ეს არასერიოზული კითხვაა - რა უთხრა კულტურის მინისტრობის კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ "2020NEWS"-ს?
ეს არასერიოზული კითხვაა - რა უთხრა კულტურის მინისტრობის კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ "2020NEWS"-ს?

A+ A-

14:13 20/01/2020

„მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის კითხვებზე პასუხი არასერიოზული იქნება, რადგან დღეს მე რანგით არანაკლები პოზიცია მიჭირავს, ვიდრე არის მთავრობის წევრი და მინისტრი“, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ "2020NEWS”-ს განუცხადა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი კანდიდატურა კულტურის მინისტრის თანამდებობაზე განიხილება. პარლამენტის წევრი არ ადასტურებს, რომ აღნიშნულ საკითხზე „ქართულ ოცნებაში“ კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ცხადია, არ ვადასტურებ ასეთი ტიპის კონსულტაციებს. თუმცა გიდასტურებთ, რომ გუნდში საუბრისას ყოველთვის არგუმენტირებულად ვიყავი მომხრე კულტურის ცალკე გამოყოფის. კულტურა არის ის ერთადერთი, რაც ჩვენს ქვეყანას უნიკალურს ხდის. დანარჩენი მეცნიერებები მთელ მსოფლიოში ზოგადია. მივესალმები, თუკი ხელისუფლება საბოლოოდ მიღეებს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის სფერო გამოეყოფა“, - აცხადებს ოდიშარია.

„2020NEWS”-ის კითხვაზე, შემოთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა იგი მინისტრის თანამდებობას, ოდიშარია პასუხობს:

„მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის კითხვებზე პასუხი არასერიოზული იქნება, იმიტომ, რომ მე რანგით არანაკლები პოზიიცის მქონე ადამიანი გახლავართ. წარმოვადგენ პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეს და ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით ვმუშაობ, რასაც დიასპორა და კავკასიის საკითხები ჰქვია. დღეს მე რანგით არანაკლები პოზიცია მიჭირავს, ვიდრე არის მთავრობის წევრი დამინისტრი“, - განაცხადა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კულტურის მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექას ოდიშარიას კანდიდატურა განიხილება.