ირანში ბრიტანეთის ელჩი ჯერ დააკავეს, ახლა კი პერსონა ნონ გრატად აცხადებენ
ირანში ბრიტანეთის ელჩი ჯერ დააკავეს, ახლა კი პერსონა ნონ გრატად აცხადებენ

A+ A-

14:11 15/01/2020

“თეირანში ბრიტანეთის საელჩოსთან შეკრებილმა პროსახელისუფლებო აქციის მონაწილეებმა ბრიტანეთის ელჩის სურათი დაწვეს,  ელჩს პერსონა ნონ გრატა უწოდეს და ქვეყნიდან მისი გაძევება მოითხოვეს”, - ამის შესახებ გამოცემა "გარდიანი" ირანის სასამართლო სისტემის პრესსპიკერის, გოლამჰოსეინ ისმაილის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

“საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ასეთი პირი პერსონა ნონ გრატაა. ხალხი ამ პირის გაძევებას ელოდება და სწორედ ამას ითვალისწინებს საერთაშორისო სამართალი“, – განაცხადა ისმაილიმ.

გამოცემის ინფორმაციით, ირანის ხელისუფლებამ ბრიტანელი დიპლომატი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში მას შემდეგ დაადანაშაულა,  რაც დიპლომატი რობერტ მაკაირი თეირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე რამდენიმე საათით დააკავეს.

ცნობისთვის, პროსახელისუფლებო აქციაზე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის დროშებიც დაწვეს. ირანში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 11 იანვარს ხელისუფლებამ "უკრაინის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდება აღიარა.

შეგახსენებთ,  თეირანში უკრაინული თვითმფრინავი „ბოინგ 737“ 8 იანვარს ჩამოვარდა, რის შედეგადაც, ირანის - 82, კანადის - 63, უკრაინის - 2 (+9 ეკიპაჟის წევრი), შვეციის -10, ავღანეთის - 4, გერმანიის - 3, ბრიტანეთის - 3 მოქალაქე, ჯამში 176 ადამიანი გარდაიცვალა.