ქრისტე იშვა ბეთლემსაო...სად მდებარეობს თბილისის ბეთლემი?
ქრისტე იშვა ბეთლემსაო...სად მდებარეობს თბილისის ბეთლემი?

A+ A-

17:57 05/01/2020

ქრისტეს შობას თბილისის ბეთლემიდან გილოცავთ, კლდის უბნიდან, ან თუ გნებავთ ფეთხაინიდან . ფეთხაინი - „ბეთ ხა -ხაიმ“ ებრაულად ნიშნავს სიცოცხლის სახლს, ასე უწოდებდნენ ებრაელები სასაფლაოს. ამჯამინდელ ბეთლემის აღმართსა და გომის ქუჩის მიდამოებში ებრაელთა სასაფლაოსა და სალოცავის არსებობას უკავშირდება ეს სახელწოდება, რაც შეეხება ბეთლემს, ისიც ებრაული წარმოშობისაა „ბეთ“ ნიშნავს სახლს, „ილი“-ღვთისას. ბეთლემის უბანში პირველი ღვთის სახლის აგება ვახტანგ გორგასალს უკავშირდება და მე-6 საუკუნით თარიღდება. თ. ბერიძის თანახმად, „ბეთლემის“ ( ფეთხაინის) მაცხოვრის შობის ზედა ეკლესია, ყოფილი ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია მდებარეობს კლდისუბანში... ეკლესია ადგას ძველ ქრისტეანულ სამლოცველოს“. ტრადიციის თანახმადმ, წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის დედა და და სწორედ ამ ტაძარში არიან დაკრძალულნი. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ტაძარში ბიჟუტერიის საამქრო გაუხსნიათ. იქვე მდგარი, მე-17 საუკუნეში აგებული სამრეკლო კი საცხოვრებელ ფართად იყო გამოყენებული.

საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ტაძარი საპატრიარქოს გადაეცა და აღდგა ღვთისმსახურება. რაც შეეხება იქვე, 50 მეტრში მდგომ ბეთლემის მაცხოვრის შობის ქვემო ეკლესიას, მისი აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, ეს იყო თბილისის გალავანში მოქცეული ქართული მართლმადიდებლური, მცირე ზომის დარბაზული ტიპის ნაგებობა, რომელიც დამპყრობელთა შემოსევებს შეეწირა. ეკლესიის აღდგენა დაკავშირებულია ამ ტერიტორიაზე მე-18-მე-19 საუკუნეების მიჯნაზე დასახლებულ ბებუთოვების გვარს. ბებუთოვები ირანიდან შემოვიდნენ თბილისში. მათ მეფე თეიმურაზ II-მ აზნაურობა უბოძა, ხოლო მეფე ერეკლემ - თავადობა. ამის შემდეგ, ბებუთიშვილების გვარით იხსენიებოდნენ და მამასახლისის წოდებაც მემკვიდრეობით გადაეცემოდათ. თავდაპირველად დანგრეული ეკლესიის აღდგენა დაიწყეს, 1840-1875 წლებში კი - იღუმენი გაიანე ბებუთოვას მეშვეობით ძველი ეკლესიის ადგილზე ახალი ტაძარი აშენდა და მასში განთავსდა წმინდა სტეფანოზის სახელობის დედათა მონასტერი.

ეკლესიის შენობას 1910 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია; 1920 წლიდან შეწყდა ღვთისმსახურება და სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. სამონასტრო ნაგებობები კი საცხოვრებელ სახლებად გადააკეთეს. 1988 წელს ტაძარი საპატრიარქოს გადაეცა და მაცხოვრის შობის სახელზე აკურთხეს.

მასალა მოამზადა ნინო გედენიძემ

(ფოტოები ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტო მატიანედან)