დიდი გადაადგილებები სააკაშვილის "ნაციონალურ მოძრაობაში" - "მიზიდულობის მესამე ცენტრი" ხაზარაძის "ლელოში"
დიდი გადაადგილებები სააკაშვილის "ნაციონალურ მოძრაობაში" - "მიზიდულობის მესამე ცენტრი" ხაზარაძის "ლელოში"

A+ A-

18:37 25/02/2020

ოპოზიცია დაპატიმრების მოლოდინშია, მმართველი პარტია და მისი მმართველი ოლიგარქი - ამერიკული სანქციების. ყოფილი „ნაციონალი“ გიგი უგულავა ციხეში შევიდა და იქიდან ასევე ყოფილი „ნაციონალი“ ვანო მერაბიშვილი გამოვიდა.

მოსახლეობის 60%-ს კი ჯერ არ გადაუწყვეტია, 2020-ის არჩევნებისთვის დაპატიმრებულებზე შეაჩერებს თავის არჩევანს თუ - სანქციადადებულებზე. მართალია, ხელისუფლებას არ უნდა, მაგრამ ოპოზიციაში მიზიდულობის ახალი ცენტრები იქმნება და 2020 წლის არჩევნები ორპოლუსიანი აღარ იქნება!

უკვე დაპატიმრებულმა ოპოზიციონერმა, გიგი უგულავამ მოახერხა და ოპოზიციას ერთობა შეანარჩუნებინა. თუმცა, ამავე ოპოზიციაში რჩება „აქილევსის ქუსლი“ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პირადი შტაბის შექმნა უგულავას დაჭერამდე დაანონსა და ამ დაპატიმრებამ შეუფერხა იდეის რეალიზების პროცესი. არავინ იცის, რას მოიმოქმედებს „მეორე აქილევსის ქუსლი“ ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ციხიდან გამოსვლისთანავე პოლიტიკაში მოსვლაც დაანონსა და ხელისუფლების დამხობაც.

მაშ ასე, ვიდრე დასავლეთი შეხვედრებით, კონგრესმენ-სენატორების წერილებით, ევროპარლამენტარებისა და ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებებითა და კულისებსმიღმა საუბრებით საქართველოს მმართველი ძალის არადემოკრატიული ქმედებების შეჩერებას ლამობს, მანადე ოპოზიციაში მომავალი გაერთიანებების მონახაზები უკვე იკვეთება.

მამუკა ხაზარაძისა და მიხეილ სააკაშვილის ომი ამომრჩევლისთვის

ე.წ. მესამე ძალაზე, შეიძლება ითქვას, მიზიდულობის ახალ პოლიტიკურ ცენტრზე პრეტენზიას ახალი პოლიტიკური ძალა „ლელო საქართველოსთვის“ აცხადებს. ეს პარტია ქართულ ოპოზიციას 2019 წლის ბოლოს, 22 დეკემბერს შეემატა. „2020NEჭშ“-ის ინფორმაციით„ დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობის“, ფიქრია ჩიხრაძის „ახალი მემარჯვენეებისა“ და მამუკა ხაზარაძის სამოქალაქო მოძრაობა „ლელოს“ გაერთიანების შედეგად მიღებული პოლიტიკური პარტიის გამსხვილება ამით არ დასრულდება.

მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური ცენტრის გამსხვილების პროცესი კი ასე გაგრძელდება:

ის, რომ პოლიტიკაში მობრუნდებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ამას პოლიტიკური სპექტრი ელოდა. მისი ასოცირება უკვე ხდება პარტიასთან „ლელო საქართველოსთვის“ და არც თუ უსაფუძვლოდ. ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის თითქმის, მთელი ყოფილი ადმინისტრაცია, „მემარჯვენეების“ ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის ხელმძღვანელობით, „ლელოშია“.

ცოტათი განსხვავებული სიტუაციაა ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან მიმართებაში, რომელიც ამ დრომდე აცხადებს, რომ პოლიტიკაში არ მობრუნდება. თუმცა, პოლიტიკაში არის მისი გუნდი, რომელმაც პროპორციული არჩევნების ჩაგდებისთვის დატოვა „ქართული ოცნება“.

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ რამედენადაც ივანიშვილმა კვირიკაშვილი თავის ვიც-პრემიერთან ერთად ბიუჯეტური 700 მილიონის არამიზნობრივი ხარჯვის ზეპირი „ბრალდებით“ გააცილა თანამდებობიდან, კვირიკაშვილმა შესაძლოა, მართლაც უარი თქვას პოლიტიკაში დაბრუნებაზე, ანდაც ეს არჩევნებამდე ძალიან ახლო პერიოდში გააკეთოს. მიზეზი კი ისაა, რომ ივანიშვილს არც კვირიკაშვილის „ციხეში გადამისამართება გაუჭირდება“.

აქედან გამომდინარე, უფრო სავარაუდოა, რომ პოლიტიკაში კვირიკაშვილის გუნდი შემოვა და არა - თავად ის.

ახლა კი კვირიკაშვილის გუნდის შესახებ. სულ ახლახანს ახალი პარტიის შექმნა „ქართული ოცნებიდან“ წასულმა ორმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ და კობა ნარჩემაშვილმა დაანონსეს. ამ პარტიაში გაერთიანდებიან დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც „ოცნებიდან“, ფეოდალი მაჟორიტარების წყალობით, პროპორციული არჩევნების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების გამო წავიდნენ.

შეგახსენებთ, 2019 წლის ნოემბერში “ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა: მარიამ ჯაშმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, კობა ნარჩემაშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ და ლევან კობერიძემ “დამოუკიდებელი დეპუტატების“ ფრაქცია შექმნეს და ოპოზიციის რანგში პოლიტიკური სტარტის აღება დაანონსეს.

“2020NEWS“-ს ეს ინფორმაცია კობა ნარჩემაშვილმა უკვე დაუდასტურა. მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატებმა საპატიო მიზეზით დატოვეს „ქართული ოცნება“, მათ, შეუძლებელია ჰქონდეთ ილუზია, რომ საარჩევნო ველზე, როცა ეს პოლიტიკური ველი საარჩევნო სუბიექტებით გადავსებულია, რაიმე დამაჯერებელ გამარჯვებას დამოუკიდებლად მოიპოვებენ. შესაბამისად, ისინი გამსხვილებისა და პარტნიორების ძიების გზას აუცილებლად მიმართავენ.

მათი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, „ნაციონალებთან“, ან მათ ორბიტაზე მოტრიალე პარტიებთან კოალიციის შექმნა დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან წარმოუდგენელია. ჩვენი ინფორმაციით, „არც ნაცები, არც ქოცების“ დევიზით, ეს პარტია, „ლელო-საქართველოსკენ“ გადაიხრება.

შესაბამისად, როცა, ჯერჯერობით, საარჩევნო ბლოკების თემა გარდაუვალი რეალობაა, რადგან მმართველმა პარტიამ პროპორციული არჩევნების საკითხი ჩააგდო, მერე კი უგულავას დაკავებით ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდიდან გააქცია, კობერიძის პარტია ხაზარაძის „ლელოსთან“ კოალიციაში აუცილებლად აღმოჩნდება.

თანაც თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ორივე მათგანს, ხაზარაძესაც და კობერიძესაც საერთო პიროვნებასთან, ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს, ამ ბლოკის შექმნა კიდევ უფრო რეალური ხდება.

როგორც უკვე იცით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკში“ 17 მილიონამდე ამერიკული დოლარის გათეთრებას ედავებიან და სასამართლო პროცესები თითქმის ყოველ მეორე დღეს იყო ჩანიშნული, ვიდრე მესამე განსასჯელი, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამა, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი შეუძლოდ არ შეიქმნა და სხდომის გადადება ამის გამო არ გახდა აუცილებელი. ზოგადად, სასამართლო პროცესი იმდენად დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, ოპოზიციაში ღიად აცხადებენ, რომ ივანიშვილს ამ ორი პოლიტიკოსის დაჭერა ეჩქარება.

ივანიშვილს ამ ორის დაჭერა ეჩქარება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ პარტიას მოიშორებს თავიდან, არამედ იმიტომაც, რომ ეკონომიკურად ძლიერ ხაზარაძეს არც ის გაუჭირდება, მესამე პოლუსი გააჩინოს ორპოლუსიან პოლიტიკურ სივრცეში. მესამე ძალა კი „არც ნაცი, არც ქოცი“ ამომრჩევლის პირდაპირი თავშესაფარია. სწორედ ამ მესამეს ელოდება ყველა, ვისაც არც „ნაციონალები მოსწონს, აღარც -„ოცნება“.

ამ ეტაპზე ხაზარაძე და „ლელო“ მესამე ძალაზე სერიოზულ განცხადებას ვერ აკეთებენ და არც გასაკვირია, რადგან სულ რაღაც ორი თვეა, რაც პარტია დაარსდა. თუმცა, სწორი პოლიტიკური და პიარსტრატეგიის შემუშავების შემთხვევაში, ამ პარტიას „მესამე ცენტრად“ ქცევის ყველაზე დიდი შანსი აქვს.

ვინ შეიძლება იტრიალოს "ლელოს“ ორბიტაზე?

ჩვენი ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიდის ბევრთან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კობერიძე თავისი დამოუკიდებელი დეპუტატებით „ლელოს“ აუცილებლად შეუერთდება.

ჩვენი ინფორმაციით, შეთავაზება გაკეთდა ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის ყოფილ საპარლამენტო მდივანთან, ანა დოლიძესთანაც. დოლიძე თავისი პარტიის შექმნას აპირებს და ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, რა ფორმით იბრძოლებს მომავალ არჩევნებში, ანუ რომელ პოლიტიკურ ძალასთან აღმოჩნდება კოალიციაში. ის კონსულტაციებს მარგველაშვილთანაც აწარმოებს. შესაბამისად, „ლელომდეც“ ერთი ნაბიჯია.

პოლიტიკურ წრეებში მამუკა ხაზარაძესთან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკურ ალიანსსაც არ გამორიცხავენ. ხაზარაძის „ლელოსთან“ ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის“ ალიანსი ამომრჩევლისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება.

პოლიტიკურად ხალხს დოლიძისა და ელისაშვილის „ბრენდები“ მობეზრებული არ აქვს. ახალი თაობის ეს პოლიტიკოსები პოლიტიკურ ბაზარზე პირდაპირ „ლელოს“ კონკურენტებად აღიქმებიან. ერთი ამომრჩევლის რესურსიც დაკარგვაც კი, როცა კონკურენცია მაღალია, რა თქმა უნდა, არ აწყობს არც ამ ორს და არც ხაზარაძის „ლელოს".

თუმცა, არჩევნების ბედი არა მარტო მოზიდულ ადამიანურ რესურსზეც იქნება დამოკიდებული, არამედ - ფინანსურზეც. ფინანსები „ლელოს“ მხარესა, „არც ნაცი, არც ქოცი“ ამომრჩევლის გემოვნებაში კი ხაზარაძეც ჯდება, დოლიძეც და ელისაშვილიც. ამომრჩევლების ხმების გაყოფა რომ აიცილოს თავიდან, „ლელოს“ თავის მიზიდულობის ცენტრში ამ ორი პოლიტიკოსისა და მათი პარტიების მოზიდვა მოუწევს.

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მამუკა ხაზარაძის „მიზიდულობის ცენტრში“ ამდენი „წონიანი“ ფიგურის თავმოყრა, პირდაპირ სააკაშვილის წისქვილზე არ ასხამს წყალს. რადგან სწორედ ხაზარაძის „ლელო“ იქნება ის ძალა, რომელიც მას წაართმევს იმ პროდასავლურ ამომრჩეველს, ვინც არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ არ შემოხაზავს.

ჩვენი ინფორმაციით, სწორედ პროდასავლური ამომრჩეველის „ხელიდან გამოცლაა“ ის ფაქტორი, რომელიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის „მიზიდულობის ცენტრში“ „ლელოსთან“ მიმართებაში ყველაზე მეტად აღიზიანებთ. პროდასავლურობის ნიშის დაკავებას ხომ მოქმედი „ნაციონალები“ და მათი განაყარი „ევროპელი დემოკრატები“ ყველაზე თავგამოდებული ცდილობენ.

სააკაშვილის „მიზიდულობის ცენტრი“

ამასობაში, მუდმივი და მყარი ელექტორატის მქონე ლიდერ ოპოზიციურ პარტიაში, „ნაციონალური მოძრაობაში“ დიდი ამბებია და ეს მხოლოდ სკანდალური ექსმინისტრის, ვანო მერაბიშვილის გამოშვებასთან არაა კავშირში.

როგორც ცნობილია, პირველ მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ უპირობო ლიდერმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკუთარ ბიბლიოთეკაში პირადი შტაბის გახსნა დაანონსა. “2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ერთიანია კოორდინაციის თვალსაზრისით, წამყვანი ოპოზიციური პარტია ორპოლუსიანი მოცემულობის შენარჩუნებისთვის ემზადება.

ამ ეტაპზე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას ალიანსი „გაერთიანებული ოპოზიციის“ ეგიდით, უკვე შეკრული აქვს. ფაქტობრივად, ერთკაციან პარტიებთან. ეს პარტიებია: თაკო ჩარკვიანის -„კანონი და სამართალი“, ბაჩუკი ქარდავას - „ედპ“, , ნიკოლოზ ვაშაკიძის -„ახალი საქართველოსთვის“, ნიკა მაჭუტაძის - „სახელმწიფო ხალხისთვის“, შოთა მალაშხიას - „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“, ზურაბ ხარატიშვილი - „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, მამუკა გამყრელიძის - „საქართველო ლიდერთა შორის“, მურმან დუმბაძის - „ემსახურე საქართველოს“.

ამ პირობით გაერთიანებაში შედიან „რესპუბლიკელები“ და გიორგი ვაშაძის - „ახალი საქართველოც“.

ამ პარტიებიდან ზოგი ახალი შექმნილია, ზოგსაც ძველი დიდება ახსოვს, მაგრამ არცერთი მათგანი დიდი პოლიტიკური და ადამიანური კაპიტალით არ გამოირჩევა. შესაბამისად, მთავარ ოპოზიციურ პარტიას ვერც არჩევნებზე მოუტანენ დიდ საარჩევნო „მოსავალს“.
თუმცა, ამ გაერთიანებამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი სიტყვა თქვა და მათმა კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, გრიგოლ ვაშაძემ კინაღამ დაამარცხა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვაშაძემ მაშინ არათუ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების, არამედ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების ხმებიც მიიღო. გამარჯვებაც ამის შედეგად დადო.

ყოველ შემთხვევაში, საქმე მეორე ტურამდე ნამდვილად მივიდა. ვაშაძის ხმების რაოდენობაც სოლიდური იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგივე ელექტორატი საპარლამენტო არჩევნებზე ისევ ამ გაერთიანებისკენ, ანდაც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისკენ“ მომართავს საკუთარ ხმებს. სავარუდოდ, ეს ის ამომრჩეველია, რომელსაც „ოცნება“ აღარ უნდა ხელისუფლებაში. ამ ამომრჩეველს სჭირდება ახალი ძალა. ვიდრე ახალ ძალაზე გადავიდოდეთ, მანამდე ისევ „ნაციონალური მძრაობის“ წიაღში მიმდინარე ცვლილებებს დავუბრუნდეთ.

ახლა რაც შეეხება, “ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებულ ერთკაციან პარტიებს, როგორც “2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, მათმა ლიდერებმა ხელშეკრულებისმაგვარი დოკუმენტი მოამზადეს და მიხეილ სააკაშვილს კიევში გაუგზავნეს. ამ დოკუმენტში ეწერა, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდა პასუხისმგებლობას, „ერთკაციანი“ პარტიის ლიდერები საარჩევნო სიის პირველ ოცეულში ჩაესვა. ამაზე მიხეილ სააკაშვილი სერიოზულად გაბრაზებულა და „ერთკაციან“ პარტიების ლიდერებისთვის უარი შემოუთვლია.

აურზაური „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამით არ დამთავრებულა. ექსპრეზიდენტს, როგორც უკვე ცნობილია, სერიოზულად აქვს დაძაბული ურთიერთობა პარტიის თავმჯდომარესთან, გრიგოლ ვაშაძესთან და მის ჩანაცვლებას აპირებს.

ჩანაცვლების სქემა კი ასეთია: გრიგოლ ვაშაძის ადგილს პარტიის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი ნიკა მელია დაიკავებს. თუმცა, ამ გადაწყვეტილების განხორციელებამდე ჯერ მელიას სასამართლო პროცესს ელოდებიან. სხდომა 10 მარტს არის დანიშნული. თუ მელიას პატიმრობას არ შეუფარდებენ, მაშინ ის პარტიის თავმჯდომარე ნამდვილად გახდება, ვაშაძე კი პარტიის კულისებში გადაინაცვლებს.

ცვლილებები „ნაციონალურ მოძაობაში“ ამით არ დასრულებულა და ვიდრე ვანო მერაბიშვილის საკითხი გაირკვევა, მიხეილ სააკაშვილმა პარტიაში ბიზნესმენი კობა ნაყოფია გააქტიურა აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე.

