მოხვდება თუ არა შალვა თადუმაძე ამერიკელების "შავ სიაში" ?
მოხვდება თუ არა შალვა თადუმაძე ამერიკელების "შავ სიაში" ?

A+ A-

18:37 11/02/2020

2020 წელი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მკაცრი სანქციებით დაიწყო.  სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთდროულად შეუტია ახლო აღმოსავლეთსაც და პოსტსაბჭოთა სივრცესაც. გარდა იმისა, რომ ირანთან უკიდურესად დაძაბული მდგომარეობის გამო, ოფიციალურმა ვაშინგტონმა თეირანს სანქციები დაუწესა, თეთრი სახლის წარმომადგენლებმა, პოსტსაბჭოთა სივრცის მასშტაბით, ცალკეული პირებისთვის, სანქციების ახალი სერია წამოიწყო.

ერთ-ერთი პირველი ვინც 2020 წელს  თეთრი სახლის „შავ სიაში“ მოხვდა, მოლდოველი „ჩრდილოვანი მმართველი“ და ოლიგარქი  ვლადიმერ პლახოტნიუკია, რომელსაც მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, პარტია  „ქართული ოცნების“ ლიდერსა და  ქართველ ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს ადარებენ. ივანიშვილისა და პლახოტნიუკის ერთადერთი თანამდებობა ხომ მათივე დაარსებული პარტიების თავმჯდომარეობაა. ორივე არადა თავ-თავიანთ ქვეყნებს თანამდებობების გარეშეც ერთპიროვნულად მართავდა და მართავს, როგორც აღმასრულებელი ისე საკანონმდებლო თუ სასამართლო ხელისუფლებების ჩათვლით.

ფაქტობრივად, პლახატნიუკისთვის სანქციების დაწესებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოსტასაბჭოთა სივრცის ოლიგარქებს ბრძოლა ღიად გამოუცხადა, რადგან სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ სანქციების სერიის გაგრძელება მაშინვე დაანონსა. საქართველოში ვარაუდობენ, რომ თუ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები შეფერხდება, ამ სანქციების ადრესატი ივანიშვილიც გახდება.

"ვლადიმერ  პლახოტნიუკის კორუფციულმა ქმედებებმა ძირი გამოუთხარა და  დიდი  ზიანი  მიაყენა  დემოკრატიული  ინსტიტუტების დამოუკიდებლობას მოლდოვაში. მე დღეს იგი ოფიციალურად შევიყვანე სანქცირებულ პირთა სიაში. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლდოვას", - წერს პომპეო "ტვიტერში".

ამერიკული სანქციების მეორე ტალღა პოსტსაბჭოთა სივრცეში არა მარტო ოლიგარქს, არამედ მართლმსაჯულების წარმომადგენლებსა და კანონის უზენაესობის დამცველებსაც შეეხო.

პლახატნიუკის შემდეგ, ამერიკული „შავი სიის“ ობიექტი ბულგარელი მოსამართლე ანდონ მიტალოვი გახდა.

სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს ოფიციალურ განცხადებაში  აღნიშნულია, რომ მიტალოვის მონაწილეობა კორუფციულ გარიგებებში, ძირს უთხრიდა კანონის უზენაესობასა და საფრთხეს უქმნიდა ბულგარეთში დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას.

"მნიშვნელოვან კორუფციულ დანაშაულში მონაწილეობისთვის დღეს მე სანქციებს ვუწესებ ბულგარელ მოსამართლეს, ანტონ მიტალოვს. ეს ბულგარეთში პირველი მსგავსი გადაწყვეტილებაა და ძლიერი გზავნილია, რომ აშშ მყარად დგას თავის პირობაზე, კორუფციასთან ბრძოლაში ბულგარელი ხალხის გვერდით იდგეს",- წერს პომპეო ტვიტერზე.

გაჩნდა გონივრული  ეჭვი, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს კონგრესმენები და სენატორები ქართული  მართლმსაჯულების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ, გამორიცხული არაა, სანქციების ტალღა საქართველოზე, სწორედ ამ კუთხით წამოვიდეს.

განსაკუთრებით, საგულისხმოა, ამერიკელი კონგრესმენების მიერ გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ქართული მართლმსაჯულებისა და საერთოდ დემოკრატიის მიმართ გამოთქმული შეშფოთება და მწვავე რეაქციები.

კონგრესმენი ადამ კინზინგერი და სენატორი ჯიმ რიში, რომელთაც სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდათ „ქართულ ოცნების“ წარმომადგნელებთან შეხვედრები, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ აუდიენციიდან რამდენიმე დღეში,  დემოკრატიული ნაბიჯების ნაცვლად,  საქართველოში მართლსაჯულების ხელით პოლიტიკური დევნის მაგალითებს იხილავდნენ.

"ხუთშაბათს მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომლის დროსაც ჩვენ ერთად დავადასტურეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ჩვენი საერთო მიზნები. მე მადლობას მოვახსენებ (პარლამენტის) თავმჯდომარე თალაკვაძეს ვიზიტისთვის ჩვენი ალიანსის მნიშვნელობის განხილვის მიზნით. მე ვაფასებ ჩვენს მეგობრობას. შეხვედრის შემდეგ მე მქონდა შეხვედრა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მონაწილე სხვადასხვა მხარესთან. მართალია, მიღწეულია პროგრესი, მაგრამ ჩემთვის ისიც გახდა ცხადი, რომ მომავალში ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დარჩება გადაუჭრელი განსხვავებები/უთანხომება. დემოკრატია იოლი საქმე არ გახლავთ. მართალია, პროტესტი ნორმალური მოვლენაა თავისუფალ ქვეყანაში, მაგრამ აუცილებელია, რომ იგი მშვიდობიანი იყოს. გარდა ამისა, მოქალაქეები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათი მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანია ყველასთვის, დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური მიკერძოებისგან. აუცილებელია, რომ საქართველოში ყველა დაინტერესებული/მონაწილე მხარე წავიდეს კომპრომისზე, რათა მიღწეული იყოს მათი მიზანი დემოკრატიასა და თავისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მე ერთგულად ვემსახურები აშშ-საქართველოს მტკიცე და ურყევი მეგობრობის საქმეს“, - წერს ადამ კიზინგერი.

„იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ საქართველომ გადაწყვიტა, გააძლიეროს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი გასულ კვირას, სასამართლოს დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა დაუშვებელია“, -  წერს სენატორი რიში.

მმართველი ძალის პოლიტისტებლიშმენტთან შეხვედრის შემდეგ, ნაცვლად პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი სასამართლოსი, ამერიკელებმა უზენაესი სასამართლოს მიერ პოლიტიკური დაკვეთით შესრულებული „სამართლებრივი გადაწყვეტილება“  იხილეს.

და  ყოველივე ეს, მართლმსაჯულების იმ უმაღლეს ინსტანციაში, რომლის უვადო მოსამართლეების შერჩევაში სრულიად საზოგადოება და საერთაშორისო პარტიორები იყვნენ ჩართულნი და რომელიც ერთგვარ წყალგამყოფად იქცა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.

მიტალოვის ე.წ. პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების შემდეგ, არ არის გამორიცხული, რომ ამერიკელმა პარტიონერებმა  დიპლომდაწუნებულ და უვადო მოსამართლე შალვა თადუმაძესაც უნდობლობა გამოუცხადონ, თუ იგი კვლავ გააგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებული გადადწყვეტილებების გამოტანას.  ამის გამო,  ის შესაძლოა, ვაშინგტონის „შავ სიაშიც“ მოხვდეს.

კოგრესმენების შეშფოთების მსგავსად, უკვე განცხადება გაავრცელა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და აღნიშნა, რომ  წინასაარჩევნოდ ოპოზიციონერის დაკავება, მხარეებს შორის საარჩევნო თემაზე გამართულ „დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს“.

ამასთანავე დიალოგის წარმატების მთავარ პირობად ამერიკის საელჩო  ასახელებს „გამჭირვალე სასამართლო სისტემას“, რომელიც „პოლიტიკური ზეგავლენებისგან“ თავისუფალი იქნება.

"აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკურ დიალოგს, რომლის მიზანიც არის ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ქართველ ხალხს. აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს.

დიალოგის წარმატებულად გაგრძელებისთვის ხელშემწყობი გარემო მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე სასამართლო სისტემას, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის შემდგომი დახვეწის ერთგულნი, რაც არის საუკეთესო გზა შეიქმნას პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად", - აღნიშნულია განცხადებაში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვე  დარჩა, რაც იმის მომასწავებელია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა  მაქსიმუმს მიაღწევს და წამზომი უკვე ჩართულია.

დაძაბული და საინტერესო პროცესები კი, ახლა იწყება. პოლიტიკური მოვლენების დრამატურგია აჩვენებს თავისუფალი ამერიკის თავისუფალი სივრცე დაიხურება თუ არა ჩრდილოვანი მმართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელდასმული უვადო მოსამართლის, შალვა თადუმაძისათვის.

და როგორც პრემიერი გიორგი გახარია იტყოდა „დაველოდოთ ფინალურ სერიას“.