

A+ A-

17:19 11/03/2020

მსოფლიო ახალი კორონავირუსის გამო, კულტურულ კარანტინშიც აღმოჩნდა. ლუვრი, ორსეის მუზეუმი, ლა სკალა და სხვა უამრავი მუზეუმი თუ ისტორიული ძეგლი ელვისებური სისწრაფით გავრცელებული კორონავირუსის გამო, დროებით დაიკეტა.

მსოფლიო გლობალური საფრთხის გამო, რომელიც შესაძლოა, პანდემიაში გადაიზარდოს, ერთგვარ საგანგებო მდგომარეობაში აღმოჩნდა. კორონავირუსმა უკვე 119 ქვეყანა მოიცვა, ვირუსმა მსოფლიოს მასშტაბით 4300 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო დაინფიცირებულების რიცხვმა 119 ათას 294 ადამიანს მიაღწია.

“2020NEWS” გთავაზობთ ჩამონათვალს იმ ცნობილი ძეგლებისა და მუზეუმების, რომლებმაც ვირუსის გამო, დროებით მუშაობა შეაჩერეს:

1. ლუვრი - პარიზის ცენტრში, მდინარე სენასა და რუ-დე-რივოლის შორის მდებარე მსოფლიოს უდიდესი და სახელგანთქმული მუზემი კორონავირუსის გამო, დროებით დაიკეტა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მუზეუმის თანამშრომელთა საგანგებო თათბირზე მიიღეს.

როგორც საფრანგეთის მუზეუმის პროფკავშირების თავმჯდომარე, ანდრე საკრისტენი აცხადებს, მნახველები მუზეუმში მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან და შესაბამისად, ლუვრის თანამშრომელთა დაინფიცირების რისკი ძალიან მაღალია.
ლუვრი სწორედ ის მუზეუმია, რომელსაც 2012 წელს 9.7 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა. 
ყოფილი სამეფო სასახლე პარიზის ცენტრში მდებარეობს.

მისი მთავარი მოედანი, რომელზეც ამჟამად ლუვრის პირამიდაა აღმართული, ერთ ხაზზეა შანზ-ელიზეს გასწვრივ და ამგვარად ქმნის ისტორიულ მონაკვეთს (Axe historique), რომელზეც პარიზის მრავალი ისტორიული მონუმენტია განლაგებული.
ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისთვის პირველად 1793 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს გაიხსნა.

რაც შეეხება მის ისტორიას, ლუვრი საუკუნის დასაწყისში (1200 წ.) აიგო მეფე ფილიპე ავგუსტის მითითებით, როგორც ციხესიმაგრე.
XIV საუკუნის ბოლოს ლუვრი მეფეთა რეზიდენციად გადაკეთდა.

1546 წელს იგი დაინგრა და მის ადგილას ფრანგმა არქიტექტორმა პიერ ლესკომ (1510-1574) სასახლე - აღორძინების ხანის შესანიშნავი ძეგლი ააგო. სკულპტურული დეკორი მოქანდაკე ჟან გუჟონმა შეასრულა.
მომდევნო საუკუნეებში (1600 წლიდან 1868 წლამდე) დაემატა ცალკეული კორპუსები და ფასადები. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ლუვრი მეფეთა რეზიდენცია აღარ იყო. იგი ჯერ მხატვრული ტილოების საცავად გადაკეთდა, ხოლო 1793 წლიდან კონვენტის დეკრეტით, ეროვნულ სამხატვრო მუზეუმად იქცა.


2. ორსეის მუზეუმი - მსგავსად ლუვრისა, პარიზში მდებარე კიდევ ერთმა სახელგანთქმულმა მუზეუმმა, რომელიც მსოფლიოში იმპრესიონისტთა საუკეთესო კოლექციებს ინახავს, კორონავირუსის გამო, დროებით მუშაობაზე უარი განაცხადა და დაიკეტა.

მუზეუმში ძირითადად მოთავსებულია 1848 - 1914 წლების ფრანგული ხელოვნების ნიმუშები: ფერწერული ტილოები, სკულპტურები, ავეჯი, სხვა ხელოვნების ნიმუშები და ფოტოები და როგორც აღვნიშნეთ, მუზეუმს იმპრესიონისტთა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია გააჩნია.

ორსეის დაარსების ისტორია კი ასე გამოიყურება - 1986 წელს ძველი გარ-ორსეი გახდა დამაკავშირებელიი ჯაჭვი ლუვრსა და პომპიდუს ცენტრს შორის, როცა ის რკინიგზის სადგურიდან მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ხელოვნების მუზეუმად გადააკეთეს.

აშენდა რა ვიქტორ ლალუს მიერ, ორლეანის რკინიგზის კომპანიის შეკვეთით, სადგურისა და მისი სასტუმროს ინაუგურაცია 1900 წლის მსოფლიო ექსპოზიციის დროს მოეწყო.

1939 წლიდან პრეზიდენტმა პომპიდუმ რკინიგზის სადგური ნაციონალურ ძეგლად გამოაცხადა და გადაწყვიტა შეექმნა მუზეუმი, როგორიც პარიზში ჯერ არ ყოფილა.

მუზეუმის ქვედა სართულზე ენგრის, დელაკრუას, მანეს, პიპიუვიდე შავანას და გუსტავ მოროს შედევრებია მოთავსებული.

მუზეუმის ზედა სართულზე კი წარმოდგენილია იმპრესიონისტების - მონეს, რენუარის, დეგას, მანეს: ასევე ტულუზ ლოტრეკის, გოგენის, ვან გოგის და ჯგუფის "ნაბი" პოსტიმპრესიონისტული ფერწერის შედევრები.

შუა სართულზე წარმოდგენილია 1870 წლიდან 1914 წლამდე პერიოდის ხელოვნების ნიმუშები: ოფიციალური ხელოვნება მე-III რესპუბლიკა, სიმბოლიზმი, აკადემიური ფერწერა და დეკორატიული ხელოვნება, რომელიც წარმოგვიდგინა გიმარომ, გალემ და ნანსის სკოლამ.

3. რომის კოლიზეუმი - კოლიზეუმი ის ერთ-ერთი, უძველესი ისტორიული ღირშესანიშენობაა, რომლის სანახავადაც იტალიაში მილიონობით ტურისტი ჩადის. იმის გათვალისწინებით, რომ იტალია ახალი კორონავირუსის ეპიცენტრია, მთავრობამ კოლიზეუმის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

თუმცა შეზღუდვა მხოლოდ ამ ისტორიულ ძეგლს არ შეხებია. ვირუსის გამო, იტალიაში დროებით ყველა მუზეუმი დაიხურა და ამასთანავე ყველა დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა, მათ შორის, გაუქმდა ყველა საფეხბურთო მატჩი.
რომის სიმბოლოს, გიგანტური ამფითეატრის მშენებლობა 70-72 წელს იმპერატორ ვესპასიანეს ზეობის დროს დაიწყო.

კოლიზეუმის მშენებლობა იმპერატორი ტიტუსის დროს დასრულდა და შემდგომი ცვლილებები იმპერატორი დომიციანეს ზეობისას შეიტანეს. კოლიზეუმიი რამდენჯერმე დააზიანა მიწისძვრამ.

ეს არის ელიფსური მოყვანილობის ნაგებობა, რომლის შუაგულში მდებარე არენის გარშემო, 4 იარუსად მაყურებლებისთვისაა განლაგებული ადგილები.

შესასვლელ-გასასვლელები აქ ისეა დაგეგმარებული, რომ უზარმაზარი ნაგებობა სულ რამდენიმე წუთში ივსებოდა მაყურებლით.

კოლიზეუმის არენაზე იმართებოდა გლადიატორთა ბრძოლები, სიკვდილმისჯილთა შერკინებები გარეულ ცხოველებთან და სხვა სასტიკი სანახაობები.

4. მილანის საკათედრო ტაძარი - იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 თებერვალს, ტურისტებში ყველაზე პოპულარული მილანის საკათედრო ტაძარიც დროებით დაიხურა. მთავრობამ აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდგე მიიღო, რაც ახალი ვირუსი ლომბარდიის რეგიონში გავრცელდა.

