კაცს, რომელიც ქალს შანტაჟით სექსუალურ კავშირს აიძულებდა 5 წლით პატიმრობა მიესაჯა
კაცს, რომელიც ქალს შანტაჟით სექსუალურ კავშირს აიძულებდა 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

A+ A-

13:47 26/02/2020

კაცს, რომელიც ქალს შანტაჟით სექსუალურ კავშირს აიძულებდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულებისა და გამოძალვისთვის ბრალდებული კაცი დამნაშავედ ცნო.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ მოიპოვა ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები, რომლებიც 2019 წლის იანვარში დაზარალებულის მეგობარს გადაუგზავნა. აღნიშნული მასალის გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით, დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა და 300 ლარის გადაცემას მოითხოვდა", — ნათვქამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კაცს, რომელიც 2019 წლის 20 მაისს სიღნაღში დააკავეს, პროკურატურა ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის იძულება), 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ე.ი. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა) სდებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული კაცი წარდგენილ ბრალდებაში სრულად დამნაშავედ ცნო.