"14 დეკემბრის აქციაზე მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართული მერების წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები"
"14 დეკემბრის აქციაზე მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართული მერების წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები"

A+ A-

18:29 13/12/2019

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ზელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, რომ ისინი 14 დეკემბრის აქციაზე როგორმე მიიყვანონ. არასამთავრობოების განცხადებით, ამ პროცესში მმართველი პარტიის რეგიონალური ოფისები არიან ჩართული.

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, რასაც “2020NEWS” უცვლელად გთავაზობთ:

„14 დეკემბერს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში პარტიულ ღონისძიების ფარგლებში ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავს, რომელიც, პარტიის განცხადებით, საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას უკავშირდება.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და საკრებულოს დეპუტატები. კონკრეტულად,

მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს, ა(ა)იპ და სსიპ-ების თანამშრომლებს მოუწოდებენ გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე. ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს.

ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით.

საჯარო მოხელეებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლების გარდა, ზუგდიდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქციაზე წასვლის შესახებ გაფრთხილებულები არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან პირად საუბარში გამოხატავენ შიშს, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნებათ.

ხელმომწერი ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ საჯარო მოხელეებისა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ზეწოლის/იძულების ნებისმიერი ფორმა. ამასთან, მაქსიმალურად უზრუნველყონ დაგეგმილი პარტიული ღონისძიების გამიჯვნა საჯარო სამსახურის და თვითმმართველობების საქმიანობისგან, და თავი შეიკავონ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანისგან”,- -აღნიშნულია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ:  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF).