ავღანეთში 18 წლიანი ომი დასრულდა? როდის დაბრუნდება ქართული მისია სამშობლოში
ავღანეთში 18 წლიანი ომი დასრულდა? როდის დაბრუნდება ქართული მისია სამშობლოში

A+ A-

15:51 04/03/2020

29 თებერვალს, დოჰაში, აშშ-მა და „თალიბანის“ წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც აშშ ავღანეთს დატოვებს. ამის სანაცვლოდ, „თალიბანი“ ქვეყანაში სამშვიდობო პროცესების რეგულაციაზე იღებს პასუხისმგებლობას. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ასევე გაეროსა და ნატოს წარმომადგენლები. 

რას გულისხმობს შეთანხმება:

- 14 თვის განმავლობაში აშშ-სა და ნატოს ჯარების აბსოლუტური გამოყვანა ავღანეთიდან;

- „თალიბანის“ უარი გამოიყენოს ავღანეთის ტერიტორია, როგორც თავდასხმის არეალი;

- ავღანეთის ხელისუფლების მოლაპარაკებების ჩატარება გაეროს უშიშროების საბჭოსთან, რომელიც გულისხმობს სანქციების სიიდან „თალიბანის“ წევრების ამოღებას 29 მაისამდე; აშშ დ აჯგუფების გამოყვანას თავისი სანქცირებული სიიდან 27 აგვისტოს აპირებს;

- აშშ თავს შეიკავებს მოქმედებებისგან, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ავღანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და აცხადებს, რომ არ ჩაერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში.

- ავღანეთის ხელისუფლება ათავისუფლებს 5 ათასამდე თალიბ პატიმარს, სანაცვლოდ კი „თალიბანი“ ათავისუფლებს ათასამდე ავღანეთისა და ამერიკის უსაფრთხოების უწყების წარმომადგენელს. ​

შეაჩერებს თუ არა შეთანხმება ომს?

აშშ-მა ავღანეთში ჯარი 2001 წლის დეკემბერში შეიყვანა, მას შემდეგ რაც 11 სექტემბრის ტერაქტი მოხდა. თითქმის 18-წლიანი სამხედრო კამპანიის განმავლობაში, ავღანეთში 2 ათასამდე ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. 2014 წელს, ამერიკამ ქვეყნიდან ძირითადი ძალა გაიყვანა და მხოლოდ 13 ათასი ჯარისკაცი დატოვა. ავღანეთში ამერიკის გარდა იმყოფება ნატოს-ს მისია და ალიანსის მოკავშირე 39 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რომლებიც წვრთნიან და კონსულტაციას უწევენ ავღანელ სამხედროებს.  

თალიბანი-აშშ-ს ხელშეკრულებისგან ცალკე, ქაბულში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფა განისთან საერთო დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც ავღანურ მხარეს თალიბებთან მოლაპარაკებებში ჩართვას ავალდებულებს. ესპერმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი დაფიქრების გარეშე გააუქმებს შეთანხმებას, თუ „თალიბანი“ არ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს.

„თალიბანის“ ლიდერმა აბდულ განი ბარადარმა თავის მხრივ განაცხადა, რომ მოძრაობა აუცილებლად შეასრულებს დანაპირებებს.

საერთო შეთანხმება ეს არის თალიბებისა და ამერიკელების მოლაპარაკებების შედეგი, რომელიც 2018 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობდა. მსგავსი შეთანხმების დადებისთვის ყველაფერი მზად იყო გასული წლის სექტემბერშიც (დონალდ ტრამპი აპირებდა რომ თალიბები თავის რეზიდენციაში მიეღო), თუმცა ყველაფერი ჩაიშალა, მას შემდეგ რაც თალიბების მიერ მოწყობილმა ტერაქტმა ქაბულში ამერიკელი სამხედრო იმსხვერპლა. 

მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონსა და „თალიბანს“ შორის მშვიდობა არ არის მყარი, ეს ომის დასრულებისთვის კარგი შანსია. „დაჯგუფებამ ფაქტობრივად უკვე მიიღო საერთაშორისო აღიარება, ხოლო ტრამპისთვის მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიური საქმიანობა შედგეს და ამით ქულები დაიწეროს საპრეზიდენტო არჩევნებზე“, - აღნიშნავს თანამედროვე ავღანეთის ინსტიტუტის ექსპერტი ომარ ნასერი.

ომი თუ დასრულდა, ქართველი სამხედროებიც დატოვებენ ავღანეთს?

საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნატო-ს საერთაშორისო მისიას, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (ISAF) შემადგენლობაში, პირველად 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა. მისიის მიმდინარეობისას ეტაპობრივად იცვლებოდა ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა და მათი ამოცანები. თითქმის 16 წლის განმავლობაში, ქართული მისიის მხრიდან 32 სამხედრო დაიღუპა. 

ამჟამად, საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთში ერთი ბატალიონით და ორი ასეულით არის წარმოდგენილი. დაბრუნდებიან თუ არა ქართველი სამხედროები სამშობლოში, ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტებს გავესაუბრეთ.

„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებლის, ზურაბ აგლაძის აზრით, თუ ყველაფერი შეთანხმების შესაბამისად წავიდა, საქართველოს მისიაც ავღანეთში დასრულდება, თუმცა საერთაშორისი ასპარეზზე  საქართველოს წვლილს დანაკლისი ექნება. „სამწუხაროდ დანაკლისი გამოდის რაღაც მხრივ, თუმცაღა კომპენსირება უდნა მოვახდინოთ იმით, რომ ჩვენმა დიპლომატიამ იმუშაოს და რაც შეიძლება მეტი ინსტიტუციური რეფორმები გვქონდეს ქვეყანაში. გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა, გავაძლიეროთ ჩვენი ინსტიტუტები, ჩავატაროთ არჩევნები დემოკრატიულად და ეს იქნება იმის დასტური რომ წინ წავედით და ვუახლოვდებით დასავლურ ოჯახს“, - აღნიშნავს სამხედრო ექსპერტი. 

სამხედრო-პოლიტიკური ანალიტიკოსის ამირან სალუქვაძის აზრით, როდის დატოვებას ჩვენი ჯარი ავღანეთს, დამოკიდებული იქნება ვაშინგტონსა და თბილისს შორის მოლაპარაკებებზე. 

„ჩვენი ჯარი როდის დაიწყებს გამოსვლას და რამდენ ეტაპად გაგრძელდება ეს, დამოკიდებული იქნება საქართველო ამერიკას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ჯერჯერობით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეთი მოლაპარაკებები არ დაწყებულა. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად შესრულდება ეს შეთანხმება. თუ მშვიდობა შენარჩუნებული იქნა, რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები დადგენილ ვადებში გამოიყვანს ჯარებს, მაგრამ თუ იქნება შეთანხმების დარღვევის ნიშნები, მაშინ შესაძლოა, რომ ეს პროცესი გაიწელოს. თუ ყველაფერი გეგმიურად წავიდა, რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლება ამერიკასთან დაიწყებს ამ თემაზე მოლაპარაკებას, კერძოდ ეს ეხება თავდაცვის სამინისტროს და თავისთავად წამოიჭრება ეს საკითხი“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი. 

სალუქვაძის თქმით, საქართველოს მიერ გაწეულ სამსახურს არავინ დაივიწყებს. „ყველა მისია არ დასრულდება. ამ ეტაპზე ცენტრალურ აფრიკაში არის საქართველოს მცირე კონტიგენტი, რომელიც წარმატებით და პირნათლად ასრულებს იქ მოვალეობებს.  თუ ასეთი მასშტაბური ოპერაციები არ იქნება და ჩვენ არ ვიქნებით წარმოდგენილები, ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენი ღირებულება იკლებს. ჩვენ მანამდე კოსოვოში ვმონაწილეობდით საკმაოდ აქტიურად, უფრო მასშტაბურად ერაყში თავის დროზე და ა.შ. ეს არის მთლიანობაში საკმაოდ სერიოზული წვლილი, ამას არავინ ივიწყებს, ამიტომ ეს ყველაფერი დარჩება“, - აღნიშნავს ამირან სალუქვაძე.

რაც შეეხება რეგიონში პოლიტიკის შეცვლას, ექსპერტის აზრით, ავღანეთიდან ამერიკის გამოსვლის ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსი არ შეიცვლება.

„რაც შეეხება პოლიტიკას, რეგიონში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდები, თუ რა თქმა უნდა ტერორისტული აქტივობამ არ იმატა. ტრამპი არ ტოვებს აღმოსავლეთს. აბსოლუტურად სხვა ვითარება იყო 18 წლის წინ და განსხვავებული ვითარებაა ახლა. თუ საჭიროება არ არის ტერორისტული ოპერაციის გაგრძელების, რა საჭიროა კონტიგენტის ყოლა, თან მითუმეტესს ტრამპის დაპირება იყო ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა. ჯარის გამოყვანას წინ უნდა უძღოდეს სათანადო სამუშაოების ჩატარება და ფონის შექმნა, რომ ჯარების გამოყვანა შესაძლებელი გახდეს. როგორც ჩანს, ამერიკამ შეაფასა  დღევანდელი ვითარება ისე, რომ ჯარების გამოყვანა არის შესაძლებელი. თუ დაირღვევა შეთანხმება, არ არის გამორიცხული რომ ახალი მისია შედგეს“, - აღნიშნავს ამირან სალუქვაძე.

წყარო : "პრაიმტაიმი"