ოქრუაშვილი დამნაშავეა და მონაწილეა იმ უბედურებაში, რაც ჩემს შვილს მოუწყვეს - ია მეტრეველი
ოქრუაშვილი დამნაშავეა და მონაწილეა იმ უბედურებაში, რაც ჩემს შვილს მოუწყვეს - ია მეტრეველი

A+ A-

16:29 19/11/2019

დიდი ხანი ვითხოვდი, ოქრუაშვილი ყოფილიყო ბრალდებული ჩემი შვილის საქმეში, ყველა დამნაშავე მიეცემა პასუხისგებაში - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.

„ჩემთვის ახალი არ არის, რომ ოქრუაშვილი არის დამნაშავე და ნამდვილადაა მონაწილე იმ ფარსში, იმ უბედურებაში, რაც ჩემს შვილს მოუწყვეს. არ აკმარეს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობა. მას ბანდიტობა დააბრალეს და მის მეგობრებს, ანგელოზ ბავშვებს უსაზღვრო რაოდენობით იარაღი დაულაგეს, გაუმწარეს ახალგაზრდობა და ციხეში ამყოფეს.

დღევანდელი ინფორმაცია ჩემთვის ჟურნალისტებისგან გახდა ცნობილი. დიდი ხანი ვითხოვდი, რომ ოქრუაშვილი აუცილებლად ყოფილიყო ბრალდებული ამ საქმეში. ძალიან მოხარული ვარ, თუ მას წარედგინება ბრალი ამ საქმეში“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

ია მეტრეველის თქმით, მისთვის არაერთი ინფორმაცია იყო ცნობილი, რომ ოქრუაშვილმა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ პატრულის იმიჯი არ უნდა შელახულიყო.

„სააკაშვილის კაბინეტში ოქრუაშვილი და სააკაშვილი ერთად წყვეტდნენ ამას. ისიც კი მახსოვს, რომ ბავშვების ერთ-ერთი ადვოკატი შეესწრო ლაპარაკს, როგორ ეუბნებოდა ოქრუაშვილი, ბოდიში ამ ჟარგონისთვის – „ბოლომდე მიაწექით“ და გაწირეთო. პატრულის იმიჯი უნდა შენარჩუნებულიყო. ეს დეტალები ჩემთვის იმ დროიდანვე არის ცნობილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც წერია, რომ ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძს საქმეზე ბრალი დაუმძიმდათ.

“ზურაბ ადეიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით. ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდების შესახებ დადგენილება წარედგინება პენიტენციურ დაწესებულებაში“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.