მაქვს უფლება მეგონოს, რომ თქვენ მე პიროვნულად მერჩით - წულუკიანი ლომჯარიას
მაქვს უფლება მეგონოს, რომ თქვენ მე პიროვნულად მერჩით - წულუკიანი ლომჯარიას

A+ A-

12:33 21/01/2020

„ეჭვი მაქვს, რომ დღევანდელი განხილვა თქვენ მოითხოვეთ, რათა ჩემთვის პირადად დაგესვათ კითხვები და შეგექმნათ საზოგადოებაში აზრი, თითქოს რაღაც ვერ კეთდება ისე, როგორც უნდა გაკეთდეს. ხომ მაქვს უფლება მეგონოს, რომ თქვენ მე პიროვნულად მერჩით. თუმცა ვიცი, რომ ეს ასე არ არის“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა და სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართა.

„მადლობა მინდა ვუთხრა ომბუდსმენს იმასთან დაკავშირებით, რომ არ გააფორმა საკითხი ისე, თითქოს საქართველოში სუბკულტურა ვითარცა ძველი დროის ურდო ისე შემოესია ქვეყანას, როდესაც მე შევიერთე პარლამენტის გადაწყვეტილებით პენიტენციური სისტემა. მადლობა ამისთვის. მე მოლოდინი მქონდა, რომ საქართველოში საერთოდ სუბკულტურის და კრიმინალური მენტალიტეტის გაჩენა ჩემს სახელთან იქნებოდა დაკავშირებული. პირდაპირ არის ანგარიშში, რომ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი სენია. მადლობა ამისთვის. ასევე 2017 და 2018 წელსაც, როდესაც მე არ გახლდით პენიტენციური სამსახურის მინისტრი, იგივე სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ ციხეებში სუბკულტურა არსებობს. აქ ქალბატონმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ კითხვებია და საჭიროა პასუხები გავცეთო. მეც მაქვს კითხვა. რატომ არ მოითხოვეთ, ვიდრე მე არ დამინახეთ მინისტრის პოზიციაზე, ამ კომიტეტში სუბკულტურის შესახებ საუბარი და სუბკულტურის შესახებ საკითხების განხილვა. ან მოითხოვეთ და არ დაგიკმაყოფილათ ქალბატონმა ეკა ბესელიამ, ეს არ მგონია. მე ვფიქრობ და მაქვს ეჭვი, რომ დღევანდელი განხილვა თქვენ მოითხოვეთ, რათა ჩემთვის პირადად დაგესვათ კითხვები და შეგექმნათ საზოგადოებაში აზრი, თითქოს რაღაც ვერ კეთდება ისე, როგორც უნდა გაკეთდეს. ხომ მაქვს უფლება მეგონოს, რომ თქვენ მე პიროვნულად მერჩით. თუმცა ვიცი, რომ ეს ასე არ არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა იმართება, სადაც მინისტრსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უსმენენ. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პენიტენციურ დაწესებულებებში ომბუდსმენის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა.