"ამერიკელებს ყველაზე მეტად ის აშფოთებთ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულები მშვიდობიან მომიტინგეებს რომ უპირისპირდებიან" - ხათუნა სამნიძე
"ამერიკელებს ყველაზე მეტად ის აშფოთებთ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულები მშვიდობიან მომიტინგეებს რომ უპირისპირდებიან" - ხათუნა სამნიძე

A+ A-

18:04 13/12/2019

„შეერთებულ შტატებში ყველაფრის საქმის კურსში არიან, რაც საქართველოში ხდება. სერიოზულად აკვირდებიან მიმდინარე პროცესს“, - განუცხადა „2020NEWS“-ს რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ, რომელიც რამდენიმე დღეა შეერთებულ შტატებში იმყოფება. 

ხათუნა სამნიძესთან ერთად შეერთებულ შტატებში  „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ელენე ხოშტარია, „ნაციონალური მძრაობის“  ლიდერები ხატია დეკანოიძე და სალომე სამადაშვილი იმყოფებიან.

როგორც სამნიძემ სააგენტოს განუცხადა, მათ ყოველდღიური შეხვედრები აქვთ, როგორც კონგრესსა და სენატში, ასევე საქართველოს საკითხებზე მომუშავე ფონდებსა და ჟურნალისტებთან.  პოლიტიკოსი ქალები მათ საქართველოში მიმდინარე, ცხელი პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. თუმცა, სამნიძის თქმითვე, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის დაინტერესებული პირები და ორგანიზაციები  კარგად ფლობენ ინფრმაციას აქაურ პროცესებზე.

„ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა, როგორც კონგრესში, ისე სენტაში, ფონდებში და ასევე ჟურნალისტებთანაც. ჩვენ შეხვედრები გვქონდა ყველა იმ ადამიანთან, ვინც საქართველოს საკითხებითაა დაინტერესებული. მათ დაწვრილებით იციან ის მიმდინარე პროცესები, რაც საქართველოში ხდება თუმცა შეხვედრების დროსაც მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდებოდა, რომ ჩვენც გვიწევდა მათთვის ახალი ინფორმაციების მიწოდება.

მათთვის ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ძალადობა ხშირდება და მშვიდობიან მოქალაქეებს უპირისპირდებიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულები საბიუჯეტო ორგანიზაციებთან, ან პარტიასთან. ეს ღიად ჩანს და ჩვენც ვუდასტურებთ ამ ინფორმაციას პარტნიორებს შეერთებულ შტატებში. სიღრმისეულად ვაწვდით ინფორმაციებს.

მიუხედავად იმისა,რომ აქ ძალიან სერიოზული გამოწვევებია  ქვეყნის შიგნით, პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტზე  დაძაბული მსჯელობა მიმდინარეობს,  საქართველოს საკითხებზე მომუშავე ადამიანები და ორგანიზაციები ძალიან დაინტერესბეულები არიან ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით. ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ის, რომ საქართველომ დაიცვას ყველა  სტანდარტი და ფასეულობა, რაც აქვს დეკლარირებული,  როგორც  ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ ქვეყანას და როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორს. ისინი მომავალშიც გააგრძელებენ საქართველოში განვითარებულ პროცესებზე დაკვირვებას.  რაც მთავარია, ყოველთვის მზად არიან, მხარი დაუჭირონ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას“, - განუცხადა „2020NEWS“-ს რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა.

სამივე პარტიის ლიდერები საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან.

რუს მუმლაძე