მილანის სიმბოლო გოთიკური სტილის საკათედრო ტაძარი, მშენებლობას დაახლოებით 6 საუკუნე დასჭირდა. იგი სიდიდით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

5. ვატიკანის მუზეუმი - კორონავირუსის ,,კულტურული კარანტინი“ კათოლიკური ეკლესიის ეპიცენტრსაც შეეხო. ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიღებულია გადაწყვეტილება ვატიკანის მუზეუმის დახურვის თაობაზე.
თავად რომის პაპის გადაწყვეტილებით კი, შესაძლოა, ტრადიციული საკვირაო ქადაგება პაპმა ვიდეოფორმატში განახორციელოს.

ვატიკანის მუზეუმს რაც შეეხება, ეს არის მსოფლიოში უდიდესი მუზეუმი, რომელიც რომის პაპმა იულიუს II-მ XVI საუკუნეში დაარსა.

2007 წელს მუზეუმს 4 მილიონ 310 ათას 083 ტურისტი ეწვია დასათვალიერებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ვატიკანის მუზეუმს ხშირად ძარცვავდნენ, ხშირად ზარალდებოდა ომის გამო, მაინც ერთ-ერთი საუკეთესო და უდიდესი ისტორიის მქონე მუზეუმია.

ამავდროულად, ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე ფართო კომპლექსის მქონე მუზეუმია მსოფლიოს მასშტაბით. მუზეუმის მონახულების დროს, როცა კორონავირუსის საფრთხე გადაივლის, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ პინაკოთეკას, პიუს-კლემენტის, რაფაელისა და სიქსტის კაპელას განყოფილებებს.

6. ლა სკალა - მთავარი საოპერო ნაგებობის დროებით დახურვის შესახებ მას შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რაც იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა.
საოპერო შენობა ორ წელიწადში, მარი-ტერეზა ავსტრიელის შეკვეთითა და არქიტექტორ ჯუზეპე პიერმარინის ხელმძღვანელობით, მას შემდეგ ააგეს, რაც ხანძრის გამო, ძველი საჰერცოგო თეატრი განადგურდა.

ლა სკალა გაიხსნა 1778 წლის 3 აგვისტოს ანტონიო სალიერის ოპერით -  l'Europa riconosciuta.

ამ შენობაში იდგმებოდა დომენიკო ჩიმაროზას, ჯუზეპე ვერდის და სხვათა ოპერები. იგი ქორეოგრაფიული ხელოვნების მთავარი ადგილიცაა. ყოველ წელიწადს იქ უამრავი საბალეტო წარმოდგენა იდგმება, კალასიკური ცეკვის უდიდესი ოსტატების მონაწილეობით. ამის გამო ლა სკალამ თითქმის მითოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა.

1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ლა სკალას შენობა დაიბომბა და მისი ხელახალი გახსნა 1946 წელს მოხერხდა.

ლა სკალას ყველაზე ცნობილი მთავარი დირიჟორი იყო არტურო ტოსკანინი. 1972 წელს იგი შეცვალა კლაუდიო აბადომ, 1986 წელს კი - რიკარდო მუტიმ. 2002 წლის 19 იანვარს შენობა დაიხურა განახლებისთვის საჭირო სამუშაოების გამო. განახლებას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი მარიო ბოტა. ხელახალ გახსნას ადგილი ჰქონდა 2004 წლის 7 დეკემბერს სალიერის იმავე ოპერით, რითაც თავდაპირველად გაიხსნა.

ლა სკალაში მუსიკალური სეზონი ტრადიციულად 7 დეკემბერს, მილანის მფარველი წმინდა ამბროზის დღეს იხსნება. ამავე შენობაში არის ლა სკალას მუზეუმი, სადაც ინახება სასცენო ნახატების, დეკორაციების, ქანდაკებებისა და კოსტიუმების უდიდესი კოლექცია. 

ანა ქორჩილავა