“ანას ბაღში“ დაცვის წევრთან წინააღმდეგობის გაწევისას აქციის მონაწილე დაშავდა
“ანას ბაღში“ დაცვის წევრთან წინააღმდეგობის გაწევისას აქციის მონაწილე დაშავდა

A+ A-

14:52 20/01/2020

„ანას ბაღში“ დაცვის სამსახურის „გისონის“ წარმომადგენლებთან წინააღმდეგობისას დაშავებული მამუკა დარისპანაშვილი კლინიკა „ამტელში“ მოათავსეს.

სამშენებლო კომპანია შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგმა“ დღეს ადგილზე სამშენებლო სამუშაოები განაახლა.

ამ დროს კერძო დაცვის კომპანია „გისონის“ წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება დაიწყო, მას შემდეგ, რაც „გისონის“ წარმომადგენლებმა „ანას ბაღში“ გაშლილი კარავი აიღეს.

როგორც დაშავებული მამუკა დარისპანაშვილის მეუღლე ნინო ნაჭყებია უყვება რადიო თავისუფლებას, მისი მეუღლე დაცვის თანამშრომლებმა გარკვეულ მანძილზე მიწაზე ათრიეს.

„ვერც მოვასწარი დანახვა, ბავშვი მყავდა სახლში დატოვებული, რომ ჩავედი ეზოში სანახავად. მამუკას სახიდან სისხლი მოსდიოდა და მთლიანად ტალახიანი იყო. სასწრაფომ წაიყვანა კლინიკა „ამტელში“, - უყვება ნინო ნაჭყებია რადიო თავისუფლებას.

19 იანვარს, ვარკეთილში, „ანას ბაღში“ კარავი გაიაშალა, რომელშიც მშენებლობის შეჩერებისა და კორპუსის ადგილმონაცვლეობის მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, საჭიროა 10 000 ხელმოწერის შეგროვება, რათა თბილისის საკრებულომ საკითხი სავალდებულო წესით განიხილოს. ვარკეთილის ზემო პლატოზე, მეორე მიკრორაიონში, „ანას ბაღის“ მიმდებარედ, ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას სამი წელია აპროტესტებენ. შენობას შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგი“ აშენებს.