თეა წულუკიანის მიერ მონიტორინგის კადრების გასაჯაროებით შეშფოთებული ვართ - არასამთავრობოები
თეა წულუკიანის მიერ მონიტორინგის კადრების გასაჯაროებით შეშფოთებული ვართ  - არასამთავრობოები

A+ A-

18:31 21/01/2020

არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროების და აღნიშნული მექანიზმის ექსპერტის მიმართ არაკონსტრუქციული კრიტიკის გამო.

“აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს, მეორე მხრივ, ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. მივიჩნევთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

NGO-ები ხაზს უსვამენ, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმი დღესდღეობით წარმოადგენს ერთადერთ ორგანიზმს, რომელსაც უფლება აქვს, სპეციალური ნებართვის გარეშე შევიდეს თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში და შეამოწმოს იქ განთავსებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა.

შესაბამისად, პრევენციის ეროვნული მექანიზმი ინფორმაციის ერთადერთი წყაროა დახურულ და მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე “პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტების უფლებამოსილების განსაზღვრისას საქართველოს ორგანული კანონი ეყრდნობა გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით განსაზღვრულ პრინციპებს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულება, რომელიც საქართველომ აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერით აიღო და რომელიც მოცემულია ოქმის მე-20 მუხლში, სწორედ თავისუფლებააღკვეთილი პირისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტის შეხვედრის კონფიდენციურობას შეეხება. ამავე მუხლში ნათქვამია, რომ მონიტორებს აქვთ “მოსანახულებელი ადგილების ან პირების საკუთარი შეხედულებისამებრ არჩევის უფლება”. “სახალხო დამცველის შესახებ” მე-19 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, „საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენელი გადაწყვეტს, პატიმარს გაესაუბროს ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული კადრების გასაჯაროება კატეგორიულად დაუშვებელია და უხეშად არღვევს ზემოთ მითითებულ პრინციპებს.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD) საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG) საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TIG) სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) კონსტიტუციის 42-ე მუხლი. წამების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი “ემპათია” ადამიანის უფლებათა ცენტრი.

პარლამენტში, ადამინის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ომბუდსმენის კრიტიკულ ანგარიშს განიხილავენ ციხეებთან დაკავშირებით, წულუკიანმა მიიტანა ვიდეო, სადაც მისი თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრაა ასახული. წულუკიანმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი გააკრიტიკა ჩაცმულობისა და ქმედებების გამო. მოგვიანებით აღნიშნული ვიდეო პენიტენციურმა სამსახურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.