საპროტესტო აქციაზე დაკავებულების ადვოკატმა სასამართლოზე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა
საპროტესტო აქციაზე დაკავებულების ადვოკატმა სასამართლოზე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა

A+ A-

20:34 19/11/2019

18 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატებმა მოსამართლის მიუკერძოებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს და ახალი შემადგენლობის დანიშვნა მოითხოვეს.

„საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი და თქვენთვისაც, რომ წინა საქმე, რომელიც თქვენ განიხილეთ 6 პირის მიმართ, არის იმავე ფაქტთან დაკავშირებით, რა ფაქტთან დაკავშირებითაც ამ ადამიანების საქმე იხილება. ეს არის პოლიტიკური საკითხი, პოლიტიკური უფლებების დაცვის დროს მოხდა ამ ადამიანების დაკავება.

წინა პროცესზე თქვენ არ მოგვეცით საშუალება დაცვის მხარეს გვქონოდა და გვესარგებლა იმავე უფლებებით, რა უფლებებითაც სარგებლობდა ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე. სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე პრიმა მუხლის თანახმად, თქვენ გქონდათ საშუალება, სამი დღის ვადაში განგეხილათ წინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, თუმცა თქვენ ეს არ გამოიყენეთ და მიუხედავად ჩვენი დასაბუთებული შუამდგომლობისა, არ მოგვეცით ვადა, რათა ჩვენც შეგვეკრიბა დაცვისთვის საჭირო მტკიცებულებები.

ძალიან პირდაპირი განცხადება იყო თქვენი, როდესაც შეგვეკითხეთ კიდეც, ჩემი აზრით, ცოტა შეურაცხმყოფელადაც კი თუ რატომ ვერ გამოვიყენებდით ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებებს ჩვენს სასარგებლოდ.

ასეთი კითხვაც კი გაგიჩნდათ. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის დ ქვეპუნქტის თანახმად, ყველაფერი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, რაც მე მოვყევი, ბადებს ეჭვს თქვენს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ყოველივე, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვშუამდგომლობთ, აცილებული იქნას აღნიშნული საქმე თქვენი განხილვიდან და დაინიშნოს სხვა შემადგენლობა“, - განაცხადა ადვოკატმა გოგა ონიანმა.

გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

 

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული.