მეორადი ავეჯი უფრო იაფი ჯდება - პრეზიდენტის ადმინისტრაცია ანტიკვარიატის შეძენაზე
მეორადი ავეჯი უფრო იაფი ჯდება - პრეზიდენტის ადმინისტრაცია ანტიკვარიატის შეძენაზე

A+ A-

18:29 19/11/2019

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სახელმწიფომ პირველად შეძლო მსგავსი ტიპის შესყიდვა", — ასე ეხმაურება პრეზიდენტის ადმინისტრაცია მათ მიერ ათონელის რეზიდენციისთვის ანტიკვარიატის შეძენას.

მათი თქმით, ეს ემსახურებოდა საზოგადოებისთვის და მომავალი თაობებისთვის კულტურული ფასეულობების შენარჩუნებას.

"ასევე, ეკონომიური და ფინანსური თვალსაზრისით, მეორადი და ანტიკვარული ავეჯი საქართველოს პირობებში უფრო იაფი ჯდება, ვიდრე თანამედროვე სტილის ქარხნული ავეჯის შეძენა. ეს ეკუთვნის საქართველოს და ეს ეკუთვნის პრეზიდენტის ადმინისტრაციას", - აღნიშნავენ ადმინისტრაციაში.

მათივე თქმით, ორბელიანების სასახლე აღიჭურვა ინვენტარით, რომელიც ისტორიულად დამახასიათებელი იყო მსგავსი ტიპის შენობებისთვის საქართველოში და ემსახურებოდა ორბელიანების სასახლის ისტორიული იერსახის აღდგენას.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა დღეს, 19 ნოემბერს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ათონელის რეზიდენციისთვის ანტიკვარულ ნივთებში 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

IDFI წერს, რომ 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას, რომლის შერჩევაშიც ეროვნული მუზეუმის სამუშაო ჯგუფი იყო ჩართული. გარდა ამისა, 255 000 ლარი ამ ნივთების რესტავრაციას დასჭირდა, ხოლო 720 225 ლარი თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას.