რატომ რჩება ქართული ჯარი ავღანეთში?
რატომ რჩება ქართული ჯარი ავღანეთში?

A+ A-

13:47 10/03/2020

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და “თალიბანს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, დგას თუ არა დღის წესრიგში ვღანეთიდან საქართველოს ჯარის გაყვანა?! 

როგორც “2020NEWS”-ს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, იქედან გამომდინარე, რომ შეთანხმება ნატოსა და “თალიბანს“ შორის არ შემდგარა, საქართველო როგორც ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის მჭიდრო პარტნიორი ქვეყანა, ავღანეთს არ დატოვებს და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში საკუთარი მისიის შესრულებას განაგრძობს.

“საქართველო, როგორც ნატო-ს კრიტიკული პარტნიორი და ალიანსის მომავალი წევრი, რჩება საერთო უსაფრთხოების პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული. მივესალმებით “თალიბანსა“ და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ჩვენის მხრივ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვაგრძელებთ მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საერთაშორისო პარტნიორების გვერდით საკუთარ კონტრიბუციას საერთაშორისო უსაფრთოების უზრუნველყოფისთვის. ამასთან, ვიმყოფებით აქტიური კონსულტაციების ფაზაში სტრატეგიულ პარტნიორებთან მისიაში ჩართულობის მოდალობებზე და სამომავლო გეგმებზე“,- განუცხადეს „2020NEWS”-ს თავდაცვის სამინისტროში.

BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და "თალიბანს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ამერიკა ავღანეთიდან ჯარის გაყვანას იწყებს. შეერთებულმა შტატებმა 135 დღის განმავლობაში ავღანეთიდან 8 600 ჯარისკაცი უნდა გაიყვანოს. შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ თალიბები ხელშკრულების პირობებს შეასრულებენ, ქვეყანას აშშ-სა და ნატოს მოკავშირეების ყველა სამხედრო 14 თვის განმავლობაში დატოვებს.

29 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და “თალიბანმა“ სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. ხელშეკრულებაში წერია, რომ თალიბებმა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავდასხმები აღარ უნდა მოაწყონ. აღსანიშნავია, რომ ავღანეთის მთავრობას ამ შეთანხმებაში მონაწილეობა არ მიუღია.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე