ვისაც მონაზვნობის ტვირთის ტარება არ შეუძლია, არც სასულიერო პირის წოდებას უნდა ატარებდეს - არჩილ გამზარდია
ვისაც მონაზვნობის ტვირთის ტარება არ შეუძლია, არც სასულიერო პირის წოდებას  უნდა ატარებდეს - არჩილ გამზარდია

A+ A-

13:38 28/01/2020

ანალიტიკოსი და ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ბოლო დროს, საქართველოს ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

„მონაზონის ცხოვრება მორჩილობის მადლზე გადის. ეს არის ანბანი მონაზვნობისა. ბერობას უმოკლეს გზას ეძახიან ცხონებისკენ ან წარწყდომისკენ. ცოდვა-მადლიც ხშირად მაკურთხეველზეა და ისიც თქმულა, რომ ვინც მორჩილობის ტვირთს უდრტვინველად ატარებს, მასზე მხოლოდ მადლი მოდის და ცოდვა კი მის მაკურთხეველზეო. ეს ჩვეულებრივ, ადამიანისთვის შეიძლება რთული გასაგებიც იყოს, მაგრამ ამაზეა აგებული მონაზვნობის იდეა.

ბერობა უმაღლესი საზომია - მღვდელმონაზონი იქნება, ეპისკოპოსი თუ პატრიარქი, ყველა მათგანი მონაზონია პირველ რიგში.

ამიტომ, ეპისკოპოსი რომ გქვია და განგაყენებენ მტრობისათვის, სინოდის 47 წევრში რომ ერთი არ დაგიჭერს მხარს, თავისთავად მეტყველებს პროცესზე. თუ ყველა უღირსია და ერთი ხარ მხოლოდ "მართალი", მაშინ ან ასეთი ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის წევრობა რად გინდა, ან ტიტულს რატომ იტოვებ ან მითუმეტეს - მიტროპოლიტის პატივს. რა ჰქვია იმ ადამიანს, რომელიც ყველა პატივს ინარჩუნებს, მეტ პატივს ითხოვს და მთლიან ეკლესიას ებრძვის?

ცნობისათვის, მარტვილის ეპარქიაში დაახლოებით 70-მდე სასულიერო პირი ირიცხება. მიტროპოლიტ პეტრეს, განყენების შემდეგ, გამოჰყვა მხოლოდ 6 სასულიერო პირი. ორ მათგანს იღუმენია გამყრელიძეს და მღვდელმონაზონ ანდრია სარიას, პოლიტიკურად აქტიური ადამიანები კარგად იცნობენ.

რატომ შეუჩერეს ანდრია სარიას მღვდელმოქმედების უფლებაო, რომ კითხულობენ - ახალ ეპისკოპოსს რომ არ დაემორჩილები, ეკლესიის მეთაურს რომ დაუსაბუთებელი უმძიმესი ბრალდებებით ლანძღავ და ცილს წამებ, შემდეგ მორჩილებას რომ მოგცემენ და უარს ამბობ, გაგამწესებენ და ეურჩები, სასჯელს დაგადებენ და ისტერიკას მართავ, ლანძღავ შენზე უპირატეს მთავარეპისკოპოსს და ცილს წამებ, რანაირი მონაზონი გქვია, ჩვეულებრივი სამოქალაქო აქტივისტი ხარ, აბა, რა ხარ.

ჰოდა... ვისაც მონაზვნობის ტვირთის ტარება არ შეუძლია და სამოქალაქო აქტივისტისგან არ განსხვავდება, ის, ჩემი აზრით, არც სასულიერო პირის წოდებას არ უნდა ატარებდეს, არათუ მღვდლის საქმიანობას ანხორციელებდეს. ეს რამდენიმე ადამიანი ჩვეულებრივი სამოქალაქო აქტივისტია და ეკლესიამ კიდეც უნდა გაანთავისუფლოს სასულიერო პირის, ბერ-მონაზონის ვალდებულებისგან. ერში კი შეუძლიათ ჩვეულებრივ იყვნენ აქტიურები. მეტიც, რელიგიური კლუბიც კი შეუძლიათ დააარსონ და ისაქმოსნონ.

მხილება ეკლესიის ცალკეული პირებისა, თავის არსით, უდიდესი ჯვარი და ღვაწლია, მაგრამ შირმა ვერ იქნება და არც მამხილებლები ჰქვია იმ პირებს, ვინც უბრალოდ, საკუთარ ინტერესებს, პატივს, გავლენას, ფინანსებს თუ დავალებებს ასრულებს, ებრძვის იერარქებს, არა მათი არასწორი საქმიანობის გამო, არამედ უბრალოდ მტრობის, კერძო ინტერესების ან დავალებების გამო“, - წერს არჩილ გამზარდია.