პარლამენტში ხვალ სახალხო დამცველსა და იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ
პარლამენტში ხვალ სახალხო დამცველსა და იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ

A+ A-

17:47 20/01/2020

ხვალ, 21 იანვარს, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სახალხო დამცველს და იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ. ნინო ლომჯარია დეპუტატებს N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშს წარუდგენს.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო სექტორის ბრალდებებს და იმ საკითხებს," რაზეც ომბუდსმენი აპელირებს", პასუხი გაეცეს.

"მოსმენა მოითხოვა სახალხო დამცველმა და ასევე, პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით თეა წულუკიანმა. ჩვენ ორივე მათგანის მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. ჯერ გვექნება ქალბატონი ლომჯარიას, შემდეგ ქალბატონი თეა წულუკიანის მოსმენა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გვქონდეს განხილვა, მით უკეთეს, როცა იყო გარკვეული ცალმხრივი ბრალდებები არასამთავრობო სექტორის ნაწილის მხრიდან და ასევე, ომბუდსმენმაც გარკვეულ საკითხებზე მოახდინა აპელირება, ამას აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს. დარწმუნებული ვარ, რეფორმა, რომელიც დავიწყეთ 2012 წლიდან გრძელდება დღემდე, ცალსახად ვხედავთ გაუმჯობესებას. რასაც ამბობს ომბუდსმენი და არასამთავრობო სექტორი, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ არის ერთადერთი და აბსოლუტური ჭეშმარიტება. ჩვენ გვჭირდება იუსტიციის სამინისტროს შეფასება. ჩემი შეფასებით, ჩემი აღქმით და იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მაქვს, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პენიტენციური სისტემის რეფორმა გრძელდება და მიღწევებს, რომელიც გვაქვს, ჯერ- ჯერობით საფრთხე არ დამუქრებია და დარწმუნებული ვარ, არც მომავალში დაემუქრება",- განაცხადა სოფო კილაძემ.