“ჯორდანა“ ცემით მოკლეს - ვინ არის ვახო ჯოხაძე, რომელიც იტალიის სადეპორტო განყოფილებაში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა
“ჯორდანა“ ცემით მოკლეს - ვინ არის ვახო ჯოხაძე, რომელიც იტალიის სადეპორტო განყოფილებაში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა

A+ A-

13:00 20/01/2020

"ბიჭი ცემით მოკლეს", - უთხრეს „2020NEWS“-ს იტალიაში, სადეპორტო განყოფილებაში გარდაცვლილი 37 წლის ქართველის, ვახო ჯოხაძის ახლობლებმა და მეგობრებმა.

ვახო ჯოხაძე, რომელიც 8 წელი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ჭიათურიდანაა. იგი ფეხბურთელი იყო. წლების განმავლობაში „ჭიათურის მაღაროელში“ თამაშობდა.

როგორც „2020NEWS”-მა გაარკვია, ის არასოდეს ნასამართლევი არ ყოფილა და არც კრიმინალთან ჰქონია რაიმე შეხება.

„ჯორდანა“, ის ჩვენი „ჯორდანაა“, ასე ვეძახდით მეგობრები. ძალიან წესიერი და კარგი ბიჭი იყო. 10 წელი „ჭიათურის მაღაროელში“ თამაშობდა. რა მოხდა არ ვიცით, მაგრამ რა ინფორმაციებსაც გვაწვდიან, ბიჭი ცემით მოკლეს კარაბინელებმა. საქართველოში გამიშვითო, ითხოვდა. 8 წელია საზღვარგარეთაა, თავის საქმე ჰქონდა. რა უნდა დაეშავებინა, უწესიერესი ბიჭი იყო?!“ - განუცხადეს „2020NEWS”-ს „ჯორდანას“, იგივე ვახო ჯოხაძის თანაკლასელებმა.

გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის საქმის გამოძიებას და ქართული მხარის მიერ დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ მისი ოჯახის წევრები და მეგობრები. მათ მიაჩნიათ, რომ ოფიციალურად გავრცელებული ვერსია მისი გარდაცვალების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

ვახო ჯოხაძის იტალიელი სამართალდამცავების მიერ მკვლელობაზე საუბრობენ ქართველი ემიგრანტებიც.

 “ძალიან გთხოვთ გაავრცელეთ ეს ამბავი. სიტყვები არ მყოფნის. ეს რამხელა ტრაგედია დატრიალდა.  არ ვიცი საიდან დავიწყო და რა გითხრათ. გთხოვთ გაავრცელეთ ეს ამბავი, რომ მოგვაქციონ ყურადღება! ჩვენც ადამიანები ვართ… “შოთო სიხარულიძე ქარველი ემიგრანტები” - ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ სოციალურ ქსელში “ემიგრანტების” მიერ შექმნილ სპეციალურ ჯგუფში.

იტალიაში გარდაცვლილი ქართველი 37 წლის ვახო ჯოხაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა, ემიგრანტები გამოთქვამენ ეჭვს, რომ ის მოკლეს.

“მოკლეს ქართველი იტალიაში გორიციას სადეპორტოში. 3 თვე სადეპორტოში იყო ვახო, იხვეწებოდა მე ვიყიდი ბილეთს და წავალო. გასკდა გული გასკდა, გათიშეს ისეთი რაღაც დაალევინეს, ცუდად ვარო იძახდა მთელი დღე. საელჩო დაგვიდგა გვერდით რაც შეეძლო. ინფორმაციას გვაწოდებდა…” - წერენ სოციალურ ქსელში.

RaiNews-ის ინფორმაციით, 14 იანვარს გრადისკა დ’იზონცოს მიგრანტთა ბანაკში სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს. სამართალდამცველებმა ისინი გააშველეს, კონფლიქტში მონაწილეები საბოლოოდ, დააკავეს. მათ შორის იყო ვახო ჯოხაძეც.

ციხეში ქართველი შეუძლოდ გახდა და ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, 19 იანვრის ღამით მას გულის შეტევა დაემართა და დაიღუპა. ჯერჯერობით, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის. მიმდინარეობს გამოძიება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დამატებით განმართებებს არ აკეთებს.

ზალკალიანის უწყებაში „2020NEWS“-ს განუცხადეს, რომ მომხდარის შესახებ იტალიაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია.

„საკონსულო მომხდარის შესახებ საქმის კურსშია. მიღებულია ოფიციალური შეტყობინება, რომ წინასწარი მონაცემებით, მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა და მომავალ კვირაში ჩატარდება ექსპერტიზა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება“, - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, იტალიაში, ქართველი ემიგრანტის, ვახო ჯოხაძის გადაცვალების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ პრესაში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე სადეპორტო დაწესებულებაში გარდაიცვალა.