ზუკა ბერძენიშვილის და სხვა 5 დაკავებულის სასამართლოც გადაიდო
ზუკა ბერძენიშვილის და სხვა 5 დაკავებულის სასამართლოც გადაიდო

A+ A-

19:28 19/11/2019

„მონებო", „ ვალერიან მონა"- ამ შეძახილებით და სტვენით შეხვდნენ აქციის დროს დაკავებულთა ახლობლები თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის მიერ პროცესის 1 საათით გადადებას.

მოსამართლეს დაკავებულთა მხარდამჭერები პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებაში ადანაშაულებენ, რათა რუსთაველის გამზირზე 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას ვერ შეუერთდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, რომელიც დამატებითი მტკიცებულების მოპოვების მიზეზით გადაიდო.

მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს ელგუჯა ბაგრატიონის, გურამ მჭედლიშვილის, ბექა ბასილაიას, ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი ბუნტურისა და ლუკა ჭიჭინაძის საქმეებს.

მანამდე, იმავე მოსამართლემ 2 საათით, 17:00 საათამდე გადადო 18 ნოემბერს დაკავებული 37 პირიდან კიდევ ერთი ექვსეულის სასამართლო პროცესი, რომელიც ამ დრომდე არ განახლებულა. ესენი არიან: გიგა მაქარაშვილი, პაატა სოსანაშვილი, ირაკლი ნადირაძე, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი და დავით მჟავანაძე.

ამ წუთებში სასამართლოში მესამე ექვსეულის პროცესი მიმდინარეობს.

გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

ცნობისთვის, 18 ნოემბერს პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი - ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავა 37 პირი. მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტები გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი, ადვოკატი ბექა ბასილაია, 20 ივნისის აქციის ძალით დაშლისას დაშავებული ირაკლი ფავლენიშვილი და პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

18 ნოემბერს საღამოს, სამართალდამცავებმა დაშალეს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი.

შსს-მ აქციის დაშლის საფუძვლად დაასახელა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის მე-9 მუხლის დარღვევა. კერძოდ, ის, რომ კანონით აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ფორმალურად არსებობდა პიკეტირების აქციის დაშლის საფუძველი, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის ეს ფორმა განაპირობა და არც ის, რომ გამომწვევ მიზეზზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება 17 ნოემბერს, ღამით დაიწყეს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასავლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნისადმი პროტესტის ნიშნად. 18 ნოემბერს დილით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს რამდენიმე დეპუტატი. ჩაიშალა დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და ბიუროს სხდომები. პარლამენტმა ბიუროს სხდომა პიკეტირების აქციის დაშლის შემდეგ, საღამოს რვის ნახევარზე ჩაატარა.

შეგახსენებთ, 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის, ვადამდელი პროპორციული არჩევნების დანიშვნისა და 20-21 ივნისის აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნებით.