სააკაშვილს შევხვდი, ზელენსკის მეორე ჩასვლაზე შევხვდები - რატომ იმყოფება ახლა მალხაზ მაჩალიკაშვილი თურქეთში?!
სააკაშვილს შევხვდი, ზელენსკის მეორე ჩასვლაზე შევხვდები - რატომ იმყოფება ახლა მალხაზ მაჩალიკაშვილი თურქეთში?!

A+ A-

13:24 24/02/2020

„2020NEWS“-მა თურქეთში მყოფ თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

მაჩალიკაშვილმა სააგენტოს დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

ამასთან, როგორც მაჩალიკაშვილმა განაცხადა, ამჟამად თურქეთში იმყოფება, რათა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტე გამსახურდია მოინახულოს, რომელიც თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

რატომ შეხვდა მაჩალიკაშვილი მიხეილ სააკაშვილს? და რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე? - ამ და სხვა მნიშვნელოვან  თემებთან დაკავშირებით მაჩალიკაშვილმა 2020NEWS”-თან  ინტერვიუში ისაუბრა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი: როგორ ფიქრობთ, კიევიდან ისე წამოვიდოდი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს არ შევხვდებოდი?! დიახ, პრეზიდენტსაც შევხვდი და სხვა უამრავ ადამიანსაც.

- ბატონო მალხაზ, რატომ შეხვდით მიხეილ სააკაშვილს?

- ოდესის ერთ-ერთ ტელევიზიაში ვიყავი მიწვეული, შემდეგ კიევში მიმიწვიეს. მქონდა დაგეგმილი, რომ სააკაშვილს უნდა შევხვედროდი. სააკაშვილთან საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ვისაუბრე. ის მსოფლიოს რეფორმატორი ადამიანების რიგებში შედის. სააკაშვილი მსოფლიო დონის პოლიტიკოსია. მას უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზეც ვესაუბრე. ყველაფერს დეტალურად ვერ მოგიყვებით.

- კიდევ  ვინ ესწრებოდა თქვენსა და  სააკაშვილს შორის გამართულ შეხვედრას?

- ეს პირადულია. კანონი არ მზღუდავს, ვისაც მინდა შევხვდები და დაველაპარალები. შევხვდი იმ ადამიანებს, რომლებთანაც დალაპარაკება საჭირო იყო.

- მიიღეთ რაიმე სახის გადაწყვეტილება სააკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე?

- გადაწყვეტილება მივიღეთ თუ არა, ჩემი პირადი საქმეა. მე ყველაზე კარგად ვიცი, საქართველოში რა მდგომარეობაა. ამჟამად თურქეთში ვიმყოფები. აქედან ისევ კიევში ჩავფრინდები. 

ჩემს შორეულ ჩეჩენ მეგობრებს, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის მეგობრები არიან, ჰქონდათ სურვილი, რომ ზელენსკის შევხვედროდი, თუმცა ვერ შევხვდი. ვფიქრობ, რომ ზელენსკის მეორე ჩასვლაზე შევხვდები.

- ვლადიმერ ზელენსკის თქვენთან შეხვედრის სურვილი აქვს?

- ვფიქრობდი, რომ უკრაინაში ზელენსკის შეხვედროდი. მასთან შეხვედრის სურვილი მე მქონდა. ზელენსკისთან შეხვედრა მინდოდა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი სურვილი არ გამიჟღერებია. მეორედ რომ ჩავალ, შევეცდები, რომ შევხვდე.

- რატომ ეწვიეთ უკრაინის შემდეგ, თურქეთს?

- თურქეში ცოტნე გამსახურდიას სანახვად ვარ ჩამოსული. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ის არის დამოუკიდებელი ქვეყნის პირველი პრეზიდენტის შვილი. ვფიქრობ, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა აინტერესებდეს ცოტნე გამსახურდიას ბედი. იმედი მაქვს, რომ მასთან პალატაში შემიშვებენ.

- თქვენმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი სუს-ის ყოფილი უფროსის, სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ გაქეზებდათ. ეთანხმებით ადვოკატის პოზიციას?

- ჩემზე გავლენას კაციშვილი ვერასდორს მოახდენს და არც წარსულში მოუხდენია. ჩემი აზრის იქით, არც ერთ ადამიანს ვუსმენ.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე