ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია - წულუკიანი ლომჯარიას
ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია - წულუკიანი ლომჯარიას

A+ A-

13:47 21/01/2020

ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში, - ასე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას მიმართა.

მინისტრის განცხადებით, სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არ დადის და ანგარიშს იმ თანამშრომლებზე დაყრდნობით ამზადებს, რომლებიც ციხეებში "ვითომ მონიტორინგს" ატარებენ.

კომიტეტის სხდომაზე მინისტრმა ვიდეოჩანაწერი წარადგინა, სადაც, მისი თქმით, ასახულია სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც „ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის ცენტრში“.

„ეს არის სახალხო დამცველის წრამომადგენელი, რომელიც ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს და შემდეგ საკანში პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის ცენტრში.

მე არ ვამბობ, რომ ეს არის მასობრივი შემთხვევები, მაგრამ ის, რასაც თქვენ ჩემს თანამშრომლებს საყვედურობთ, არც ის არის მასობრივი შემთხვევები. თუმცა, მე მაქვს პრეტენზია ვიყო ობიექტური და განვაცხადო, რომ ეს არის სავალალო მაგალითი იმისა, რომ თუ როგორ ხორციელდება ვითომ მონიტორინგი. ვიყოთ ობიექტურები და ასეთ თანამშრომლებს ნუღარ გამოგვიგზავნით, რომელსაც, სხვათაშორის, დახეული ჯინსი აცვია. ამ ვიდეოში მიჭირს განვასხვავო, ვინ არის პატიმარი და ვინ არის სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არამცთუ ციხეში", - აცხადებს თეა წულუკიანი.