რა ვიცით კორონავირუსის შესახებ, რომელმაც უკვე 3 ადამიანი იმსხვერპლა
რა ვიცით კორონავირუსის შესახებ, რომელმაც უკვე 3 ადამიანი იმსხვერპლა

A+ A-

14:03 21/01/2020

ახალი კორონავირუსი, 2019-nCoV ადამიანიდან ადამიანზე გადაედება, ინფორმაცია ჩინეთმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ პროვინცია გაუნდუნში ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადადების ორი შემთხვევა დააფიქსირა. თუმცა, როგორც ჩანს, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ისე ადვილად არ ვრცელდება, როგორც ეს მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS) შემთხვევაში ხდებოდა.

ამჟამინდელი მონაცემებით ჩინეთის მთავრობას ინფიცირების 139 და გარდაცვალების 3 შემთხვევა აქვს დადასტურებული.

ლონდონის სამეფო კოლეჯის ექსპერტები მათ მიერ ჩატარებულ სიმულაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი, შესაძლოა, 1 700-ს აჭარბებდეს. ხოლო ნაკლებად მწვავედ მიმდინარე შემთხვევების დაფიქსირება, შესაძლოა, ვერც ხერხდებოდეს.

2019-nCoV კორონავირუსების ოჯახის ახალი წარმომადგენელია, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ვირუსი აქამდე არასდროს დაფიქსირებულა. ისევე, როგორც სხვა კორონავირუსების შემთხვევაში, 2019-nCoV-ის წყაროს ცხოველები წარმოადგენენ, უფრო კონკრეტულად კი, დიდი ალბათობით, ზღვის პროდუქტები.

დაინფიცირებულთა დიდი ნაწილი ქალაქ ვუჰანში ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე იყო ნამყოფი, რომელიც ვირუსის გამო 1 იანვრიდან დროებით დაიხურა და ტერიტორიას დეზინფექცია ჩაუტარდა.

ვირუსი პნევმონიას იწვევს. ძირითადი სიმპტომები ხველა, სიცხე და სუნთქვის გაძნელებაა, ხოლო რადგან პათოგენი ვირუსია, ანტიბიოტიკები მის წინააღმდეგ ეფექტიანი არ არის.

ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ისინი, როგორც წესი, მხოლოდ სიმპტომებს აუმჯობესებენ.

გამოჯანმრთელება იმუნური სისტემის სიძლიერეზეა დამოკიდებული. ფატალური შედეგი, როგორც წესი, იმ შემთხვევებში დგება, როდესაც პაციენტის იმუნური სისტემა და ორგანიზმი დასუსტებულია.

ექსპერტები შიშობენ, რომ კორონავირუსი, შესაძლოა, უფრო ადვილად გავრცელდეს. ისევე როგორც გრიპის დროს, ამ შემთხვევაშიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და ისინი იმყოფებიან, ვისი იმუნური სისტემაც დასუსტებულია.

შეგახსენებთ, კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთის ვუანის პროვინციაში გამოვლინდა.