საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო

ვამაყობ ვანოს გაუტეხლობით. ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება - სააკაშვილი
ვამაყობ ვანოს გაუტეხლობით. ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება -  სააკაშვილი

A+ A-

10:53 20/02/2020

"ვამაყობ ვანოს გაუტეხლობით...ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს და სკანდალური ექსმინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება. 

„მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება.

მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ“, - წერს სააკაშვილი.

ცნობისათვის, თითქმის 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია. 

ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს.

საერთო სასამართლოებში მერაბიშვილის მიმართ განხილული საქმეები და სასჯელის ვადები ასეთია:

1.“აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე - 2 წელი და 3 თვე;

2. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა - 3 წელი;

3. აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს - 4 წელი და 6 თვე;

4. მითვისება გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა - 5 წელი;

5. ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება - 6 წელი და 9 თვე. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მერაბიშვილმა სასჯელის შემცირების მიზნით, არაერთხელ მიმართა უდოს კომისიას, თუმცა უწყებამ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მიმართვა არ დააკმაყოფილა.

მერაბიშვილის პატიმრობის სკანდალს უკავშირდება 2013 წლის 14 დეკემბერს ე.წ. მისი "მატროსოვის ციხიდან" მისი უკანონო გაყვანა, რაზეც შემდგომში მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

მერაბიშვილის ჩვენების მიხედვით, 14 დეკემბრის, ღამის 2 საათზე, იგი გაიყვანეს თბილისში, აბუსელიძე-ტბელის ქუჩაზე მდებარე მატროსოვის ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადაახურეს მისივე მოსაცმელი და მისივე ვარაუდით, ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ანაც პროკურატურაში მიიყვანეს, სადაც ოთარ ფარცხალაძე და დიმიტრი დარბაისელი დახვდნენ.

ღამის საუბრის დროს, მერაბიშვილის მტკიცებით, ფარცხალაძე დაემუქრა მას, რომ თუ ზურაბ ჟვანია საქმის გახსნაში არ დაეხმარებოდა და არ მიაწვდიდა "მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების ნომრებს“, მთავარი პროკურორი - ციხეში პირობებს "გაუუარესებდა“, ხოლო თუ ითანამშრომლებდა, ციხიდან „მალე გაუშვებდა“.

 

 

მსგავსი თემები