„პარტიის ყრილობა განსაზღვრავს პარტიის წესდებას. წესდების მიხედვით, ჩვენთან არის გათვალისწინებული აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა, ეს თანამდებობა დაკავებული მე მაქვს. ახალი წესდებით, გენერალური მდივნის თანამდებობა გათვალისწინებული არ არის. წესდების მიხედვით, ჩვენთან არის აღმასრულებელი მდივანი და პარტიის თავმჯდომარე. საკადრო გადაადგილებებზე საუბარი ზედმეტია. ჩვენთან გადაადგილებები ნამდვილად არ იგეგმება“,- განუცხადა კობა ნაყოფიამ “2020NEWS“-ს.

პარტიაში რაიმე ტიპის გადაადგილებები უარყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემაც. “ეს არასერიოზული ინფორმაციაა. “ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო გადაადგილებები არ იგეგმება“, - განაცხადა გოცირიძემ.


თუმცა, ინფორმაცია არასერიოზული სულაც არ არის. როგორც ცნობილია, პარტიამ გენერალური მდივნის თანამდებობა მას შემდეგ გაუქმა, რაც გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დააპატიმრეს.

“2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ნაყოფიას გენერალური მდივნობისთვის ამზადებენ. ეს თანამდებობაც პარტიის წესდებაში დაბრუნდება და მას ისევ მერაბიშვილი კი არა, ნაყოფია დაიკავებს. სააკაშვილს ასე აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ბევრი რამ იქნება

დამოკიდებული მერაბიშვილის საბოლოო გადაწყვეტილებაზე, თუ ის საბოლოოდ ჩამოყალიბდება, უნდა თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გააქტიურება.

„იმ ვანოს“ გადაწყვეტილებამდე კი არა, ციხიდან გამოშვებამდე ნაყოფიამ აღმასრულებელი მდივნის ამპლუაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივთან შეხვედრები უკვე დაიწყო. სხვათაშორის, სწორედ ნაყოფიას გააქტიურების შემდეგ პარტიამ საარჩევნო კომისიის მოქმედი წევრების „დოსიეს“ შემოწმება და გადახედვა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, 2020 წლის არჩევნებისთვის მათი ჩანაცვლება სხვა წევრებით მასიურად მოხდება.

ასეთი სიტუაციაა, ჯერჯერობით, ისევ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში. პარტიის შიგნით სერიოზული „წმენდის“ პროცესი მიმდინარეობს, რათა მომზადებული დახვდეს იმ მიზიდულობის ცენტრს, რომლის შექმნასაც ექსპრეზიდენტი სააკაშვილი აპირებს. ახალი ცენტრი ახალ სახეებსაც გულისხმობს.

შეგახსენებთ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ წმენდა იწყებოდა, ძველი სახეები რომ წამყვან პოზიციებზე ვეღარ აღმოჩნდებოდნენ და კონკურენციას ვეღარ გაწევდნენ ახლებთან, ამის პირველი ნიშანი პარტიას მაშინ დაეტყო, როცა მისი რიგები პოლიტსაბჭოს სამმა წევრმა დატოვა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზაზა ბიბილაშვილმა, მარიამ გერსამიამ და ნინო კალანდაძემ დატოვეს. მაშინ ზაზა ბიბილაშვილმა “2020NEWS”-თან პარტიიდან წასვლის მიზეზები განმარტა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებაში ახალი არაფერია, რადგან ისინი პარტიულ საქმიანობას, დაახლოებით, ორი წელია, ჩამოშორდნენ. ამასთან, როგორც ბიბილაშვილმა სააგენტოსთან აღნიშნა, პარტიიდან წასულების მთელი ენერგია “ჭავჭავაძის ცენტრის“ განვითარებისა და სამომავლო მიზნების შესრულებისკენ არის მიმართული.

ბიბილაშვილის ეს განმარტება დაახლოებით იმ სტილშია გაკეთებული, სააკაშვილის დროს მინისტრის პოსტებს რომ ტოვებდნენ მინისტრები და იძახდნენ, საზღვარგარეთ სასწავლებლად მივდივართო....

„ნაციონალური მოძრაობისა“ და მიზიდულობის ცენტრების შესახებ ისტორია ამით არ დასრულებულა. თუ როგორ აპირებს ექსპრეზიდენტი პოლიტიკური სიტუაციის „ამოყირავებას“, ამის თაობაზე გაგრძელება იქნება ...

რუსა მუმლაძე