ნიკოლოზ მეტრეველი: მიმდინარე ცვლილებები პრეზიდენტ პუტინის მიერ პუტინისათვის ძალაუფლების გადაცემას ემსახურება
ნიკოლოზ მეტრეველი: მიმდინარე ცვლილებები პრეზიდენტ პუტინის მიერ პუტინისათვის ძალაუფლების გადაცემას ემსახურება

A+ A-

07:41 17/01/2020

რუსეთში დიდი ხნის მოსალოდნელი ოპერაცია „პუტინის მემკვიდრე“ უკვე ოფიციალურად დაიწყო. პასუხი კითხვაზე, რომელიც გააჩნდათ პოლიტიკოსებს და ექსპერტებს მთელ მსოფლიოში -აპირებს  თუ არა პუტინი, რომლის 20 წლიანი მმართველობის „იუბილე“ სულ რაღაც ორი კვირის წინ „აღინიშნა“, 2024 წლის შემდგომაც რუსეთის მმართველად დარჩენას-გაცემულია. სანამ პრეზიდენტ პუტინის ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმს გავეცნობით, საჭიროა გავცეთ პასუხი კითხვას: რატომ ამჟამად? იმიტომ, რომ თუ პრეზიდენტ პუტინს გადაწყვეტილი აქვს მომავალშიც შეინარჩუნოს ძალაუფლება და გააძლიეროს პარლამენტის უფლებები, ამისათვის საჭიროა: 1.კონსტიტუციური ცვლილებები კანონიერი გზებით და წესებით. ამას კი დრო სჭირდება. 2.  კონსტიტუციური ცვლილებების რეფერენდუმის გზით მიღება, რასაც ასევე შესაბამისი დრო სჭირდება. 3.წარმოდგენილი ცვლილებები ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებების ნაწილის პარლამენტისათვის გადაცემას,  საპარლამენტო არჩევნები კი რუსეთში უკვე მომავალ წელს ტარდება. ფაქტი , რომ პუტინი უკვე ახლა იწყებს მოქმედებას და არ უცდის პარლამენტის არჩევნებს, მეტყველებს იმაზე, რომ მას მცირე დრო აქვს და ბოლომდე არ არის დარწმუნებული საკუთარ მომავალში.

გავეცნოთ ძირითად საკითხებს, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის მიმართვაში გაჟღერდა. ალბათ, ყველაზე საინტერესო, თუ რა ფორმალური პოზიცია ექნება პუტინს რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში, მისი მიმართვიდან არ სჩანს, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ: პუტინს რუსეთის პოლიტიკურ კონფიგურაციაში ექნება მსგავსი როლი, როგორიც ნაზარბაევს გააჩნია ყაზახეთში. პარლამენტს (სახელმწიფო დუმას) ექნება მეტი უფლებები: ის დაამტკიცებს არა მხოლოდ პრემიერს, არამედ ვიცე-პრემიერებს და ყველა მინისტრს. ფედერაციის საბჭოს მიეცემა უფლება გაიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები და პრეზიდენტი ვალდებული იქნება სენატორებთან კონსულტაცია გაიაროს ძალოვანი მინისტრების დანიშვნისას. შესაბამისად, სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა ხდება მხოლოდ საპრეზიდენტო. ამ სისტემით საინტერესოა სახელმწიფო საბჭოს მოდელი, რომლის სტატუსიც რუსეთის კონსტიტუციაში საერთოდ არ იყო ასახული.

პუტინი თავის მიმართვაში მოითხოვს სახელმწიფო საბჭოს სტატუსის და უფლებების ასახვას კონსტიტუციაში, სწორედ აქ ხედავენ იურისტები და პოლიტოლოგები ხელისუფლების შენარჩუნების და ზემოქმედების ბერკეტს. პოლიტიკაში არსებობს ისეთი ცნება როგორიც არის „ვეტო მოთამაშე“, რომელსაც გააჩნია საშუალება შეაჩეროს ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ვის გარეშეც ვერ მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები. სწორედ ასეთი ფუნქცია აირჩია სამომავლოდ ამ ეტაპზე პრეზიდენტმა პუტინმა საკუთარი თავისათვის. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რუსეთის შიდა კანონები ხდება პრიორიტეტული საერთაშორისო კანონებთან მიმართებაში. აქვე, ყურადღება უნდა მივაქციოთ პუტინის ფრაზას, რომელიც მისთვის ნებისმიერი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა: „პრეზიდენტის ორი ვადით არჩევის შეზუდვა პრინციპული არ არის, მაგრამ მე მხარს ვუჭერ, რომ ის დარჩეს როგორც არის“. რუსეთის საერთაშორისო და შიდა პოლიტიკური პრობლემების ფონზე პუტინის ამოცანა- „დათმოს ხელისუფლება ხელისუფლების დათმობის გარეშე“ -სრულებით არ არის მარტივი ამოცანა. ამიტომაც, ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო რუსეთში ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილებები, რომლის მიხედვითაც პუტინისათვის  გარანტირებული იქნება პირადი უსაფრთხოებაც და შესაბამისად, ხელისუფლებაში დარჩენაც პოლიტიკურ მწვერვალზე ფორმალურად ყოფნის გარეშე.

რუსეთში დაწყებული ახალი პოლიტიკური პროცესები ბუნებრივია, გავლენას მოახდენს როგორც გარე სამყაროზე, ისევე საქართველოზე. საინტერესოა, დასჭირდებათ თუ არა საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებს რუსეთისადმი საკუთარი მიდგომების შეცვლა? ამ ეტაპზე საქართველოსათვის რუსეთში მიმდინარე პროცესები რაიმე კარდინალურ ცვლილებებს არ მოასწავებს. იმდენად, რამდენადაც პუტინი ისევ რჩება ხელისუფლებაში ამა თუ იმ სტატუსით, უნდა ვივარაუდოთ რუსეთის იგივე საგარეო პოლიტიკის გაგრძელება. შესაბამისად, საქართველო და მისი დასავლელი მოკავშირეები უნდა მზად იყვნენ კონფლიქტური და მთლიანობაში ძალიან რთული ურთიერთობისათვის კრემლთან, რომელიც მრავალი ფაქტორით იქნება განპირობებული. მიმაჩნია, რომ ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, როდესაც ვიცით, რომ მიხეილ მიშუსტინი პრემიერი იქნება,  რაც შეეხება რუსეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრებს - ბატონი ლავროვი წელს 70 წლის სრულდება და ის თავის თანამდებობას 2004 წლიდან იკავებდა. თუნდაც მისი საპენსიო ასაკი შეიძლება გახდეს მისი საბოლოოდ შეცვლის საფუძველი. მისმა შეცვლამ შეასაძლოა (კოსმეტიკური, ცხადია) უკეთესი და დადებითი ტენდენციები გააჩინოს რუსულ -ამერიკულ და შესაბამისად, ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. თავდაცვის მინისტრი შოიგუ, შედარებით „ახალი“ (2012 წლიდან )მინისტრია და აქ ცვლილება ნაკლებად სავარაუდოა. სხვა საკადრო ცვლილებები (თუ არ ჩავთვლით საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვან ჩრდილო -კავკასიურ რეგიონალური ლიდერების მოსალოდნელ როტაციას), ნაკლებად სავარაუდოა. ასე რომ, რუსეთის პოლიტიკა, რომელიც ტრადიციულად მრავალ კითხვას ტოვებს, მაინც გვაძლევს საშუალებას იმ ფაქტის კონსტატაციის, რომ მიმდინარე ცვლილებები პრეზიდენტ პუტინის მიერ პუტინისათვის ძალაუფლების გადაცემას ემსახურება.

ნიკოლოზ მეტრეველი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ დირექტორი