თქვენი შვილი"მამლაყინწაა" თუ "კრავი" ? - ეს ბიჭის მშობლებმა ყურადღებით უნდა წაიკითხონ
თქვენი შვილი"მამლაყინწაა" თუ "კრავი" ? - ეს ბიჭის მშობლებმა ყურადღებით უნდა წაიკითხონ

A+ A-

14:34 20/01/2020

თუ ბიჭუნას მშობელი ხართ, მაშინ ნამდვილად გამოგადგებათ ავსტრალიელი ფსიქოლოგისა და მწერლის, აღზრდის საკითხებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ექსპერტის, არაერთი ნაშრომის ავტორის, მეგი დენტის რჩევები, რომელიც თავად ოთხი ვაჟის დედაა.

სწორედ ამიტომ, თეორიულთან ერთად, მას საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილებაც აქვს ბიჭების აღზრდის საკითხში.

მეგი დენტის გამოცდილებასა და პროფესიულ კვალიფიკაციაზე დაფუძნებული კონსტრუქციული რჩევები ასე გამოიყურება:

იდეა, რომ ბიჭი გოგონაზე ძლიერია და ის უფრო მკაცრად უნდა აღზარდოთ, რათა „ნამდვილ კაცად“ ჩამოყალიბდეს - სახიფათოა და მავნებელი. რეალურად, ბიჭები უფრო მოწყვლადები არიან, ვიდრე გოგონები.

კვლევები აჩვენებს, რომ ბიჭის ტვინი უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე გოგონასი, რაც ტესტოსტერონის გავლენით აიხსნება. ამ შენელებული განვითარების გამო კი, ფსიქოლოგიური სტრესსა და ნეგატიურ გარემოს შეუძლია უფრო მძლავრი გავლენა მოახდინოს მის შინაგან მდგომარეობასა და ქცევაზე;

მოსაზრება, რომ ბიჭები ნაკლებ ემოციურები არიან - სახიფათო მითია. ბიჭები ისეთსავე მძლავრ ემოციებს განიცდიან, როგორც გოგონები, უბრალოდ, მათ მეტად უჭირთ ამის გაცნობიერება და ფორმულირება. ამიტომ მშობელმა ბიჭი აუცილებლად უნდა დაიცვას ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობენ, „ნამდვილი მამაკაცის“ შესახებ ცრუ ფორმულებით (მაგალითად, „ბიჭები არ ტირიან“) გამოუჭედონ ბავშვს თავი;

ის ფაქტი, რომ ბიჭუნების ტვინი შედარებით ნელა ვითარდება, იმაშიც ვლინდება, რომ გოგონები უფრო ადრე იწყებენ ლაპარაკს და სკოლაში შესვლის მომენტისთვის ამ უკანასკნელებს უფრო მდიდარი ლექსიკონი აქვთ. ამიტომ მშობელმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეადაროს თავისი ბიჭი რომელიმე გოგონას და მიუთითოს, რამდენით სჯობნის ის მას.

გახსოვდეთ: ბიჭები გოგონებს დაახლოებით 8 წლის ასაკში ეწევიან!

ყურადღებით შეარჩიეთ საბავშვო ბაღი ბიჭისთვის.

გამომდინარე იქიდან, რომ ისინი თანატოლ გოგონებს განვითარებაში 6-12 თვით ჩამორჩებიან, ემოციურად უფრო მოწყვლადები არიან. ამიტომ, საერთოდაც სჭობს, რომ ბიჭი სამ წლამდე ოჯახში იზრდებოდეს და არა საბავშვო დაწესებულებაში. მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ, მიიყვანეთ ბიჭი ისეთ ბაღში, სადაც აქცენტს არა ბავშვის განვითარებაზე, არამედ მასთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე აკეთებენ.

ნუ დაიწყებთ ბიჭის გამოკითხვას, რა ხდებოდა ბაღში თუ სკოლაში იქიდან წამოყვანისთანავე. ბიჭების უმრავლესობას ჯერ სტრესისგან (ასეთია მათთვის სკოლაცა და ბაღიც) მოდუნება სჭირდებათ და ამიტომ პასუხისთვის მზად ვერ იქნებიან. მიეცით ბავშვს რაიმე გემრიელობა და შეძლებისდაგვარად მალე მიიყვანეთ შინ. გამოკითხვისთვის (და არა დაკითხვითვის!) საუკეთესო დრო - ეს ბანაობისა და დასაძინებლად დაწოლის მომენტია. ამ დროს ბიწები უფრო მოდუნებულები არიან და დედასთან გულახდილობის ხასიათზე დგებიან;

უნდა იცოდეთ, რომ ბიჭები (ისევე როგორც გოგონები) ტემპერამეტით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. გაიხილეთ ისინი „კრავებად“ და „მამლაყინწებად“. ეს პრაქტიკულად ერთმანეთის საწინააღმდეგო ქცევის სტილებია. მშობლის ამოცანაა, ხელი შეუწყოს ბიჭში საპირისპირო უნარ-ჩვევების ბალანსირებულად განვითარებას.

„მამლაყინწა“ ბიჭები:
სწყურიათ დამოუკიდებლობა;

ცდილობენ ყველაფერი თავისით გააკეთონ;

არიან ძალიან ჯიუტები;

ხმამაღლა ყვირიან;

აქვთ ულევი ენერგია;

ჰყოფნით ცოტა ძილი;

უყვართ ბევრი კითხვის დასმა და ყველაფრის გამო კამათობენ: ჭამის, ტანსაცმლის, სათამაშოსა და ა.შ.

უნდათ ყოველთვის პირველები იყვნენ;

თავს ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ;

არ უყვართ საკუთარი ნივთების სხვებისთვის თხოვება;

ხშირად ავლენენ აგრესიასა და ბრაზს;

არიან მოუთმენლები და იმპულსურები;

არიან ძალიან მგრძნობიარეები სხვათა აზრის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისე იქცევიან, თითქოს მათთვის სულერთი იყოს.

„მამლაყინწა“ ბიჭების მშობლებმა, განსაკუთრებით 5 წლამდე, ყურადღება უნდა გაამახვილონ ისეთი თვისებების განვითარებაზე, როგორებიცაა: თანაგრძნობა, მოთმინება და სიმშვიდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ზედმეტად დომინანტებად ჩამოყალიბდებიან და სხვა ბავშვებს სიცოცხლეს გაუმწარებენ.

ამავდროულად უნდა გესმოდეთ, რომ „მამლაყინწები“ ძალიან განიცდიან ჩავარდნებსა და წარუმატებლობებს, რასაც ისინი აგრესიით ფარავენ.

„მამლაყინწა“ ბიჭუნებს უყვართ საზღვრების შემოწმება. ამიტომ მშობლებმა წყნარად და დამაჯერებლად უნდა შემოუხაზონ ეს საზღვრები - ყვირილის, ჩხუბისა და დასჯის გარეშე.

„კრავი“ ბიჭები:
უყვართ ძილი;

არ უყვართ ხმაური და გადაჭარბებული სტიმულაცია;

ძალიან მგრძნობიარეები არიან ყვირილისა და დასჯის მიმართ;

უყვართ მარტოობა;

არიან ძალიან მშვიდები და არ აპროტესტებენ „მამლაყინწების“ წინ გაშვებას;

დიდი დრო სჭირდება ადამიანებთან შესათვისებლად;

არ ჰყოფნით თავდაჯერებულობა, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება უჭირთ;

არიან საკმაოდ მორცხები;

დიდი დრო სჭირდებათ ცვლილებებთან შესაგუებლად;

თუ რამე აფრთხობთ, იმალებიან.

„კრავი“ ბიჭების მშობლებმა აუცილებლად უნდა იზრუნონ მათში თავდაჯერებულობისა და გაბედულების განვითარებაზე - განსაკუთრებით, 5 წლამდე. მაგრამ არ უნდა დააძალოთ მათ იმის გაკეთება, რაც არ უნდათ ან აშინებთ - ამან შესაძლოა ისეთი ტრავმა მიაყენოს „კრავს“, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვება. სჯობს გაამხნევთ ის სიტყვებით: „შენ ამას შეძლებ, როცა მზად იქნები“. მოარიდეთ საშიშ ფილმებსა და გადაცემებს.

„კრავებს“ დიდი დრო სჭირდებათ ნაცნობ ადამიანებთან ურთიერთობისთვისაც კი. ნუ დააძალებთ, დაელაპარაკოს ან ეთამაშოს ვინმეს, თორემ ბარიერის გადალახვა კიდევ მეტად გაუჭირდება. იცოდეთ, რომ ზრდასრულ ასაკში „კრავები“ ხშირად უფრო გაბედულად და მტკიცედ იქცევიან, ვიდრე „მამლაყინწები“.

მთავარია, რომ „კრავებიცა“ და „მამლაყინწებიც“ გრძნობდნენ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ დედას ისინი უყვარს. ხშირად, მშობლების გასაოცრად, ირკვევა ხოლმე, რომ ბიჭებს ამაში ეჭვი ეპარებათ.

წყარო : "სპუტნიკი"