თორნიკე ართქმელაძეს საბჭოთა კანონით ასამართლებენ - კახა კოჟორიძე
თორნიკე ართქმელაძეს საბჭოთა კანონით ასამართლებენ - კახა კოჟორიძე

A+ A-

13:19 25/02/2020

დღეს, ვარკეთილში, „ანას ბაღში“, საადვოკატო საქმიანობის განხორციელების დროს დაკავებული, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრის, ადვოკატ თორნიკე ართქმელაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. „ლელოს“ წევრები თანაპარტიელის უკანონი დაკავებას სასამართლოს წინ გააპროტესტებენ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა კოჟორიძის განცხადებით, ადვოკატ ართქმელაძის მიმართ წაყენებული ბრალი არასწორად არის დადგენილი და სასამართლო მას საბჭოთა კავშირის დროინდელი ადმინისტრაციული კოდექსით ასამართლებს.

- ბატონო კახა, დღეს თორნიკე ართქმელაძის სასამართლოა. რას ედავებიან დვოკატ ართქმელაძეს?

- თორნიკეს გასამართლება ხდება 1984 წელს, საბჭოთა პერიოდში მიღებული ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე. ჩვენ ვფიქრობთ, 21-ე საუკუნეში ადამიანების კიდევ საბჭოთა კავშირის დროინდელი კოდექსით გასამართლება უკვე ძალიან დიდი სირცხვილია. წლები ვმუშაობდით იმაზე, რომ ადმინისტრაციულ სამართლადრღვევათა კოდექსი საერთოდ გაუქმებულიყო, მაგრამ ვერცერთმა ხელისუფლებამ ეს ვერ, ან არ გააკეთა.

არ გააკეთეს იმიტომ, რომ ამ კანონს კარგად იყენებენ დემონსტრანტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ.

უშუალოდ თორნიკეს დაკავებას რაც შეეხება, თორნიკე იქ იყო მისული როგორც აქტივისტი. ამავდროულად თორნიკე არის ადვოკატი, პოლიტიკური პარტია „ლელოს“ წევრი. აქციაზე თორნიკემ დაინახა, რომ აკავებდნენ ირაკლი ჯუღელს. ირაკლი ჯუღელიც აქტივისტია, რომელიც ნოემბრის მოვლენებში აქტიურად იყო ჩართული. მაშინაც დააკავეს ჯუღელი. მე და თორნიკე მისი ადვოკატები ვართ. ჯუღელის დაკავების დროს, თორნიკე პოლიციელს შეეკითხა, რატომ აკავებთო და ამ შეკითხვის გამო თორნიკეც დააკავეს.

ადვოკატი თორნიკე ართქმელაძე დააკავეს თავისი პროფესიული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, რაც ცხადია, მიუღებელია და დაუშვებელია. პოლიციელებს ამის უფლება არ ჰქონდათ.

- რომელი მუხლით აქვს ბრალი წაყენებული?

- ადმინისტარციული კოდექსის 173-ე მუხლით. პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაში ედება ბრალი.

- დააკონკრეტეთ, რას გულისხმობთ საბჭოთა კავშირის დროინდელი კანონით გასამართლებაში?

- ადმინისტრაციული კოდექსი 1984 წელს არის მიღებული, წლების განმავლობაში ცვლილებები შევიდა, მაგრამ არ გახდა თანამედროვე ეს კოდექსი, სადაც გაწერილი იქნება ბრალდებულის, ადვოკატისა და მეორე მხარის უფლებები, ანუ ამ კანონში სტანდარტი არ არსებობს.

ამაზე არაერთი კველავაა დაწერილი. მეც, როცა ვიყავი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და მანამდეც, ჩემი წინამორბედებიც, ამ კანონპროექტის დახვეწასა და საერთოდ გაუქმებაზე ვმუშაობდით, მაგრამ ვერ და არ გააკეთეს ეს.

პირიქით „ოცნებამ“, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გაამკაცრა სანქციები, მაგალითად - თუ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მსგავს დარღვევაზე ჯარიმა 400 ლარი იყო, ახლა 4 000 ლარამდე არის გაზრდილი. რატომ გაიზარდა? იმიტომ რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს სანქცია ადამიანების დასაშინებლად გამოიყენოს. ამ გაღატაკებულ ქვეყანაში ყველაზე მტკივნეული არის ჯარიმა. აქტივისტი, რომელიც გამოდის აქციაზე და სახლში 3000 ლარიანი ჯარიმით ბრუნდება, რა თქმა უნდა, ეს არის ქტივისტების დასაშინებლად შესული ცვლილება, რაც აჩვენებს „ქართული ოცნების“ ნამდვილ სახეს.

რაც შეეხება ამ კოდექსით დაკავებული ადამიანების საქმეების სასამართლოში განხილვას, აქ ხდება სრული კატასტროფა. სტანდარტი სრულიად მოშლილია.

სასამართლო სისტემაში ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული მოსამართლე იყო ვალერიან ფილიშვილი, რომელმაც ყველანარი სტანდარტის დარღვევით, ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე განიხილა აქტივისტების სააქმეები და გაასამართლა ხალხი.

დღეს, გარდა იმისა, რომ მხარს ვუჭერთ პოლიტიკური პარტიის „ლელო“ წევრის, თორნიკეს პროფესიულ საქმიანიობასა და მის აქტივიზმს, რა თქმა უნდა, ვაპროტესტებთ იმას, რომ 21-ე საუკუნეში, თავისუფალი საქართველო რომ გვქვია, კვლავ საბჭოთა კანონმდებლობით, საბჭოთა სულისკეთებითა და საბჭოთა ტრადიციების ფონზე განვიხილავთ ასეთ საქმეებს.

როდესაც საუბარია პოლიციელის მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობაზე, ამას თუ თან ახლავს ძალადობა, ეს უკვე სისხლის სამართლის კოდექსით არის დასჯადი ქმედება, მაგრამ როდესაც არის მხოლოდ დაუმორჩილებლობა, ეს არის ადმისტრაციული დანაშაული. ჩვენ იმას კი არ ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ, უნდა იყოს თუ არა ეს კონკრეტული მუხლი ადმინისტაციულ დარღვევათა კოდექსში, არამედ იმას, რომ ჯარიმა ასეთი დიდი ოდენობის არ უნდა იყოს. ამათანავე, უნდა განიმარტოს, როგორ დგინდება ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევა, ნამდვილად ჩაიდინა თუ არა მოქალაქემ ეს დანაშაული.

ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რა არის დარღვევა, არამედ ის, როგორ ვადგენთ ამ დარღვევას, ეს არის ცენტრალური საკითხი. მაგალითად, მარტო ერთი პოლიციელის ჩვენება საკმარისია, თუ კიდევ სხვა მტკიცებულებები უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგალითად

ვიდეო მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, შეიძლება თუ არა, გადაიდოს სხდომა მტკიცებულებათა გამოთხოვის მოთხოვნით, რა უფლებები უნდა ჰქონდეს ადვოკატს და ა.შ. სწორედ, ეს საკითხებია თანამედროვე დონეზე დასალაგებული ამ კანონში.

- აქედან გამომდინარე, თორნიკეს უსამართლოდ აქვს ბრალი წაყენებული?

- თორნიკეს დარღვევა არ ჩაუდენია. მას ბრალი წაუყენეს იმაში, რომ ვითომ არ დაემორჩილა პოლიციელს, რაც აბსურდია. პოლიციელმა თავად მოიტანა თორნიკეს დაკავების ვიდეო ჩანაწერები, არა მხოლოდ სამხრე კამერით, არამედ სხვადასხვა მედია საშუალებებით გადაღებული კადრები, სადაც ნათლად ჩანს, რომ თორნიკეს დარღვევა არ ჩაუდენია

შეგახსენებთ, ვარკეთილში, "ანას" სკვერთან მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით აქციები რამოდენიმე თვის წინ დაიწყო. საერთოდ კი, ვარკეთილში, „ანას ბაღის” დასაცავად გამართულ აქციიებზე 6 ადამიანია დაკავებული.

კატო მაზიაშვილი