რატომ ვერ ასრულებს ხელისუფლება ჭიათურის საბაგირო გზების მშენებლობას?!
რატომ ვერ ასრულებს ხელისუფლება ჭიათურის საბაგირო გზების მშენებლობას?!

A+ A-

14:54 23/12/2019

ჭიათურაში ახალი საბაგირო გზების მშენებლობა 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

მრავალმილიონიანი პროექტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ უნდა დასრულებულიყო, ჯერ კიდევ მშენებლობის სტადიაშია.

როგორც „2020NEWS“-ს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, პროექტის განსაზღვრულ ვადაში დასრულება რამდენიმე მიზეზის გამო ვერ მოხერხდა.

მათ შორისაა, შეზღუდული დენის გრაფიკი, რამაც დაგეგმილი სამუშაოები შეაფერხა.

„სამწუხაროდ, ვადებმა გადაიწია. ჭიათურაში საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების განახლება გრძელდება და გაზაფხულზე დასრულდება. სამუშაოები ახლა აქტიურ ფაზაშია. შეზღუდული დენის გრაფიკის გამო, სამუშაობმა გადაიწია.  ერთი ხაზი უკვე გაჭიმულია და დანარჩენ სამზე მიდის სამუშაოები და ტესტირება. ყველაფრით დასრულდება გაზაფხულზე“, - აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

აღსანიშნავია, რომ ახალი საბაგიროების მშენებლობის პროცესი, რომელიც 2016 წლის ზაფხულში დაიწყო, ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მშენებელმა კომპანიამ მისი დასრულება, რამდენჯერმე დაანონსების მიუხედავად, ჯერ კიდევ ვერ მოახერხა.

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ირწმუნებოდა, რომ მშენებლობა ამჯერად უკვე მართლა დასრულდებოდა 2019 წლის ბოლოს, მაგრამ მშენებელი კომპანია დანაპირებს ვერც ამჯერად ასრულებს და რამდენჯერმე გადაწეულ ვადას კიდევ ერთი ვადა დაემატა, ახლა უკვე 2020 წლის გაზაფხული.

აღსანიშნავია, რომ ჭიათურაში არსებული სამგზავრო საბაგირო გზების სისტემების და სადგურების სრული რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები ცენტრალური სადგურიდან გამავალი 3 მიმართულებით, 2016 წლის ივნისში დაიწყო.

ტენდერში კომპანია „დაგი-სკიმ“ გაიმარჯვა, ისე, რომ აღნიშნულ კომპანიას საბაგირო გზების მშენებლობის სპეციფიური გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა. შესაბამისად, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების კომპანია „დაგი“ პროექტის დასრულებას ვერ ახერხებს.

როგორც „2020NEWS”-თვით არის ცნობილი, ოფიციალურად გაცხადებული მიზეზის გარდა, პროექტის დაგვიანება სხვა მიზეზებმაც გამოიწვია, მაგალითად ფინანსურმა პრობლემებმა, რომელსაც ხელისუფლებაც მალავს და „დაგიც“.

ცნობისათვის, ჭიათურის ახალი საბაგირო გზები საქართველო-საფრანგეთის ერთობლივი პროექტია, რომლის ბიუჯეტი საწყის ეტაპზე 13,2 მილიონი ევრო იყო, რასაც მოგივანებით, 10 592 529 ლარი დაემატა. რატომ გაიზარდა პროქტის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარზე მეტით, ჯერჯერობით, გაურკვევლი და ბუნდოვანია.

როგორც ხელისუფლება აცხადებს, სამმხრივი საბაგირო გზების მშენებლობა, რომელსაც „დაგი-სკი“ ახორციელებდა, 7 877 098 ლარი ჯდებოდა, ხოლო 2017 წლის ივნისში მას კიდევ ერთი გზა - საბაგირო გზის მეოთხე მიმართულების - მუხაძის რეაბილიტაცია დაემატა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამხანაგობა „დაგი სოლუშენი“ ახორციელებდა და პროექტის ღირებულებას 2 869 977 ლარი დაემატა.

ამ ხაზის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მის დასრულებამდეც ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოებია დარჩენილი. დიდი ალბათობით, აღნიშნული პროექტის დასრულება ხელისუფლებას 2020 წლის გაზაფხულზეც გაუჭირდება. სამაგიეროდ, დიდი ზარ-ზეიმით გახსნის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, სავადაუდოდ, მომავალი წლის ოქტომბრის დასაწყისში.

როგორი იქნება ან რამდენად უსაფრთხოდ იქნება პროექტი დასრულებული, ეს მაშინ გაირკვევა, როდესაც მშენებლობა დასრულდება, თუმცა „2020NEWS“ ცოტა ხნის წინ იმ ხარვეზებზე წერდა, რომელიც უკვე სახეზეა და რასაც აღარაფერი ეშველება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის ივნისში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქალაქ ჭიათურის ცენტრში, ასწლოვანი ხეები ისე მოჭრეს, რომ ამ დრომდე არ არსებობს პასუხი, რა აუცილებლობას წარმოადგენდა მისი მოჭრა, ან რატომ არ იყო გათვალისწინებული დამტკიცებულ პროექტში მწვანე ზოლის განადგურება.

ცნობისთვის, ყოფილ საბჭოთა კავშირში, პირველი სამგზავრო საბაგირო გზა სწორედ ჭიათურაში აშენდა. ბოლო 30 წელია ხაზები და გონდოლები თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა და მგზავრებს საფრთხეს უქმნიდა. ამიტომ, სამგზავრო საბაგიროს მუშაობა შეწყდა და მთაგორიანი რელიეფის ქალაქი ამ ტრანსპორტის გარეშე დარჩა.

პროექტი საქართველოს და საფრანგეთის მთავრობების მიერ ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 40 მილიონი ლარს აღწევს. 2018 წელს ქალაქში მოქმედი სამგზავრო საჰაერო საბაგიროებით დაინტერესდა კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პან-ევროპული ქსელი „ევროპა ნოსტრა“.

ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ერთად, „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ 12 ფინალისტს შორის მოხვდა, რითიც საერთაშორისო საზოგადოებამ საბაგირო გზების ქსელის გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა.

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი აღიარება უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოს ინდუსტრიულ ძეგლებთან მიმართებით და პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ძალების მობილიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლების რეაბილიტაციის დასაჩქარებლად.